Home Blog Page 1084

 რუსთავში დედა-შვილი მოკლეს 

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოკლულია დედა-შვილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, მამაკაცი, რომელმაც დედა-შვილს ესროლა, უკვე დაკავებულია.

კოშმარი საქართველოში – რას წერს უცხოური პრესა

„ისინი პარლამენტის წინ არიან შეკრებილები და „სიხარულის ოდას“ – ევროპის ჰიმნს – ასრულებენ. საქართველოში უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში ათეულ ათასობით ადამიანი ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. მათი პროტესტი ძალიან ჰგავს უკრაინულ მაიდანს. ქართველები საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული სადაო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან“, – ნათქვამია ავსტრიული ჟურნალის „პროფილის“ (Profil) 20-25 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში, სათაურით „კოშმარი საქართველოში“ (ავტორი – ფრანცისკა ჩინდერლი).


პუბლიკაციაში საკმაოდ ფართოდაა მოცემული ქართული კანონპროექტის – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – დებულებები და მოთხოვნები. „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ბიუჯეტი 20%-ზე მეტად უცხოეთიდან გადმორიცხული თანხებით ივსება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ისინი უცხოური ინტერესების გამომხატველ ორგანიზაციებად დაფიქსირდებიან და ხელისუფლებას მათი კონტროლი გაუადვილდება“, – წერს ავტორი.


„ქართული კანონპროექტი ვლადიმერ პუტინის „სულისკვეთებით არის გაჟღენთილი“ და „კრემლის არომატს აფრქვევს“. რუსეთში მსგავსი კანონი 2012 წელს შევიდა ძალაში, რომლის თანახმად, საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიმღები სუბიექტი შესაბამის ორგანოში „უცხოურ აგენტად“ უნდა დარეგისტრირდეს. კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩხრეკა ორი ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში ჩაატარეს, მათ შორის, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდში, რომელიც გერმანიიდან ფინანსდება. დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ რუსი სამართალდამცველები კანონს კრიტიკოსების წინააღმდეგ იყენებენ და მათ „პირს უკრავენ“. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობენ, ან უმკაცრესი ზეწოლისა და კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.


„კაცმა რომ თქვას, მაგალითისათვის შორს წასვლა არ გვჭირდება. ევროკავშირის წევრ უნგრეთში რამდენიმე თვის წინათ ძალაში შევიდა კანონი „სუვერენიტეტის შესახებ“, რომელიც მოწოდებულია დაიცვას უნგრეთი „ისეთი დაუშვებელი პოლიტიკური ჩარევებისაგან, რომელიც უცხოელი პირებისა და ჯგუფების მხრიდან შეიძლება განხორციელდეს“. საერთოდ, უნგრეთში მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მასობრივი მედიის საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა უკვე რამდენიმე წელია იზღუდება, აღნიშნულმა კანონმა კი ამ მხრივ სიტუაცია უფრო გაამწვავა – მათ ცილს სწამებენ და ისინი „მოღალატეებად და უცხოეთის ინტერესების გამტარებელ აგენტებად“ იწოდებიან. ვიქტორ ორბანმა ჯერ კიდევ 2019 წელს გააძევა ქვეყნიდან „ცენტრალურევროპული უნივერსიტეტი“, რომელსაც ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ფონდი აფინანსებდა. ამჟამად „უნივერსიტეტი“ ნაწილობრივ ვენაშია გადატანილი“.


„რამდენად შესაძლებელია, რომ მსგავსი მოვლენები საქართველოსაც დაემუქროს? ასეთი საფრთხე ნამდვილად არსებობს. გასული წლის დეკემბრის ბოლოს სამხრეთკავკასიურმა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ერთი მხრივ, ქართველთა უმრავლესობას, ევროკავშირის წევრობა სურთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის დებულებები ევროკავშირის დემოკრატიულ პრინციპებს და ფასეულობებს ეწინააღმდეგებიან, ანუ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საეჭვოდ ხდის.


