Home Blog Page 1085

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მწუხარებას გამოთქვამს გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლები, ვეტერანები მწუხარებას გამოთქვამენ ცნობილი ექიმი-კარდიოლოგის, ამაგდარი მედიკოსის, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს.

„ქალბატონმა გულიკომ, მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა მედიცინას, კერძოდ, კარდიოლოგიას, გულის სნეულებათა კვლევას და მკურნალობას. 1997 წელს, გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს, რომლის დირექტორიც, 1994-2014 წლებში იყო,მისი სახელი მიენიჭა. 2011 წლიდან დღემდე ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი გახლდათ. გ. ჩაფიძის გულის ცენტრმა ათასობით ადამიანს, მათ შორის ვეტერანს შეუნარჩუნა სიცოცხლე. გულიკო ჩაფიძე 1989 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი იყო .

ქალბატონი გულიკო ჩაფიძე გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე, უამრავი მედლის, საერთაშორისო ჯილდოსა და სიგელის მფლობელი, მათ შორის, ღირსების ორდენის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი; ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის „საუკუნის ექიმის“ ტიტულისა და შესაბამისი სიგელის მფლობელი; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მინიჭებული აქვს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – „წმინდა გიორგის ოქროს ორდენი“ საქართველოში კარდიოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; მინიჭებული აქვს, ასევე,საუკუნის სახელი ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; იგი გახლდათ აშშ ინტერნაციონალურ ბიოგრაფიათა ცენტრის „ნობელის ლაურეატი“.

გამორჩეულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკად. გ. ჩაფიძის გულის ცენტრს შორის, წლების განმავლობაში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და განსაკუთრებულია მზრუნველობა ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ, რომელსაც კლინიკის ხელმძღვანელობა და მედპერსონალი, ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ იჩენს; ამ გამორჩეული ურთიერთთანამშრომლობის სულისჩამდგმელი, სწორედ ქალბატონი გულიკო გახლდათ ავთანდილ ჯორბენაძესთან ერთად. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მისი ხელმძღვანელობა და თითოეული ვეტერანი გულწრფელ მადლიერებას გამოხატავს ქალბატონი გულიკო ჩაფიძის მიმართ და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებს, ახლობლებს, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს.

გულიკო ჩაფიძეს, 23 მაისს, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრიდან გამოასვენებენ და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!“-ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამძიმრის წერილში.

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება

თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზაფხულო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და ელექტრონულად წარიმართება.

„თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტში წელს სიახლე გვაქვს – ივლისში დედაქალაქში 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 5 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული, 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან“, – აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

„საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. ამასთან, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ. წელს 50 საბავშვო ბაღში 3 100-მდე თანამშრომელი იმუშავებს“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. მისივე თქმით, პროექტი 2024 წლის ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარით დაფინანსდება.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი -კახა კალაძე

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი – მტრობაა, როდესაც დასავლეთი რევოლუციურ სცენარს აფინანსებს! მტრობაა, როდესაც დასავლეთი სხვადასხვა ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლარიზაციაში! ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები! – ეს განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.

როგორც კალაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პირველ რიგში მიღებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„ჩვენ თუ დავაკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, საიდან ფინანსდება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები – არის დასავლეთის სხვადასხვა ორგანიზაციების, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს!

ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, საიდან ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება დასავლეთიდან შემოსული თანხები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველო საიმედო პარტნიორია, რაც არაერთხელ დადასტურდა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმეებით.

„ახლაც მზად ვართ ეს ურთიერთობა, ეს დამოკიდებულება გავაგრძელოთ. ეს არის ქართველი ხალხი განწყობა, მაგრამ ის რომ ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს, ისეთი რამ გაგვაკეთებინოს, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ეს ჩვენთვის მიუღებელია“, – აღნიშნა კალაძემ.

