“მე ალეკო ელისაშვილს ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო!”

16
spot_img

ეს იყო ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე! – მას ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო! – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, როცა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა.

„მინდა გამოვეხმაურო, გუშინ, საკომიტეტო მოსმენაზე მომხდარ ფაქტს. ცხადია, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა. ძალადობის ამ ფაქტმა სწორედ ეს დაადასტურა ოპოზიციის მხარეს. მამუკა მდინარაძემ ამ აგრესიასა და თავდასხმას უკვე უპასუხა ღირსეულად. აჩვენა, რომ ქვეყანა არის უპირველესი და ის, რაც ჩვენ გვევალება და ამომრჩეველმა დაგვავალა, არის უპირველესი. არა პირადი ემოციები, არა აგრესია, არა თავზე კონტროლის დაკარგვა, არამედ ღირსება, სიმშვიდე და პროფესიონალიზმი არის უპირველესი. მან უკვე გასცა ამას პასუხი, მაგრამ მეც მინდა გამოვეხმაურო მომხდარს. ეს იყო ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე. რა მაგალითი მისცა ალეკო ელისაშვილმა ბავშვებს, როგორ დარჩება ეს ფაქტი ისტორიაში, რა მაგალითი მისცა ჩვენს მტრებსაც, ვისაც პარლამენტის ასეთი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ნამდვილად გაუხარდებათ? მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო!“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგენდა, „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ტრიბუნასთან მივარდა და მას ხელი დაარტყა.