კრემლი სიტუაციას სხვაგვარად უყურებს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედება სამართლიანია და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისკენაა მიმართული. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით საქართველო ისეთი სახელმწიფოების გვერდით დგება, როგორებიც არიან უნგრეთი, თურქეთი, სერბეთი… ანუ იმ ქვეყნების გვერდით, რომლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ხელისუფლების წნეხის ქვეშ არიან მოქცეულნი და მათი „უცხოეთის აგენტებად“ სტიგმატიზაცია ხდება – თითქოსდა ისინი სახელმწიფო გადატრიალების ამზადებენ მოქმედი მთავრობის დასამხობად.


ქართველების 80%-ს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება სურთ. უკრაინის მწარე მაგალითმა მათ აჩვენა, რომ რუსეთისაგან თავდაცვა მხოლოდ ნატოში გაწევრიანებით არის შესაძლებელი. ამავე დროს, ბევრი ქართველი ფიქრობს, რომ ქვეყანა ევროპულ გზაზე ძალიან ნელა მიდის – ისევე როგორც ზოგიერთი ბალკანური ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრობას უკვე 20 წელია ელოდებიან და თავს ბრიუსელისაგან მიტოვებულად გრძნობენ.


აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოება ძირითადად დასავლური ფონდების, საელჩოების დაფინანსებით და ევროპული გრანტებით არსებობს. ძალიან ხშირად ეროვნულ მთავრობებს ამგვარი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტებში გათვალისწინებული არ აქვთ. თავის მხრივ, ოლიგარქები მედიაკომპანიებს ყიდულობენ და ამგვარად, პოლიტიკაში ჩარევას იწყებენ, შედარებით უფრო თავისუფლად და დამოუკიდებლად მოქმედებენ და მთავრობისაგან განსხვავებულ პოზიციებზე დგანან. რასაკვირველია, რომელ ხელისუფლებას მოსწონს კრიტიკა? შესაბამისად, ხელისუფლება ასეთი მასმედიის დევნას და შეზღუდვას იწყებს. მაგალითად, ვიქტორ ორბანმა ქვეყნიდან გააძევა ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდი „ღია საზოგადოება“.


აშკარად ჩანს, რომ ქართული კანონპროექტის ძალაში შესვლა ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციებს ბოლოს მოუღებს. თუმცა საქმე უფრო მნიშვნელოვან საკითხს ეხება: ბევრი ადამიანს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, ეშინიათ, რომ ერთ დღეს ისეთ საქართველოში გაიღვიძებენ, რომელიც რუსეთის მსგავსი იქნება, ან უფრო უარესი – მისი ნაწილი გახდება. გავიხსენოთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% (აფხაზეთისა და ე.წ. ‘სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები) რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოში რუსული ტანკები თბილისიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იდგნენ. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული მოსკოვთან კავშირებზე. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ბევრ ქართველს კითხვა ებადება: „ჩვენ ხომ არ ვიქნებით შემდგომი ქვეყანა, რომელშიც რუსეთის ჯარი შეიჭრება?“.


როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, კანონპროექტის ამოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას გამჭვირვალედ გახდის და ამით პოლარიზებაც შემცირდებაო, თუმცა დღეს პირიქით ვხედავთ – სამოქალაქო საზოგადოება ორად არის გაყოფილი – „ჩვენიანებისა“ და „მათიანების“ სახით. სხვათა შორის, ვიქტორ ორბანმა წარმატებით ისარგებლა მსგავსი ნარატივით და საზოგადოების ყურადღება კორუფციისა და თანამდებობების ბოროტად გამოყენების ფაქტებიდან სხვა მოვლენებზე გადაიტანა. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი კი, რომელიც მტრულად უყურებს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წამოსულ კრიტიკას, აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები საზღვარგარეთიდან კონტროლდებიან.


