Home Blog Page 1072

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი აქციაზე დააკავეს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი “მწვანეთა” პარტიიდან, ჯილ სტაინი მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის კამპუსში პროპალესტინურ აქციაზე დააკავეს.

ამის შესახებ ჯილ სტაინის საარჩევნო შტაბმა X-ში (Twitter) დაწერა.

სტაინის გარდა, დაკავებულია მისი კამპანიის ხელმძღვანელი – ჯეისონ ქოლი და მისი მოადგილე – კელი მერილ-კიერი. საარჩევნო შტაბში ასევე აღნიშნეს, რომ დაკავება ასზე მეტ ადამიანს შეეხო, ძირითადად – ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტუდენტებს.

წინა დღეს სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე კარვების ბანაკი მოეწყო. აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, უნივერსიტეტმა Boeing-ში წილებზე უარი თქვას, რომელიც აწარმოებს საბრძოლო მასალას, რომელიც გამოიყენება “ღაზაში პალესტინელი ხალხის გენოციდის ფარგლებში”. როგორც შტანის განცხადებაშია აღნიშნული, სტაინის გუნდმა “სამოქალაქო თავისუფლებების დასაცავად მშვიდობიან პროტესტს” მხარი დაუჭირა.

სტაინი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაკავებული. ინციდენტთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ხელბორკილები დაადეს.

 ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე-მდინარაძე

ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება დაკავებული ფინანსური ანალიზით, თანაც ჩვენ ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასმულ შეკითხვას, სახელმწიფო უწყებებს აქვთ თუ არა საშუალება, ნახონ ყველა გადარიცხვა.

„ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ასეთი საშუალება აქვს, კონკრეტულ შემთხვევებში, ასევე შემოსავლების სამსახურში წარადგენენ დეკლარაციებს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის შესახებ. რიგ შემთხვევაში, ეს წარმოადგენს კომერციულ, რიგ შემთხვევაში, საგადასახადო საიდუმლოებას, რომლის გამჟღავნების უფლება სახელმწიფო ორგანოს არ აქვს. ეს არის მარტივი ამბავი. ამისი გამჟღავნების უფლება სახელმწიფო ორგანოს არ აქვს და კიდეც რომ ჰქონდეს, სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება დაკავებული ფინანსური ანალიზით, რომ საშემოსავლო ამდენია და სავარაუდოდ ხარჯები იქნებოდა ამდენი. მხოლოდ საშემოსავლო გადასახადია მიკვლევადი.

მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითს, მთავრობამ და მისმა ადმინისტრაციამ ორი კვირის თუ ათი დღის წინ შესაბამის სამსახურებს დაავალა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, შვიდი ორგანიზაციის შესახებ ფინანსური ანგარიშგების ანგარიშები წარმოედგინათ, ის, რაც მიკვლევადი იყო. მათი შემოსავალი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიკვლევადი, თუ მათ სჭირდებათ, უარი თქვან იმპორტის გადასახადზე, რისი უფლებაც კანონმდებლობით აქვთ და დღგ-სგან გათავისუფლდნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში წარუდგენენ შესაბამის ანგარიშს, დღგ-სგან გათავისუფლება როცა სჭირდებათ.

შვიდი ორგანიზაციის შემთხვევაში, მიკვლევადი გახდა 15 მილიონი ლარი რაღაც პერიოდის, რამდენიმე წლის განმავლობაში. ზუსტად იმავე პერიოდის განმავლობაში რაც დახარჯული აღმოჩნდა, ზედნადებებით და საშემოსავლო დეკლარაციებით, საშემოსავლო გადარიცხვებით, იყო 85 მილიონი. ანუ, შემოსავალი, რაც დაფიქსირდა და ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფოსთვის არის მიკვლევადი და არა ხალხისთვის, იყო 15 მილიონი ლარი, ხოლო იმავე ორგანიზაციებს დახარჯული ჰქონდათ 85 მილიონი ლარი. ოღონდ ეს 85 მილიონი, რაც მიკვლევადი იყო – საუბარია ხელფასი რაც გასცეს და ზედნადებით შეიძინეს ელექტრონულად. დანარჩენი – რა ივენთები გააკეთეს, რა ღონისძიებები ჩაატარეს, რაში დახარჯეს, რა იყო საწარმოო ხარჯი, სხვა ხარჯი, მივლინების და ასე შემდეგ, იქ არაფერი ჩანს. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, არათუ მოქალაქეებს, არამედ სახელმწიფოსაც კი, წარმოდგენა არ გვაქვს, ნახევარი მილიარდი დაიხარჯა, სამასი მილიონი თუ რამდენი. ანუ, მტკიცება, რომ ისედაც გამჭვირვალეა, არის ყალბი, სიცრუე, წარმოუდგენელი.

