“საკანონმდებლო ცვლილება ე.წ. ოფშორთან დაკავშირებით საქართველოში ინვესტიციებისა და კაპიტალის შემოდინებას უწყობს ხელს” – ეკა სეფაშვილი

19
spot_img

ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება საქართველოში ინვესტიციებისა და კაპიტალის შემოდინებას უწყობს ხელს, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ოფშორულ კომპანიებს შეეხება.

ეკა სეფაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, პაატა კვიჟინაძეს დაუსვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეუწყობს ხელს ოფშორიდან შემოსული ფული ქვეყნის ეკონომიკას და შეიძლება თუ არა ამასთან დაკავშირებით რაიმე საფრთხე არსებობდეს.

„თუ შეიძლება, საზოგადოებისთვის რომ განვმარტოთ – თუ არსებობს რაიმე თეორიული მიზეზი მაინც იმისა, რომ ცუდი შეიძლება იყოს რომელიმე ქვეყანაში კაპიტალის შედინება? და მოკლედ იქნებ გაგვაცნოთ კაპიტალისა და ინვესტიციების მიზიდვის ის პრაქტიკა, რაც, ზოგადად, არსებობს მსოფლიოში, ევროკავშირი იქნება თუ დასავლეთის სხვა ქვეყნები – როგორ ცდილობენ კაპიტალი მიიზიდონ მათთან. კაპიტალის მიზიდვის დამატებითი ბენეფიტები კი, როგორიც არის ტექნოლოგიების შემოდინება ქვეყანაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა და ა.შ. ეს დამატებითი სარგებელი, რომელიც უნდა მიიღოს ქვეყანამ, რაიმე საფრთხის მატარებელი თუ შეიძლება იყოს, როგორც აქ გამოთქვამენ შიშებს ჩვენი კოლეგა დეპუტატები, რომლებსაც ვითომ ეკონომიკური აღმავლობა უნდათ, მაგრამ, ყველანაირად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან ქვეყანაში ფულის შემოდინება საქართველოს ეკონომიკისთვის დადებითი მოვლენა იქნება.

„თუ არ შემოვა, არც ზარალი იქნება, არც – მოგება. მაგრამ, თუ შევძლებთ ეს ხალხი დავაინტერესოთ, რომ ოფშორებიდან აქტივები საქართველოში გადმოიტანონ, უნდა შევთავაზოთ საშეღავათო საგადასახადო პირობები, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ გაიხსნება ახალი საწარმოები, დაიბეგრებიან, გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს, შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და ეს იქნება სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.