Home Blog Page 1085

ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს – უკრაინის საგარეო უწყება

ირაკლი კობახიძის მიერ ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს დამატებით ავნებს, რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაცია” არის საქართველოს რეალური საფრთხე.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომლითაც უწყება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვითარებიდან გამოსავალი კონსტრუქტიული დიალოგის მეშვეობით ეძებონ. მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ჩართულობა არის აუცილებელი პირობა ქვეყნის პროევროპული მომავლის ასაშენებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები “უკრაინიზაციის” შესახებ, რომლის წინააღმდეგაც არის ვითომდა მიმართული “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი, აღშფოთებას იწვევს.

“ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს. რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაციაა”საქართველოს რეალური საფრთხე.

უკრაინა დაინტერესებულია საქართველოში მშვიდობიანი და მეგობრული გარემოთი, ყოველთვის მყარად უჭერდა მხარს და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, – ნათქვამია განცხადებაში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6728 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6728 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6728 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8532 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8473 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“საკანონმდებლო ცვლილება ე.წ. ოფშორთან დაკავშირებით საქართველოში ინვესტიციებისა და კაპიტალის შემოდინებას უწყობს ხელს” – ეკა სეფაშვილი

ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება საქართველოში ინვესტიციებისა და კაპიტალის შემოდინებას უწყობს ხელს, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ოფშორულ კომპანიებს შეეხება.

ეკა სეფაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, პაატა კვიჟინაძეს დაუსვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეუწყობს ხელს ოფშორიდან შემოსული ფული ქვეყნის ეკონომიკას და შეიძლება თუ არა ამასთან დაკავშირებით რაიმე საფრთხე არსებობდეს.

„თუ შეიძლება, საზოგადოებისთვის რომ განვმარტოთ – თუ არსებობს რაიმე თეორიული მიზეზი მაინც იმისა, რომ ცუდი შეიძლება იყოს რომელიმე ქვეყანაში კაპიტალის შედინება? და მოკლედ იქნებ გაგვაცნოთ კაპიტალისა და ინვესტიციების მიზიდვის ის პრაქტიკა, რაც, ზოგადად, არსებობს მსოფლიოში, ევროკავშირი იქნება თუ დასავლეთის სხვა ქვეყნები – როგორ ცდილობენ კაპიტალი მიიზიდონ მათთან. კაპიტალის მიზიდვის დამატებითი ბენეფიტები კი, როგორიც არის ტექნოლოგიების შემოდინება ქვეყანაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა და ა.შ. ეს დამატებითი სარგებელი, რომელიც უნდა მიიღოს ქვეყანამ, რაიმე საფრთხის მატარებელი თუ შეიძლება იყოს, როგორც აქ გამოთქვამენ შიშებს ჩვენი კოლეგა დეპუტატები, რომლებსაც ვითომ ეკონომიკური აღმავლობა უნდათ, მაგრამ, ყველანაირად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან ქვეყანაში ფულის შემოდინება საქართველოს ეკონომიკისთვის დადებითი მოვლენა იქნება.

„თუ არ შემოვა, არც ზარალი იქნება, არც – მოგება. მაგრამ, თუ შევძლებთ ეს ხალხი დავაინტერესოთ, რომ ოფშორებიდან აქტივები საქართველოში გადმოიტანონ, უნდა შევთავაზოთ საშეღავათო საგადასახადო პირობები, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ გაიხსნება ახალი საწარმოები, დაიბეგრებიან, გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს, შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და ეს იქნება სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ომის ზღვარზე ვართ -ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ომის ზღვარზეა.

მისი თქმით, ირანის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების რეჟიმი გაძლიერდება და გაფართოვდება, რათა დასაჯოს თეირანი ისრაელზე განხორციელებული თავდასხმისთვის და აღკვეთოს მომავალი ასეთი თავდასხმები. ამავე დროს, მისი თქმით, ისრაელმა თავშეკავება უნდა გამოიჩინოს.