ქართველთა საპროტესტო აქციებში იმედებს აღვიძებს ის ფაქტი, მათ მამოძრავებელ ძალას ახალგაზრდები წარმოადგენენ. საქართველოს პრეზიდენტი მკაფიოდ დადგა ახალგაზრდების მხარეზე და კანონპროექტს ვეტო დაადო. ევროპის კომისიამ ახლა უნდა შეისწავლოს კანონპროექტის გავლენა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და თუ აუცილებელი იქნება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაუუქმოს. ასეთ სიტუაციაში საქართველოს მთავრობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ალბათ, დამსახურებულ „კომპენსაციას“ მიიღებს.

წყარო


შენიშვნა: საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება ამერიკული ჟურნალის „ფორინ პოლისის“ (Foreign Policy) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიაც სათაურით „ევროპა მზად არის საქართველოს მკაცრად მოექცეს: „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის მიღების გამო ევროკავშირმა შეიძლება საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი გაუუქმოს“ (ავტორი – ჯოვანი ლეგორანო).

წყარო

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი საფრთხეს უქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას -საია

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი საფრთხეს უქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას, – ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

საია მოუწოდებს მმართველ პარტიას, უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ, უარი თქვას ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას.

„2 მაისს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით,[1] მცირდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გადაწყვეტილების მისაღებად სჭირო ხმების რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად უარესდება გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის ხარისხი.

საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციით, ცესკოს დადგენილების მისაღებად წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, თუ ცესკო ვერ შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას კომისიის წევრთა არანაკლებ ორი მესამედის (12 წევრი) მხარდაჭერით, საკითხს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს (9 წევრი).

წარმოდგენილი ცვლილებით ირღვევა 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად მიღწეული პარტიული და პროფესიული ნიშნით შერჩეულ წევრებს შორის არსებული ბალანსის ლოგიკა. შედეგად, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება მხოლოდ 8 პროფესიული წევრისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის ხმა.

საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაცია შერეული პრინციპით, პროფესიულ-პოლიტიკური ქვეტიპის მოდელით ყალიბდება. ამ მოდელის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების მიმართ ლეგიტიმაციის გაზრდა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად განხორციელებული საარჩევნო რეფორმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში, ყველა დონეზე, წევრების რაოდენობა 12-იდან 17-მდე გაიზარდა. დღევანდელი მდგომარეობით ცესკოს 8 პროფესიულ წევრს (მათ შორის თავმჯდომარეს) საქართველოს პარლამენტი ირჩევს, ხოლო დანარჩენი 9 – პარტიების მიერ ინიშნება. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი ის იყო, რომ იქამდე მოქმედი საარჩევნო ადმინისტრაციის მოწყობა მმართველ პარტიას არაპროპორციულად დიდ წარმომადგენლობას და გავლენას ანიჭებდა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა ოპოზიციის უნდობლობას საარჩევნო პროცესისადმი. კომისიებში წევრთა რაოდენობის ზრდა პოლიტიკური პარტიების უფრო დაბალანსებული წარმომადგენლობის მიღწევას ემსახურებოდა.

ამ ბალანსის მიღწევის ერთ-ერთი სიმბოლური ნაბიჯი ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის შემოღება იყო, რომელიც მმართველმა პარტიამ წინა ცვლილებებით გააუქმა. „ქართული ოცნების” ინიციატივით ასევე შეიცვალა ცესკოს დაკომპლექტების წესი, რის შედეგადაც მმართველ პარტიას ერთპიროვნულად, ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე, მიეცა ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების დანიშვნის შესაძლებლობა ისე, რომ ამ პროცესში პრეზიდენტის როლიც ფორმალობამდე იქნა დაყვანილი.[2]

