საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და არგუმენტებს – კახა კალაძე

16
spot_img

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს უკავშირდება.

გუშინ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს- გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი არ არსებობს.

სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ, ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გვითხრა, რომ კანონი უნდა იქნას გაწვეული, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება.

ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა, რადგან ეს თურმე, არადემოკრატიული ქმედებაა.

რასაკვირველია, საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები.

ამ დღეებში ჩვენ ასევე ვნახეთ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ გაიწვევს გამჭვირვალობის შესახებ კანონს და არ მიიღებს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს.

მეგობრებო, დასკვნები თქვენთვის მომინდვია, მე კი ჩემი მხრივ, გაძლევთ პირობას, რომ საქართველოს ინტერესები არ გაიცვლება არაფერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.