„არ მინდა გაზვიადება, მაგრამ ჩვენ ომის ზღვარზე ვართ, რეგიონული ომის ზღვარზე ახლო აღმოსავლეთში, რომელიც შოკისმომგვრელ ტალღებს გაუგზავნის დანარჩენ მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროპას. ასე რომ, შევაჩეროთ ის“, – აღნიშნა ბორელმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა გუშინ, ბრიუსელში შეხვედრისას პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ ირანის წინააღმდეგ სანქციებს და სანქციების სამიზნე ღაზაში, იემენსა და ლიბანში მისი მარიონეტებისთვის დრონებისა და რაკეტების მიწოდება იქნება.

“საქართველოს სჭირდება „დებიძინიზაციის“ კანონები” – რასა იუკნევიჩიენე

საქართველოს სჭირდება „დებიძინიზაციის“ კანონები და არა რუსული კანონი უცხოური აგენტების შესახებ, თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის კრემლის აგენტებისგან გაწმენდას.

„სრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც აპროტესტებენ უცხოური აგენტების შესახებ კანონს, რადგან ეს კანონი რუსეთში მიდის და არა ევროკავშირში“, – წერს ევროპარლამენტარი.

ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან

„უკრაინა დამარცხებისაკენ მიექანება: დასავლეთის უუნარობა კიევისათვის იარაღით უზრუნველყოფაში ვლადიმერ პუტინს ომში მოგებისათვის ეხმარება“ავტორთა საინიციატივო ჯგუფი (გია მაჭარაშვილი, დათო ევგენიძე, კახა ცაბაძე და სხვები. ) საქართველოს ხელოვანთა სახელით ღია წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დააყენა გახლეჩისა და დაქსაქსვის წინაშე. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც ქართველები ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით, ერთმანეთთან ბრძოლებით საკუთარ ერთობას ძირს ვუთხრიდით, ჩვენი ქვეყნის მტრებს სწორედ მაშინ უმარტივდებოდათ გათითოკაცებულ საქართველოში მიზნების მიღწევა და ჩვენი დასუსტება.

დღეს ამის დრო არ არის! თვალნათლივ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა საკუთარი ისტორიის ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპზეა, რომლის საბოლოო შედეგი განსაზღვრავს საქართველოს, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების განვითარებას, კეთილდღეობასა და მომავალს, მხოლოდ ემოციების აყოლა და რაციონალურობის დაკარგვამ კი, შესაძლოა, დიდი განსაცდელის წინაშე დაგვაყენოს. დღეს სწორედ ჩვენი თაობაა ამ ისტორიული პროცესის მონაწილე და თუკი არ გვსურს ჩვენი წინაპრების ნაშენები კედელი ჩამოიშალოს და მომავალ თაობებს თვალი ვერ გავუსწოროთ, უნდა გავიაზროთ, რომ ერთიანობა ერთადერთი გამოსავალია.

ღრმად გვწამს, რომ მხოლოდ ერთიან, მტკიცედ მდგარ ქართველ ერს შეუძლია საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა და მათთვის ღირსეული პასუხის გაცემა, ვინც მის ხელყოფას შეეცდება. მხოლოდ ქართველი ხალხის ერთიანობით შეგვიძლია მოვიპოვოთ სიმშვიდე და მშვიდობა, რაც კეთილდღეობის, განვითარების, ფეხზე მყარად დგომის, ნათელი მომავლისა და გაერთიანებული საქართველოს საწინდარია.

დღეს, თუკი გვსურს საკუთარი ბედი და მომავალი თავად განვსაზღვროთ, საკუთარი სუვერენიტეტი დავიცვათ და გავამყაროთ, მალე დავიბრუნოთ დიდი ხნის კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში არა საკუთარი ინტერესების დაზიანების, დაპირისპირებისა და არეულობის, არამედ განვითარების, ერთიანობისა და მშვიდობის დროა!”- ნათქვამია განცხადებაში.

ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, რათა ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად -ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება

შეშინებული რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს, მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი, რასაც დაუპირისპირდა სოლიდარული, მტკიცე, ძლიერი და ერთიანი ქართული საზოგადოება, – ამის შესახებ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 6 პარტია აწერს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ასევე ქართველი ხალხის ნებასთან საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

„უკანასკნელ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ სრულიად გაერთიანებული, საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთებით აღსავსე ქართველი ერი და ჩვენს გვერდით მდგარი მთელი ცივილიზებული სამყარო.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „რუსული კანონი“ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გრძელვადიან მიზანთან.

შეშინებული რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს, მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი, რასაც დაუპირისპირდა სოლიდარული, მტკიცე, ძლიერი და ერთიანი ქართული საზოგადოება.

მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ვიაზრებთ ამ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას და ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, რათა ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად.

საქართველოს ხალხი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მთავარი გარანტი, ხოლო ნებისმიერი მცდელობა ამ არჩევანის წინააღმდეგ გარდაუვალი კრახისთვისაა განწირული.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პოლიტიკური პარტიები: “ახალი”, “გირჩი მეტი-თავისუფლება”, “დროა”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო საქართველოსთვის”, “სტრატეგია აღმაშენებელი”.

უკრაინა დამარცხებისაკენ მიექანება – რას წერს „პოლიტიკო“

„დასავლეთის დაპირება, რომ იარაღს და საბრძოლო მასალებს მოგვცემს, უკვე არადამაჯერებლად ჟღერს. ოთხი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემმა საარტილერიო ქვედანაყოფმა უკანასკნელი ჭურვი გაისროლა“, – შემომჩივლა ერთ-ერთმა არტილერისტმა ფრონტის წინა ხაზზე ყოფნისას.

პრობლემა მხოლოდ იმით არ გამოიხატება, რომ უკრაინის არმიას ჭურვები, რაკეტები და სხვა საბრძოლო მასალები უთავდება. დასავლეთის მხრიდან დახმარების მიწოდების დაგვიანება იმასაც ნიშნავს, რომ ქვეყანას კატასტროფულად აკლდება უფრო რაღაც მნიშვნელოვანი, უფრო მთავარი, ვიდრე ჭურვებით უზრუნველყოფა წარმოადგენს: საბრძოლო სულისკვეთება, რომელიც აუცილებელია გამარჯვებისათვის“, – წერს ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა დამარცხებისაკენ მიექანება: დასავლეთის უუნარობა კიევისათვის იარაღით უზრუნველყოფაში ვლადიმერ პუტინს ომში მოგებისათვის ეხმარება“ (ავტორი – ჯეიმი დეტმერი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინელი ჯარისკაცის მორალური სული დათრგუნულია მუდმივი დაბომბვებით, თანამედროვე იარაღის ნაკლებობით და ბრძოლის ველზე განცდილი დანაკარგებით. ქალაქებში, რომლებიც ფრონტიდან ასობით კილომეტრზე მდებარეობენ, ვეღარ დაინახავთ ახალგაზრდებს, რომლებიც სამხედრო გაწვევის პუნქტებში რიგებს იკავებდნენ არმიაში სამსახურის მიზნით. ის სიტუაცია, რომელიც ორი წლის წინ იყო, დღეს კარდინალურად არის შეცვლილი: ჯარში გასაწვევი ახალგაზრდები მასობრივად თავს არიდებენ სამხედრო სამსახურს და დროს ფარულად ღამის კლუბებში ატარებენ ან საზღვარგარეთ გარბიან
უკრაინულ საზოგადოებაში, სამხედრო და პოლიტიკურ წრეებში შექმნილი უპერსპექტივობისა და დეპრესიული განწყობის კვალობაზე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა კატასტროფისაკენ მიექანება.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს – ხელისუფლება ცდილობს უკან არ დაიხიოსო, სამხედროები კერძო საუბრებში აღიარებენ, რომ ზაფხულში ახალი დანაკარგები და წარუმატებლობა გარდაუვალია. გასარკვევი მხოლოდ ისაა, თუ რამდენად მძიმე და სერიოზული იქნება ეს დანაკარგები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვლადიმერ პუტინი ისე ახლოა მიზნის შესრულებასთან როგორც არასდროს.