საიას შეფასებით, ამ საკანონმდებლო გაუარესებების ფონზე, აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის უგულებელყოფით – არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე,[3] ქართული ოცნების წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებები მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების გაუარესებისკენ. წარმოდგენილი ცვლილება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში de facto გამორიცხავს ოპოზიციის ჩართულობას და მეტად ამძაფრებს ეჭვს საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის არაკეთილსინდისიერ გავლენებთან დაკავშირებით. ცვლილება კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს დადგენილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომელიც საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში გამოიცემა და არაერთ მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს. მათ შორის, ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესები და პირობები;[4] კენჭისყრის პროცედურები;[5] არჩევნების გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი.[6] ამასთანავე, ცესკო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისათვის აუცილებელი დამატებითი ღონისძიებები და ვადები.[7] დადგენილებით მტკიცდება საარჩევნო კომისიის რეგლამენტიც და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.[8]

საია მოუწოდებს მმართველ პარტიას, უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ, უარი თქვას ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორების და სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები, რომ “საარჩევნო კანონმდებლობის ფართო, სისტემური გადახედვა განხორციელდეს არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე, ინკლუზიური კონსულტაციების პროცესზე დაყრდნობით“[9] და არა ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის და საპროტესტო გამოსვლების ფონზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

სებ-ის გადაწყვეტილების საფუძველზე 180 ათასზე მეტ მსესხებელს სესხი გაუიაფდა

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების შედეგად 180 000 მსესხებელს სესხი გაუიაფდა. ბოლო მონაცემებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 180 ათასი სესხია გაცემული, რომელთა უმრავლესობაც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

სებ-ის გადაწყვეტილების შედეგად კი სწორედ ამდენივე მსესხებელს ყოველთვიურად სესხის დასაფარად შესატანი თანხის მოცულობა შეუმცირდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 22 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა.

“2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის ზომიერი ზრდა მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გამო ნავთობის ფასების ზრდამ განაპირობა. დროულად და საკმარისად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება, მიზნობრივ 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა. განახლებული პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება.

მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, გაურკვევლობამ მოიმატა. როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია. ამასთან, სებ-ის შეფასებით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია. შესაბამისად, ინფლაციური რისკის შემცველია მოსალოდნელზე ძლიერი შიდა მოთხოვნაც, რომელსაც ნაწილობრივ გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს. თუმცა საბაზო სცენარით, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება და 5.6%-ით გაიზრდება, რაც დამატებით ინფლაციურ წნეხს არ შექმნის.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პპ-ით, 8.0%-მდე შეამცირა. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზაციას მხოლოდ ფრთხილი ბიჯებით გააგრძელებს. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო”, – აცხადებენ სებ-ში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 19 ივნისს ჩატარდება.

2008 წელს, როცა რუსეთი იდგა თბილისის კარიბჭესთან, ბევრად მშვიდად ვიყავი, დარწმუნებული ვიყავი, საქართველოს დამოუკიდებლობას არაფერი ემუქრებოდა-სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო, როგორც არასდროს არის ახლოს დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან, სახელმწიფობრიობის გაუქმებასთან.

„2008 წელს, როცა რუსეთი იდგა თბილისის კარიბჭესთან, ბევრად მშვიდად ვიყავი და დარწმუნებული ვიყავი, საქართველოს დამოუკიდებლობას არაფერი ემუქრებოდა, რადგან ქართველი ხალხი იყო ერთიანი და მთელი მსოფლიო გვიჭერდა მხარს. ახლა ჩვენ ჩაგვხსნეს მსოფლიოს მხარდაჭერისგან და ცდილობენ, გაგვყონ და დაგვანაწევრონ. რონალდ რეიგანმა თქვა, ყოველ დროს ამერიკა არის ერთი თაობის იქით თავისუფლების დაკარგვისგან. ეს თაობა გამოვიარეთ ჩვენ ბოლო 30 წელი და ჩვენ ვკარგავთ ახლა დამოუკიდებლობას. ახლა უკვე ახალგაზრდა თაობამ აიტაცა ხელში ეს დროშა. მე ვიწინასწარმეტყველე 2013 წელს ჩემს საბოლოო საპრეზიდენტო გამოსვლაში, რომ ეს თაობა აუცილებლად იტყოდა თავის გადამწყვეტ სიტყვას. რა აქვს მას მთავარი უპირატესობა – ეს ახალგაზრდები არ სვამენ კითხვას, რა იქნება მათი ნაწილი დამოუკიდებელ საქართველოში, ისინი სვამენ კითხვას, იქნება თუ არა საქართველო და სად იქნება საქართველო. ისინი არ წვრილმანდებიან კარიერასა და სხვა პირად ეგოისტურ მოსაზრებამდე, რადგან თუ თავისუფლება იქნა, ყველას ექნება შესაძლებლობა, თუ თავისუფოლება არ იქნება, არაფერს არ აქვს აზრი, ერთ წყალსაც კი წაუღია ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.

გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოზე რეგისტრაცია 24 მაისამდე გრძელდება

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომლის მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ტექ სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.  რეგისტრაცია 24 მაისამდე ვებგვერდზე შეგიძლიათ.

ჯილდო 5 კატეგორიაში გაიცემა:

ტექნოლოგიური ლიდერის  კატეგორიაში ჯილდო გადაეცემა ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფ ქალს, რომელსაც აქვს გამორჩეული მიღწევები და საკუთარი საქმიანობით საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებს ახორციელებს.

კატეგორიაში აღმოჩენა ახალ თაობაში დაჯილდოვდება 16-დან 26 წლამდე გოგონა, რომელიც STEM სფეროში ადრეული ასაკიდანვე შთამბეჭდავი აკადემიური მიღწევებითა და პროფესიული მისწრაფებებით გამოირჩევა და აქვს პოტენციალი გახდეს სფეროს ლიდერი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.

გამორჩეული მეცნიერის ტიტული მიენიჭება ქალ მეცნიერს, რომელსაც შეაქვს დიდი წვლილი STEM მეცნიერების სფეროში (ინჟინერია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).

კატეგორიაში ინოვაციური ტექ პროდუქტი ჯილდო გადაეცემა ინოვაციურ პროდუქტს, რომლის შემქმნელიც ქალია და რომელიც კონკრეტული ტექნოლოგიური გადაწყვეტით ბიზნესისა თუ საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს. ამ კატეგორიის გამარჯვებული შესაძლოა იყოს როგორც ტექნოლოგიური სტარტაპი, ასევე ცალკეული ტექნოლოგიური გადაწყვეტა, პროდუქტი ან მომსახურება, რომელზეც იმუშავა გუნდმა კომპანიის შიგნით.

და ბოლოს, კატეგორიაში ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის დაჯილდოვდება გამორჩეული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც თანასწორობას, მრავალფეროვნებას და ტექნოლოგიებში ლიდერულ პოზიციებზე ქალების წინსვლას ემსახურება.

ერთ-ერთი პირველი, ამერიკელი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო არის ტექნოლოგიური დაჯილდოება, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ქალების აღმოჩენას და წახალისებას ემსახურება.

გამარჯვებული კომპანია მიიღებს 10 ათასი ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში, რაც ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის წახალისებას შეუწყობს ხელს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და დაჯილდოებაში მონაწილეობის შესახებ წესებს გაეცანით ვებგვერდზე.

r

კრიტიკული დაავადებების დაზღვევა #შენთვის – თიბისი დაზღვევა

სოციალურ ქსელებში თითქმის ყოველ დღე გვხვდება პოსტები იმის შესახებ, რომ ახლობელ თუ უცნობ ადამიანებს ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ კრიტიკული დაავადების დასამარცხებლად.
„თიბისი დაზღვევა“ იმ ადამიანებს უფრო ახლოს გაგაცნობთ, ვის გადარჩენაშიც შეიძლება შენც გაქვს მონაწილეობა მიღებული. დოკუმენტური ფილმების სერიაში ისინი გვიყვებიან საკუთარ ისტორიებს, თუ რა გზა გაიარეს დაავადების დადასტურებიდან დამარცხებამდე და კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ არც კიბო და არც სხვა კრიტიკული დაავადებები განაჩენი არ არის.