სხვა მაგალითს და სხვა მტკიცებას ვერ მოიტანთ ამასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ამ მიკვლევადობის ხარისხიდან გამომდინარე, სულ რომ ყველაფერი ნათელი იყოს სახელმწიფოსთვის, რაც, თავის მხრივ, საგადასახადო და კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს, ჩვენ ვსაუბრობთ არა ახელმწიფოს წინაშე გამჭვირვალობაზე, არამედ საზოგადოების, ანუ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე, რომელსაც, მით უმეტეს ვერ აკმაყოფილებს, როცა სახელმწიფოსაც კი არ აქვს ბოლომდე წარმოდგენა და ფინანსური მონიტორინგის სამსახური თუ ჩაერთო კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ შეიძლება, რაღაცას მიაგნოს, რაც ხალხისთვის ისევ გაუმჭვირვალე იქნება. რაც შეეხება სხვა გაუმჭვირვალე საკითხებს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ იმ ცნობილ მაგალითებს, არაცნობილ მაგალითებზე სპეციალურად არ ვსაუბრობ. მაგალითად, როგორ დატრენინგდა „კანვასის“ ტრენინგები, ვინ დატრენინდგა, რამდენი ადამიანი, რამდენი დაიხარჯა. ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობთ – კარგი საქმეები და ცუდი საქმეები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა შეეძლებათ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა.

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლის პროცედურები.

აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე. საქართველოსა და ჩინეთს შორის შემოღებული უვიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ გამოხატულებასა და თანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით.

ხაზი გაესვა იმ ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს, არ შეესაბამება სიმართლეს” – მერია

თბილისის მერიის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მათივე ცნობით, დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება.

თბილისის მერიასთან დაკავშირებული საკითხების გადამოწმება შესაძლებელია უწყების პრესსამსახურთან. ასევე, შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„შიში „რუსული კანონის“ წინაშე? საქართველოს მთავრობა დამოუკიდებელი მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას ცდილობს“

გერმანულ გაზეთ „დი ცაიტ“-ში (Die Zeit) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შიში „რუსული კანონის“ წინაშე? საქართველოს მთავრობა დამოუკიდებელი მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას ცდილობს“ (ავტორი – მაქსიმ კირეევი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

ყოველ საღამოს ქართველები თბილისის ქუჩებში საკუთარი მთავრობის მიმართ რისხვას გამოხატავენ: დედაქალაქის სტუდენტებისა და ახალგაზრდების უმრავლესობა პარლამენტის შენობის წინ იკრიბება – ერთ დღეს რომ ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენ, მეორე დღეს ტექნორიტმებზე და ეროვნულ ინსტრუმენტების მელოდიებზე ცეკვავენ, ევროკავშირის დროშებით ხელში. ასე გრძელდება უკვე ორი კვირაზე მეტ ხანს.

ერთი კვირის წინ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „დაფიონმა“ დემოკრატიის ერთგვარი საჯარო დემონსტრირება განახორციელა: „ვფიცავთ, რომ არასოდეს ქედს არ მოვიხრით იმ ძალის წინაშე, რომელიც ჩვენს სამშობლოს მტერს – რუსეთს ჩააბარებს“, – გაიძახოდა რამდენიმე ასეული ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, რომლებიც პარლამენტის წინ მდებარე პატარა მოედანზე იყვნენ შეკრებილნი.

ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ?

მომიტინგეთა რისხვა მიმართულია იმ სამთავრობო კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც სამხრეთკავკასიურ პატარა სახელმწიფოს არჩევანის წინაშე აყენებს: რჩება თუ არა საქართველო, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატად ითვლება, ევროპისაკენ მიმავალ პოლიტიკურ გზაზე? თუ თბილისი ისევ აგრძელებს დრეიფს ავტორიტარიზმისაკენ და რუსეთს უახლოვდება?

პლაკატებზე გამოსახული ლოზუნგები ისე ჟღერს, რომ თითქოსდა ხალხს რუსეთის თავდასხმისა ეშინია: „არა – რუსეთს!“, „არა – რუსულ კანონს!“ – ამ სლოგანებს, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის მიმართ სალანძღავი სიტყვებით, ყველგან დაინახავთ. თუმცა საფრთხე უშუალოდ დიდი მეზობლისაგან – რუსეთისაგან – კი არ მომდინარეობს, არამედ საკუთარი ხელისუფლებისაგან – მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მთავრობიდან.