და ამ დროს კიევს იმდენი პრობლემები აქვს დაგროვილი, რომ უკვე მათი მოგვარება შეუძლებელია. მოსახლეობაში და ოფიციალურ წრეებში უიმედობა და აპათია თანდათან ძლიერდება.

დღეს დასავლეთის დაპირება კიევისადმი, რომლის სულ რაღაც ერთი წლის წინათ ომახიანად ჟღერდა – „დაგეხმარებით იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება“ – უკრაინელებს უკვე ცარიელ სიტყვებად მიაჩნიათ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ სიტუაციაში, რაც დრო გადის, ხდება უარესი: უკრაინელ მეომრებს საბრძოლო სულისკვეთება უქრებათ, მათ გამარჯვების იმედი უმცირდებათ.

ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ ბოლო დროს ისეთი ოფიციალური პირები, როგორებიც არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ალექსანდრე სირსკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და თვითონ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც კი საჯაროდ აღიარებენ – ქვეყანა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და დასავლეთის დახმარების გარეშე დამარცხებისათვის არის განწირული.

ფრონტზე ადამიანები იხოცებიან, ფრონტისაგან მოშორებით მცხოვრები უკრაინელები კი ცდილობენ ყურადღება არ მიაქციონ ომს და იმის ნატვრაში არიან, როგორმე ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. სწორი იყო აწ უკვე პოსტიდან გადამდგარი გენერალი ვალერი ზალუჟნი, როცა უკრაინის ხელისუფლებას აფრთხილებდა – ვითარება გაუარესდებაო.

მმართველი პარტია კრიტიკულ განწყობას ახშობს, მაგრამ ასეთი მოქმედება პრეზიდენტსა და მის გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარება.

დასავლეთს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა იმედი, რომ რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციებით „კისერს მოუგრეხდა“ და კრემლს დაიმორჩილებდა. დასავლეთი ასევე ცდილობდა სასურველი სინამდვილედ გაესაღებინა – იმედოვნებდა, რომ კრემლში „სასახლის გადატრიალება“ მოხდებოდა და ვლადიმერ პუტინის რეჟიმი უფრო შედარებით ლიბერალური ხელისუფლებით შეიცვლებოდა. ფაქტი ჯიუტია: ბრიუსელი, ვაშინგტონი, პარიზი და ლონდონი მწარედ შეცდნენ – რუსეთის ეკონომიკა მდგრადი დარჩა და ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლება უფრო განიმტკიცა.

დიახ, ომის დაწყების წინ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა მართლაც შეცდომაში იქნა შეყვანილი თავისი დაზვერვის ხელმძღვანელის მიერ, რომ ომი ხანმოკლე იქნებოდა და რომ რუსეთი სწრაფად მიაღწევდა გამარჯვებას. მაგრამ ვლადიმერ პუტინს ლოდინი შეუძლია – გასულ თვეში მან კიდევ ერთხელ გაინაღდა პრეზიდენტობის ექვსწლიანი ვადა. მას შეუძლია ჩიხურ სიტუაციასაც შეურიგდეს: თუ უკრაინა გამარჯვებასა და დამარცხებას შორის „გაიჭედება“, მაგრამ დაშორებული იქნება ნატოს და ევროკავშირს, კრემლისათვის ასეთი ვითარებაც გამარჯვების ტოლფასია.
როგორ გავლენას მოახდენს ჩიხში შესული ომი უკრაინის მდგომარეობაზე? უკვე ვთქვი, რომ სამხედრო გაწვევის პუნქტებში ახალგაზრდები ნებაყოფლობით აღარ მიდიან და ძალით მიჰყავთ. კიდევ ერთი ფაქტი ამასთან დაკავშირებით: თუ ორი წლის წინ ევროპისაკენ მიმავალი მატარებლებს და ავტობუსები მთლიანად ქალებით, ბავშვებით და მოხუცებით იყო სავსე, ახლა იმავე მატარებლებისა და ავტობუსების მგზავრთა ერთი მესამედი ჯარში გასაწვევი ასაკის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც რაღაც მანქანებით საზღვარგარეთ წასვლის ნებართვა მიიღეს.