#ანისთვის #გიოსთვის #შიოსთვის… ამ კაპმანიების ვიზუალურ-ვერბალურ სტილში „თიბისი დაზღვევა“ იწყებს კამპანიას #შენთვის და შეგვახსენებს, რომ დროა, საკუთარ თავზე ზრუნვაც დავიწყოთ.
საჭირო არ არის საშიში მომავლის წარმოდგენა, საკმარისია, უბრალოდ, ერთხელ დაფიქრდე, რეალობა კარგად გააანალიზო და მიიღო შენი მომავლისთვის სწორი გადაწყვეტილება – ისარგებლო კრიტიკული დაავადებების დაზღვევით.
„თიბისი დაზღვევა“ 5 წელზე მეტია, მომხმარებლებს კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს. პროდუქტი 21 დაავადებას მოიცავს. რომელიმეს დადასტურების შემთხვევაში მომხმარებელი სრულად მიიღებს დაზღვევით განსაზღვრულ თანხას, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 000, 100 000 ან 250 000 ლარს, მისი გამოყენება კი სურვილისა და საჭიროების მიხედვით შეუძლია. პოლისის ფარგლებში დაზღვეულებს შეუძლიათ, „თიბისი დაზღვევის“ პარტნიორი ამერიკული კომპანიის მხარდაჭერით მოიძიონ ალტერნატიული სამედიცინო აზრი – გადაამოწმონ დასმული დიაგნოზი და დანიშნული მკურნალობის გეგმა საზღვარგარეთ 40-მდე ქვეყნის წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ დაზღვეულებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ გააგრძელონ მკურნალობა საზღვარგარეთ, რის ორგანიზებასაც ასევე ითვალისწინებს პოლისი.
პაკეტის ფარგლებში მომხმარებლის არასრულწლოვანი შვილებიც ავტომატურად დაზღვეულები არიან იგივე პირობებით, დამატებითი გადასახადის გარეშე.
18-დან 63 წლამდე მომხმარებლებს დაზღვევით სარგებლობა დისტანციურადაც შეუძლიათ.
პირობებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ვიდეო  

(R)

კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ, პირველი შეხვედრა აშშ-ში საქართველოს ელჩთან, დავით ზალკალიანთან გამართა. მხარეებმა იმ შეხვედრების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას, ვიზიტის ფარგლებში აქვს დაგეგმილი.

„კობა კობალაძის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრების მიზანი, საქართველოში, ვეტერანებისთვის, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დანერგვა და განხორციელებაა. ამ კუთხით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების შემუშავება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ქართველი ვეტერანების ფსიქო-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე სახელმწიფო ინსტიტუციებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს გამართავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მწუხარებას გამოთქვამს გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლები, ვეტერანები მწუხარებას გამოთქვამენ ცნობილი ექიმი-კარდიოლოგის, ამაგდარი მედიკოსის, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს.

„ქალბატონმა გულიკომ, მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა მედიცინას, კერძოდ, კარდიოლოგიას, გულის სნეულებათა კვლევას და მკურნალობას. 1997 წელს, გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს, რომლის დირექტორიც, 1994-2014 წლებში იყო,მისი სახელი მიენიჭა. 2011 წლიდან დღემდე ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი გახლდათ. გ. ჩაფიძის გულის ცენტრმა ათასობით ადამიანს, მათ შორის ვეტერანს შეუნარჩუნა სიცოცხლე. გულიკო ჩაფიძე 1989 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი იყო .

