საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი საფრთხეს უქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას -საია

20
spot_img

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი საფრთხეს უქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას, – ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

საია მოუწოდებს მმართველ პარტიას, უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ, უარი თქვას ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას.

„2 მაისს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით,[1] მცირდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გადაწყვეტილების მისაღებად სჭირო ხმების რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად უარესდება გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის ხარისხი.

საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციით, ცესკოს დადგენილების მისაღებად წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, თუ ცესკო ვერ შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას კომისიის წევრთა არანაკლებ ორი მესამედის (12 წევრი) მხარდაჭერით, საკითხს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს (9 წევრი).

წარმოდგენილი ცვლილებით ირღვევა 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად მიღწეული პარტიული და პროფესიული ნიშნით შერჩეულ წევრებს შორის არსებული ბალანსის ლოგიკა. შედეგად, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება მხოლოდ 8 პროფესიული წევრისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის ხმა.

საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაცია შერეული პრინციპით, პროფესიულ-პოლიტიკური ქვეტიპის მოდელით ყალიბდება. ამ მოდელის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების მიმართ ლეგიტიმაციის გაზრდა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად განხორციელებული საარჩევნო რეფორმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში, ყველა დონეზე, წევრების რაოდენობა 12-იდან 17-მდე გაიზარდა. დღევანდელი მდგომარეობით ცესკოს 8 პროფესიულ წევრს (მათ შორის თავმჯდომარეს) საქართველოს პარლამენტი ირჩევს, ხოლო დანარჩენი 9 – პარტიების მიერ ინიშნება. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი ის იყო, რომ იქამდე მოქმედი საარჩევნო ადმინისტრაციის მოწყობა მმართველ პარტიას არაპროპორციულად დიდ წარმომადგენლობას და გავლენას ანიჭებდა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა ოპოზიციის უნდობლობას საარჩევნო პროცესისადმი. კომისიებში წევრთა რაოდენობის ზრდა პოლიტიკური პარტიების უფრო დაბალანსებული წარმომადგენლობის მიღწევას ემსახურებოდა.

ამ ბალანსის მიღწევის ერთ-ერთი სიმბოლური ნაბიჯი ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის შემოღება იყო, რომელიც მმართველმა პარტიამ წინა ცვლილებებით გააუქმა. „ქართული ოცნების” ინიციატივით ასევე შეიცვალა ცესკოს დაკომპლექტების წესი, რის შედეგადაც მმართველ პარტიას ერთპიროვნულად, ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე, მიეცა ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების დანიშვნის შესაძლებლობა ისე, რომ ამ პროცესში პრეზიდენტის როლიც ფორმალობამდე იქნა დაყვანილი.[2]

საიას შეფასებით, ამ საკანონმდებლო გაუარესებების ფონზე, აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის უგულებელყოფით – არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე,[3] ქართული ოცნების წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებები მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების გაუარესებისკენ. წარმოდგენილი ცვლილება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში de facto გამორიცხავს ოპოზიციის ჩართულობას და მეტად ამძაფრებს ეჭვს საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის არაკეთილსინდისიერ გავლენებთან დაკავშირებით. ცვლილება კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს დადგენილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომელიც საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში გამოიცემა და არაერთ მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს. მათ შორის, ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესები და პირობები;[4] კენჭისყრის პროცედურები;[5] არჩევნების გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი.[6] ამასთანავე, ცესკო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისათვის აუცილებელი დამატებითი ღონისძიებები და ვადები.[7] დადგენილებით მტკიცდება საარჩევნო კომისიის რეგლამენტიც და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.[8]

საია მოუწოდებს მმართველ პარტიას, უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ, უარი თქვას ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორების და სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები, რომ “საარჩევნო კანონმდებლობის ფართო, სისტემური გადახედვა განხორციელდეს არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე, ინკლუზიური კონსულტაციების პროცესზე დაყრდნობით“[9] და არა ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის და საპროტესტო გამოსვლების ფონზე“, – ნათქვამია განცხადებაში.