კიევში, „ბანკოვაიას“ ქუჩაზე მდებარე ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო ოფისში მყოფი ჩინოვნიკები გარეგნულად ოპტიმისტურად და პოზიტიურად არიან განწყობილნი, მაგრამ კონფიდენციალურ საუბრებში აღიარებენ, რომ ჯაი ბაიდენის 60-მილიარდიანი დახმარების გარეშე რუსეთთან ბრძოლას დიდხანს ვერ გაუძლებენ.

რას გააკეთებს ვლადიმერ პუტინი, თუ უკრაინა იმდენ დასავლურ დახმარებას ვერ მიიღებს, რამდენიც კიევს გამარჯვებისათვის ჭირდება? „იგი ყველაფერს გაანადგურებს, რაიმე გამონაკლისის გარეშე“, – განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axel Springer-ის ჟურნალისტებს ინტერვიუში, – უკრაინული ქალაქებისაგან მხოლოდ ნანგრევები დარჩება, ასეულ ათასობით ადამიანი დაიხოცება“. ასეთია უკრაინის ლიდერის პროგნოზი, თუ როგორ იმოქმედებს მისი რუსი კოლეგა გამარჯვების შემთხვევაში.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

ჩვენ შევიკრიბეთ პოლიციის სამმართველოსთან, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ ირაკლი კუპრაძის მიმართ მხარდაჭერა -მამუკა ხაზარაძე 

თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს, – ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ის პარტიის ლიდერებთან ერთად პოლიციის სამმართველოსთან მივიდა და აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის რუსული და ეწინააღმდეგება მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს.

„ჩვენ შევიკრიბეთ პოლიციის სამმართველოსთან, რათა ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ირაკლი კუპრაძის მიმართ მხარდაჭერა, რომელიც 2 დღის წინ პოლიციამ აბსოლუტურად უკანონოდ დააპატიმრა. დღემდე არ ვიცით არანაირი ბრალდება, თუ რა დააშავა მან. ვიცით კადრები, იქ ვიყავით, თუ როგორ შეათრიეს ის და უხეში ქმედებით, როგორ აღუკვეთეს თავისუფლება. მთელ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანას თავზე მოახვია კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ სულისკვეთებას, თავისუფლებას და რაც ყველაზე მთავარია, ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ გზას. ამიტომ, ეს ბრძოლა იქნება პრინციპული. ეს არის რუსული კანონი. ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული. ყველა იმ ადამიანს, ვინც პასიური მდგომარეობიდან აკვირდება სიტუაციას, მინდა მოვუწოდო, რომ დღეს პასიურობის, სახლში ჯდომის დრო არ არის, ეს არის კანიონი, რომელიც ერთ დღეს გაგვაღვიძებს რუსეთში. ამ კანონს არ უწერია საქართველოში მიღება მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ ეს არის რუსული კანონი და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ უფლებას, კონსტიტუციაში ჩანაწერს, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს, რაც არის ევროკავშირი. ამის შესახებ გვითხრა მთელმა თავისუფალმა სამყარომ. აქეთ მხარეს დგას ბიძინა მისი დამქაშებით. ამიტომ, თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს. ჩვენ აქ მოვედით, რომ დავაფიქსიროთ ძალიან სერიოზული პროტესტი არა მარტო ამის გამო, არამედ იმის გამო, რაც დღეს ქვეყანაში ხდება“,-განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად საპროტესტო აქციის დროს დააკავა. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

ვახტანგ გომელაური და ლევან დავითაშვილი 19 აპრილს ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ

19 აპრილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.