უკვე მეორედ, ბოლო 12 თვის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ სადაო კანონპროექტის პარლამენტში მიღებას ცდილობს – დოკუმენტი ითვალისწინებს დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის საშუალებების რეგისტრირებას „უცხოეთის ინტერესების წარმომადგენლების“ სახით, თუ მათი ბიუჯეტის 20% საზღვარგარეთიდან საერთაშორისო სპონსორების მიერ ფინანსდება, მაგალითად, სხვადასხვა ფონდებისა და სააგენტოების მეშვეობით. სხვათა შორის, ხელისუფლებამ გასულ წელსაც სცადა იგივე კანონპროექტის მიღება, მაგრამ რამდენიმე კვირიანი საპროტესტო აქციების შედეგად „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა კანონპროექტის განხილვა შეეჩერებინა და პარლამენტიდან გაეწვია.

„შინაარსი ჰგავს? ჰგავს…“

კანონპროექტი ზოგადად გარკვეულწილად ჰგავს რუსეთის კანონს ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც 2012 წელს არის მიღებული სახელმწიფო სათათბიროს მიერ და სხვადასხვა ჩასწორებებით თითქმის პერმანენტულად მკაცრდება. ახლა ის, თავდაპირველი ვარიანტისაგან განსხვავებით, კერძო პირების წინააღმდეგაც გამოიყენება. პუტინის რუსეთში იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდნენ, დღეს თანხების მიღება აღარ შეუძლიათ. თანდათანობითი გამკაცრების შედეგად კანონი ხელისუფლების ხელში კრიტიკოსებისა და ოპონენტების დისკრედიტაციის ინსტრუმენტად გადაიქცა, რომლებსაც „უცხოეთის აგენტის“ იარლიყები ეწებებათ.

რუსეთთან ახლოს მდებარე ზოგიერთი სახელმწიფოს ავტორიტარული მმართველი რეჟიმებიც ცდილობენ მსგავსი პრაქტიკის გადაღებას – მაგალითად, ყირგიზეთმა ამას წინათ მიიღო ანალოგიური კანონი.

ქართული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ. მთავრობის განზრახვის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ამ კანონპროექტის მიღება ქვეყანას საბოლოოდ გადაახვევინებს ევროპული გზიდან და რეფორმების გატარების კურსიდან. წინა კვირაში სამოქალაქო საზოგადოების 100-მდე წარმომადგენელმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს.

კანონპროექტიდან გამომდინარე,  ორი ძირითადი პრობლემა იქმნება: პირველი ისაა, რომ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თითქმის 95%, რომლებიც დემოკრატიის განვითარების, „ლგბტ“-პირების უფლებების დაცვით, ეკოლოგიური  და სხვა საკითხებით არის დაკავებული, საერთაშორისო წყაროებიდან ფინანსდებიან. აქედან გამომდინარე, დოკუმენტის მეშვეობით, მათი საქმიანობა გაკონტროლებული იქნება.მეორე – კანონპროექტის მიღებამ შეიძლება საქართველოს ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა გადაუკეტოს. გასულ ხუთშაბათს ევროპარლამენტმა ხმების უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, თუ ქართული კანონპროექტი ძალაში შევა, უნდა შეჩერდეს მოლაპარაკება საქართველოსთან ევროკავშირში მიღების მიზნით. ორი კვირის წინათ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დროს, იმედი გამოხატა, რომ კანონი მიღებული არ იქნება.

ეჭვები: ახდენს თუ არა რუსეთი გავლენას?

მაგრამ საინტერესოა, რატომ მოახდინა მმართველმა პარტიამ კანონპროექტის მეორედ ინიცირება?

„დღეს ეს საკითხი საქართველოში ყველაზე აქტიურად განიხილება“, – ამბობს შტეფან მარელიუსი, სამხრეთ კავკასიაში მოქმედი კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონალური პროგრამის ხელმძღვანელი, – „ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ ინიცირება რუსეთის ზეწოლით მოხდა“. მისი თქმით, რუსეთის მიზანია შეაჩეროს საქართველოს სწრაფვა ევროკავშირის წევრობისაკენ.

იგივეს აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ქვეყნის მთავრობას ოპოზიციაში უდგას: მისი მტკიცებით, კანონპროექტის მიღება ხალხის ნების გარეშე რუსული გეგმის ნაწილია, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზებას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით [პროცესის] შეჩერება ვერ ხერხდება.