ქალბატონი გულიკო ჩაფიძე გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე, უამრავი მედლის, საერთაშორისო ჯილდოსა და სიგელის მფლობელი, მათ შორის, ღირსების ორდენის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი; ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის „საუკუნის ექიმის“ ტიტულისა და შესაბამისი სიგელის მფლობელი; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მინიჭებული აქვს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – „წმინდა გიორგის ოქროს ორდენი“ საქართველოში კარდიოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; მინიჭებული აქვს, ასევე,საუკუნის სახელი ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; იგი გახლდათ აშშ ინტერნაციონალურ ბიოგრაფიათა ცენტრის „ნობელის ლაურეატი“.

გამორჩეულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკად. გ. ჩაფიძის გულის ცენტრს შორის, წლების განმავლობაში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და განსაკუთრებულია მზრუნველობა ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ, რომელსაც კლინიკის ხელმძღვანელობა და მედპერსონალი, ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ იჩენს; ამ გამორჩეული ურთიერთთანამშრომლობის სულისჩამდგმელი, სწორედ ქალბატონი გულიკო გახლდათ ავთანდილ ჯორბენაძესთან ერთად. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მისი ხელმძღვანელობა და თითოეული ვეტერანი გულწრფელ მადლიერებას გამოხატავს ქალბატონი გულიკო ჩაფიძის მიმართ და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებს, ახლობლებს, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს.

გულიკო ჩაფიძეს, 23 მაისს, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრიდან გამოასვენებენ და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!“-ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამძიმრის წერილში.

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება

თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზაფხულო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და ელექტრონულად წარიმართება.

„თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტში წელს სიახლე გვაქვს – ივლისში დედაქალაქში 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 5 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული, 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან“, – აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

„საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. ამასთან, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ. წელს 50 საბავშვო ბაღში 3 100-მდე თანამშრომელი იმუშავებს“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. მისივე თქმით, პროექტი 2024 წლის ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარით დაფინანსდება.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი -კახა კალაძე

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი – მტრობაა, როდესაც დასავლეთი რევოლუციურ სცენარს აფინანსებს! მტრობაა, როდესაც დასავლეთი სხვადასხვა ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლარიზაციაში! ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები! – ეს განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.

როგორც კალაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პირველ რიგში მიღებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„ჩვენ თუ დავაკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, საიდან ფინანსდება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები – არის დასავლეთის სხვადასხვა ორგანიზაციების, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს!

ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, საიდან ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება დასავლეთიდან შემოსული თანხები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველო საიმედო პარტნიორია, რაც არაერთხელ დადასტურდა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმეებით.

„ახლაც მზად ვართ ეს ურთიერთობა, ეს დამოკიდებულება გავაგრძელოთ. ეს არის ქართველი ხალხი განწყობა, მაგრამ ის რომ ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს, ისეთი რამ გაგვაკეთებინოს, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ეს ჩვენთვის მიუღებელია“, – აღნიშნა კალაძემ.

ყველამ იცოდეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ, ჩვენ მზად ვართ ვიმეგობროთ, რომ ჯანსაღი ურთიერთობები იყოს – კახა კალაძე

ის დამოკიდებულება, რომ ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ ვიღაცის ინტერესებისთვის და აქ იგივე ვითარება იყოს, რაც უკრაინაში ხდება, ეს არ გამოვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ჩვენ გამოვლილი გვაქვს და ვიცით რამხელა უბედურება შეუძლია მოუტანოს ქვეყანას ომმა. დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები და 2008 წლის ომის შემდეგ დღესაც უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავართ. აღარ გვინდა არც თქვენი შეშფოთება და აღშფოთება, თქვენც გიფრთხილდებით. რა თქმა უნდა დავიცავთ ამ ქვეყნის ინტერესს, მაგრამ ყველამ იცოდეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ვიმეგობროთ, მზად ვართ იმისთვის რომ ჯანსაღი ურთიერთობები იყოს და პარტნიორები ვიყოთ. თქვენც გადადგით კონკრეტული ნაბიჯევი ამ მიმართლებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.