„ხვალ გვექნება ინტერპელაცია. როგორც იცით, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციაა, ფემიციდის საკითხია დასმული. ასევე, ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაცია, სადაც თუ არ ვცდები, ბახმაროს საკითხია. თანმიმდევრობაც ასეთი იქნება. ჯერ იქნება შს მინისტრის ინტერპელაცია 12:00 საათზე, შემდეგ – ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციაზე 8 კითხვით იბარებენ დეპუტატი ქალები: თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, ქეთევან თურაზაშვილი, ნატო ჩხეიძე, ხატია დეკანოიძე, ანა წითლიძე და ანა ნაცვლიშვილი.

ლევან დავითაშვილს ინტერპელაციაზე იბარებენ პარლამენტის წევრები: არმაზ ახვლედიანი, თეონა აქუბარდია, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ალექსანდრე ელისაშვილი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა ნაცვლიშვილი და დავით ხაჯიშვილი.

გერმანიაში სამართალდამცავებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ბაიროითში პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ორივე დაკავებულს ბრალად ედება დივერსიული მიზნებისთვის აგენტური საქმიანობა და ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებების მომზადება.

პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცები ეძებდნენ პოტენციურ თავდასხმის ობიექტებს, მათ შორის აშშ-ის სამხედრო ბაზებს გერმანიაში.

ერთ-ერთ დაკავებულს, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, კავშირში იყო რუსეთის საიდუმლო სამსახურის აგენტთან, ასევე ბრალად ედება აფეთქებისა და ხანძრის მოწყობის დაგეგმვა.

ქმედებების მიზანი, სავარაუდოდ, გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენის დისკრედიტაციაა.

“ნებისმიერ უცხოელს, ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში აქციების შემოტანა, შეეძლება შპს 2 ლარად დააფუძნოს”

2028 წლამდე, ნებისმიერ პირს ოფშორიდან საქართველოში წილის, აქციების შემოტანა შეეძლება, შეეძლება შპს 2 ლარად დააფუძნოს და ამ შპს-ში წილის 100% გადმოიტანოს – ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია! – ასე განმარტა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილი, რომელიც ოფშორულ კომპანიებს შეეხება.

როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ნებისმიერ უცხოელს – “ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს“, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში წილის გადმოტანა და ნებისმიერ ბიზნესში ჩადება.

“შეღავათს ერთი ადამიანისათვის აკეთებთ, რადგან იძულებული ხართ, რომ ეს გააკეთოთ. ამით ქვეყნის საფინანსო სისტემას უზარმაზარი რისკის წინაშე აყენებთ.

კანონის მიღება გეჩქარებათ, რადგან ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ თავშესაფრად უკვე ოფშორებიც არ გამოდგება. დემოკრატიის ძალა და დემოკრატიული სახელმწიფოების მსახვრალი ხელი ყველგან მისწვდა სანქციების სახით, მათ შორის მისწვდა ოფშორებს. ამიტომ მას ყველა აქტივის გადმოტანა უნდა – უნდა დაარეგისტიროს “ქართუს“ ან “ელიტა ბურჯის“ ბალანსზე, არ გადაიხადოს გადასახადები და საქართველო თავის ციხე-სიმაგრედ შექმნას. არის სანქციების მოლოდინში, მათ შირის აგენტების კანონიდან გამომდინარე – თქვენც დაელოდეთ სანქციებს! ასე მარტივად ვერ გადარჩებით!“ – განაცხადა გოცირიძემ უმრავლესობის მისამართით.

პარლამენტი მუხლობრივად “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს.

ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტის წევრებმა: – პაატა კვიჟინაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ბეჟან წაქაძემ, ზაალ მიქელაძემ, ირაკლი ზარქუამ და გოგი მეშველიანმა წარადგინეს.