წყარო

“ღარიბაშვილის ხსენების გამო დამატოვებინეს დარბაზი, მაგრამ მაინც ვახსენე” – თაკო ჩარკვიანი

[მდინარაძეს] ვკითხე, თქვენი პარტიის პირველი პირი, ორგზის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მამა აფინანსებს პენსიონერი და რომელ გამჭვირვალობაზე საუბრობთ-მეთქი, – ღარიბაშვილის ხსენების გამო [დამატოვებინეს], მაგრამ მაინც ვახსენე,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაძევებულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, მტერი რუსეთია და საქართველოს აღნიშნული ხელისუფლება ჰყავს, არ შეიძლება ამ კანონის მიღება.

„ვისმენთ მშვიდად, ხმას არ აღებინებენ არავის და შეუძლებელია ამის მოთმენა, ბოლოს, ერთი საათი რომ ილაპარაკა მდინარაძემ უტიფრად როგორი პატიოსნება და გამჭვირვალობა სუფევს, ვკითხე, თქვენი პარტიის პირველი პირი, ორგზის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მამა აფინანსებს, პენსიონერი და რომელ გამჭვირვალობაზე საუბრობთ-მეთქი. ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ოკუპირებული ვართ, როცა მტერი რუსეთი გვყავს, როცა ასეთი ხელისუფლება არის, ამათგან შეუძლებელია ამ ტიპის კანონის მიღება, თორემ უცხოეთში, დასავლეთში, სადაც რეფორმირებული სასამართლო, პროკურატურა და მართლა გამჭვირვალეა სისტემა, იქ ყველაფერი გამჭვირვალეა, მათ შორის, არასამთავრობოები. რა თქმა უნდა, ღარიბაშვილის ხსენების გამო [დამატოვებინეს], მაგრამ მაინც ვახსენე. მოღალატეს ნუ გვეძახითო და მე არა-მეთქი, 100 ათასი კაცი ერთად გეძახით გარეთ მოღალატეს-მეთქი“- განაცხადა ჩარკვიანმა, რომელსაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, კომიტეტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

არ გაქვთ ვალდებულება, მონაწილეობა მიიღოთ „ოცნების“ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციაში თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ -პეტრე ცისკარიშვილი

დღევანდელ აქციაზე ძალით ჩამოყვანილ ხალხს მინდა მივმართო – თქვენ არ გაქვთ არანაირი ვალდებულება, რომ მონაწილეობა მიიღოთ „ოცნების“ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციაში თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ. უთხარით მტკიცე უარი მათ რუსულ მარშში მონაწილეობაზე! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქცია ხელოვნურია და საზოგადოებას აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით უარის თქმას მოუწოდებს.

„დღევანდელ აქციაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება, ის არის „ქოცების“ აქცია და იმ აქციაში მონაწილე ადამიანებს, ვისაც აიძულებენ დღეს იქ ყოფნას, მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ თუ ჯერ ავტობუსში არ ჩამსხდარხართ, უარი უთხარით სხვადასხვა მიზეზებით, ან პირდაპირ მტკიცე უარი მიახალეთ „ქოცებს“ და უთხარით, რომ არ გცალიათ და ეს არ არის ის ადგილი, სადაც თქვენ უნდა იყოთ და იღებდეთ მონაწილეობას ამ ხელოვნურ, ე.წ. აქციაში, სინამდვილეში რუსულ მარშში. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ხელფასს რომ გიხდიან ბიუჯეტიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ “ოცნება“ ან ივანიშვილი გიხდით, ან მდინარაძე, ან კობახიძე. ეს ხელფასი თქვენ გეკუთვნით, რადგან მუშაობთ საჯარო სამსახურში და ბიუჯეტს ვავსებთ ჩვენ ყველა, მთელი საქართველო და ეს არ არის „ქოცების“ ბიუჯეტი, ამიტომ არანაირი ვალდებულება არ გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ მათ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციებში თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ.“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 „უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებს”

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვინაიდან საუბარია უცხო ძალებიდან, ანუ სხვა სახელმწიფოებიდან დაფინანსებაზე.

როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ამ კანონის მიზანში შედის საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში გარკვეული პრინციპული სიახლეების შეტანა, რაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების საგანი გახდა.