ყველამ იცოდეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ, ჩვენ მზად ვართ ვიმეგობროთ, რომ ჯანსაღი ურთიერთობები იყოს – კახა კალაძე

ის დამოკიდებულება, რომ ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ ვიღაცის ინტერესებისთვის და აქ იგივე ვითარება იყოს, რაც უკრაინაში ხდება, ეს არ გამოვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ჩვენ გამოვლილი გვაქვს და ვიცით რამხელა უბედურება შეუძლია მოუტანოს ქვეყანას ომმა. დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები და 2008 წლის ომის შემდეგ დღესაც უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავართ. აღარ გვინდა არც თქვენი შეშფოთება და აღშფოთება, თქვენც გიფრთხილდებით. რა თქმა უნდა დავიცავთ ამ ქვეყნის ინტერესს, მაგრამ ყველამ იცოდეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ვიმეგობროთ, მზად ვართ იმისთვის რომ ჯანსაღი ურთიერთობები იყოს და პარტნიორები ვიყოთ. თქვენც გადადგით კონკრეტული ნაბიჯევი ამ მიმართლებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია “უცხოური გავლენის კანონის” გაწვევის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ იგი არ მიიღოს -ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ვენეციის კომისიის „მკაცრ რეკომენდაციას” ეხმაურება, რომლის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.

„ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია „უცხოური გავლენის კანონის“ გაწვევის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ იგი არ მიიღოს და საქართველო ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს დაუბრუნდეს“, – წერს მარგუს ცაჰკნა.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა.

ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და არგუმენტებს – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს უკავშირდება.

გუშინ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს- გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი არ არსებობს.

სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ, ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გვითხრა, რომ კანონი უნდა იქნას გაწვეული, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება.

ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა, რადგან ეს თურმე, არადემოკრატიული ქმედებაა.

რასაკვირველია, საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები.

ამ დღეებში ჩვენ ასევე ვნახეთ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ გაიწვევს გამჭვირვალობის შესახებ კანონს და არ მიიღებს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს.

მეგობრებო, დასკვნები თქვენთვის მომინდვია, მე კი ჩემი მხრივ, გაძლევთ პირობას, რომ საქართველოს ინტერესები არ გაიცვლება არაფერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა

ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა, – ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტიორემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აღიარების გარეშე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ იქნება“, – განაცხადა იონას გაჰრ სტიორემ.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ძალაში 28 მაისს შევა.

Politico-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ დღეს პალესტინის სახელმწიფოს კიდევ ორი ევროპული სახელმწიფო, ესპანეთი და ირლანდია აღიარებს.

მსოფლიო ბანკმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 35 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვისელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის (ESPIRE Program) პირველი ფაზის დასაფინანსებლად 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაამტკიცა.

მსოფლიო ბანკის ცნობით, ESPIRE პროგრამა ჯამში სამი ფაზისგან შედგება 500 მლნ. აშშ დოლარის პოტენციური დაფინანსების პაკეტით, რომლის დანიშნულებაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებისთვის საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება, ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემის გაძლიერება და პირდაპირი ელექტროკავშირის დამყარება სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის. ამასთან ერთად, პროექტით გათვალისწინებული პარალელური ციფრული კავშირი შეამცირებს ინტერნეტის ხარჯებს, გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას და ზოგადად გააძლიერებს საერთაშორისო ციფრული კავშირების დამყარების შესაძლებლობას შავი ზღვის გასწვრივ.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ESPIRE პროგრამა შექმნილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მომზადების მომდევნო ეტაპების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის გასწვრივ ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას, დანიშნულების პუნქტებით საქართველოსა და რუმინეთში.

როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა აღნიშნა, ESPIRE პროგრამას წამყვანი როლის შესრულება შეუძლია რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და ამბიციური ენერგეტიკული და ციფრული კავშირის ინიციატივის განხორციელებაში.

“შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს აქვს პოტენციალი, გახდეს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ტრანსფორმაციული დამაკავშირებელი, რომელიც შავი ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნებს დაეხმარება ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებაში, ენერგომომარაგების დეკარბონიზაციასა და განახლებადი ენერგიის განვითარებაში, ისევე როგორც პირდაპირი ციფრული კავშირების ზრდაში”,- აღნიშნა როლანდ პრაისმა.

ამასთან, განმარტავენ, რომ ESPIRE პროგრამის პირველი ფაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მიზნად ისახავს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტისთვის შესაფერისი დერეფნის იდენტიფიცირებასა და შემდგომი მოსამზადებელი სამუშაოების მხარდაჭერას, როგორიცაა შავი ზღვის ფსკერის კვლევა, გეოფიზიკური და გეოტექნიკური გამოკვლევების ჩათვლით.

„BSSC პროექტის განხორციელების მზაობის ასამაღლებლად, პირველი ფაზა ასევე მოიცავს შესაძლებლობების განვითარებასა და ტექნიკურ დახმარებას მთავრობათაშორისი კოორდინაციისთვის ადეკვატური ინსტიტუციური მექანიზმების შესაქმნელად, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად შეთანხმებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

თუკი საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები საბოლოოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებენ, ESPIRE პროგრამის პირველი ფაზის პარალელურად დაიწყება პროგრამის მე-2 ფაზის დაფინანსება, რომელიც ეხება მიწისზედა გადამცემი ქსელის გაძლიერებას საქართველოში და პოტენციურად სხვა ქვეყნებში, რაც გადამწყვეტი იქნება ელექტროენერგიის გაცვლისთვის წყალქვეშა კაბელის სისტემის მეშვეობით. პროგრამის მე-3 ფაზა კი თავად წყალქვეშა კაბელის მშენებლობას დააფინანსებს, სხვა დამფინანსებლებთან ერთად. ხოლო Შავი ზღვის ფსკერის იმავე დერეფანში გათვალისწინებული პარალელური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან კერძო ინვესტიციებსაც მოიზიდავს“,- აღნიშნავენ მსოფლიო ბანკში.

როგორც საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არის საქართველოს მიერ ინიცირებული ფლაგმანი პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან პირდაპირ კავშირს უზრუნველყოფს. პროექტის შემდგომი განვითარების კუთხით ფუნდამენტურია დაფინანსების პირველი ფაზა, რომელიც დღეს მსოფლიო ბანკმა დამტკიცდა.

„პროექტის განხორციელება ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების ზრდას გულისხმობს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით საქართველო ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ქვეყანა გახდება, ეს კი ხელს შეუწყობს ევროკავშირის, საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიების სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს ამ რეგიონებს შორის“,-აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ESPIRE პროგრამის პირველი ეტაპი ხელს შეუწყობს იმ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას, და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მოსამზადებელ სამუშაოების განხორციელებას.

“ჩვენ გვჯერა, რომ პროექტი გააძლიერებს საქართველოს, როგორც სანდო სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი ქვეყნის როლს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციასა და რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში. პროექტი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, განვითარებას და კავშირებს მთელს რეგიონში“,- აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ESPIRE MPA პროგრამა მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური გამოწვევის პროგრამების ნაწილია “ენერგეტიკის გარდაქმნის, ეფექტიანობის და წვდომის” და “დიგიტალიზაციის დაჩქარების” შესახებ. პროგრამა ასევე შესაბამისობაშია საქართველოსთან მსოფლიო ბანკის პარტნიორობის 2025-2029 წლების ჩარჩო-დოკუმენტთან, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე, და ასევე, კავშირებისა და ინტეგრაციის გაუმჯობესებაზე.

ობამას ადმინისტრაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით – “ქართული ოცნების” მოსვლისთანავე ეს თემა ჩაკვდა -სააკაშვილი

2012 წელს ობამას ადმინისტრაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა. – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

თუ ეს მოხდებოდა, ყოფილ საბჭოთა სივრცეში პირველი ქვეყანა ვიქნებოდით, რომელსაც ეს პრივილეგია მიენიჭებოდა, “ქართული ოცნების” მოსვლისთანავე ეს თემა ჩაკვდა. – წერს მიხეილ სააკაშვილი  სოციალურ ქსელში

საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს.

გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში, რომელიც „პოლიტიკომ“ მოიპოვა.

პროკურატურამ ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს.

ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებს, გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს.

დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ – ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-2023 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ახორციელებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა ოთხი წევრის მიმართ.

ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, შვეიცარიის, საფრანგეთის და ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.

ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, ევროკავშირის ქვეყნების და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა.

საქმეზე გამოძიება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების და გამოვლენის მიზნით.

ჰააგის სასამართლოს დასანქცირებას განიხილავს ამერიკა, ჰოდა ნურავის გიკვირთ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება და საქართველოს დასჯის მოთხოვნა-ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აშშ-სახელმწიფო მდივნის პოზიციას ეხმიანება, რომლის თანახმად ამერიკის კონგრესი მზადაა ჰააგის სასამართლოს დასანქცირებაზე იმსჯელოს. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ამ ფონზე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება და საქართველოს დასჯის მოთხოვნა გასაკვირი არაა.

ქადაგიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ფსევდო-ლიბერალური ზღვარგადასული წესრიგის გამო, შექმნილ ტურბულენტობაში, სამწუხაროდ, საქართველოსაც უწევს ფრენა.

„ატყობთ, რა მასშტაბის ეგზისტენციალურ კატასტროფასთანაა დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურა?! ჰააგის სასამართლოს დასანქცირებას განიხილავენ…(ნუ, მიზეზები, მოტივი და სანქციების შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი ცალკე კატასტროფის თემაა) ჰოდა – ნურავის გიკვირთ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება და საქართველოს დასჯის მოთხოვნა.

სრულ სიგიჟეშია გადავარდნილი ფსევდო-ლიბერალური წესრიგი, ყველას და ყველაფერს ემუქრებიან, ვინც მათ უსიტყვოდ არ ემორჩილება… ახლა მაინც ხვდებით, რა მასშტაბის ტურბულენტობაში უწევს საქართველოს ფრენა?! ერთი ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოა ის ქვეყანა, რომელმაც ამ ფსევდო-ლიბერალიზმის დემონტაჟი დაიწყო რეგიონში და შესაბამისად, მსოფლიოში!“- წერს ქადაგიძე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის მზად იქნება, იმუშაოს სენატის საგარეო კომიტეტის „რესპუბლიკელ“ წევრებთან ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ კანონმდებლობაზე.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის 2500-მდე ავიარეისი შესრულდება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილია 13 600 ავიარეისის შესრულება. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ივნისი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი – 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს.

„იზრდება ფრენის სიხშირე გალფის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთანაც (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი). 2024 წლის ივნის-ოქტომბერში, საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის დაგეგმილია 2255 რეისის შესრულება, რაც ფრენების საერთო რაოდენობის 17%-ია.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის იგივე საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 1761 რეისის განხორციელება იგეგმება, რაც რეისების საერთო რაოდენობის 13%-ს შეადგენს. ფრენებს სამი ავიაკომპანია ახორციელებს. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ ხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილი 13 600 რეისიდან საქართველოდან ევროპაში და პირიქით განსახორციელებელი ფრენები 18%-ს, გალფის ქვეყნებთან – 17%-ს, რუსეთთან – 13%-ს, ხოლო დანარჩენ ქვეყნებთან ჯამურად 52%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საავიაციო ბაზარზე შემოვიდა ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia, რომელმაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება დაიწყო ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით. ასევე, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ოპერირება განაახლა ავსტრიულმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა ვენა – თბილისი – ვენას საჰაერო ხაზზე. რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJET-მა. ზაფხულის სეზონზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფრენებს 11 ავიაკომპანია 38 მიმართულებით განახორციელებს.

2024 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1 946 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 31%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას და 34%-ით მეტია 2019 წლის იანვარ-აპრილში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.