„მგონი ვთანხმდებით, რომ ეს კანონი თავისი მიზნიდან და სამოქმედო სფეროდან გამომდინარე, ეხება არა მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ცხოვრებას და ურთიერთობებს, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვინაიდან საუბარია უცხო ძალებიდან, ანუ სხვა სახელმწიფოებიდან დაფინანსებაზე. შესაბამისად, ამ კანონის მიზანში შედის ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში გარკვეული პრინციპული სიახლეების შეტანა. იქიდან გამომდინარე, რომ თავად კანონი ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც დაფინანსების წყაროა უცხო სახელმწიფო და მეორე, ეს სახელმწიფოები თუ რომელიმე ორგანიზაციებს 20%-ზე მეტს მისცემენ ერთი წლის განმავლობაში, აქაურ მიმღებებთან ერთად ცხადდებიან მათი ინტერესების გასატარებლად საქართველოში საქმიანობის მქონე ორგანიზაციებად თუ სახელმწიფოებად. ადგილობრივი ორგანიზაციების მეშვეობით, ყოველგვარი სხვა მაკვალიფიცირებელი ნიშნის მიხედვით, ცხადდებიან ისეთ ძალებად, რომელიც საკუთარი ინტერესებისთვის მოქმედებენ საქართველოში და აქ იპოვეს პარტნიორები, რომელსაც საკუთარი ინტერესების გარდა, არაფერი აინტერესებთ. აქედან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონი გახდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების საგანი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი განმარტებით, ყველა სახელმწიფო ორგანომ ხელი უნდა შეუწყოს ამას, რომ ევროკავშირთან პროცესს ხელი შეუწყო. ანრი ოხანაშვილმა დავით უსუფაშვილს კითხვის დასმა არ დაასრულებინა და მას გაფრთხილება მისცა.

 დიახ, ასაკი პრობლემაა: მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც 6 წლის ბიჭის წინააღმდეგ იყრის კენჭს-ბაიდენი

რა თქმა უნდა, 2024 წლის არჩევნები გაჩაღებულია და, დიახ, ასაკი პრობლემაა: მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც 6 წლის ბიჭის წინააღმდეგ იყრის კენჭს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „რესპუბლიკელ“ მეტოქოზე, დონალდ ტრამპზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც „მძინარე დონი“ უწოდა.

”ასაკი ერთადერთი რამ არის რაც საერთო გვაქვს. ჩემი ვიცე-პრეზიდენტი, ფაქტობრივად, მიდასტურებს ამას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა განსხვავებას მისი და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიებს შორის, რომლის სასამართლო პროცესი, პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელის გასაჩუმებლად 130 000 აშშ დოლარის გადახდის საქმეზე, ნიუ-იორკში აპრილის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს.

„დონალდს ბოლო დროს რამდენიმე მძიმე დღე ჰქონდა. შეიძლება მას „ქარიშხლიანი“ ამინდიც უწოდოთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

“საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში დაიბარეს, სადაც უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ” – სალომე სამადაშვილი

მინდოდა გვესაუბრა, როგორ დაკარგავს საქართველო უვიზო რეჟიმს თუ მიიღებს კანონს “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ“ და გამომაძევეს სხდომიდან – ატყუებენ საზოგადოებას!- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან გააძევა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე დაიბარეს, სადაც „უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ“.

„მინდოდა გვესაუბრა, როგორ დაკარგავს საქართველო უვიზო რეჟიმს თუ მიიღებს კანონს “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ და გამომაძევეს სხდომიდან. ამ საკითხზე საუბარი არ უნდათ, კითხვაზე პასუხი არ აქვთ. ატყუებენ საზოგადოებას! საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს, რომ მეგობრებო, არათუ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე დაიწყება საუბარი ძალიან სწრაფად. ამიტომ არის დაბარებული საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ მას. თუ მესამე მოსმენით მიიღებენ ამ კანონს, ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ის აპირებ სარჩელი შეიტანოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის და იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომლებიც ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობენ.

„ფიზიკური ძალადობაზე ვაპირებ სარჩელი შევიტანო როგორც პაპუაშვილის, კომიტეტის თავმჯდომარის და სამწუხაროდ იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომელიც ძალადობენ ჩვენზე. ძალის გამოყენების უფლება არ აქვთ მანდატურებს“,-აღნიშნა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთი დეპუტატი „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევა. „დატოვეთ დარბაზი. მანდატურს ნუ აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, დატოვეთ დარბაზი!“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა.

იქამდე სალომე სამადაშვილმა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რადგან კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატს კითხვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცა.

პროვოკაციის წყურვილი იმდენად დიდი იყო, პირველად ვნახეთ შემთხვევა, როდესაც აქცია ცდილობს სხვისი ტრიბუნა დაიკავოს -ირაკლი ქადაგიშვილი

„მიტინგების დაახლოებით 40-წლიანი გამოცდილება მაქვს და პროვოკაციის წყურვილი იმდენად დიდი იყო,  პირველად ვნახეთ შემთხვევა, როდესაც აქცია ცდილობს სხვისი ტრიბუნა დაიკავოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორები პროვოკაციის მოწყობით ცდილობდნენ მუხტის შენარჩუნებას.

„ეს არც აქციის წესში ჯდება და არც ზოგადად ქცევის წესში. მიზეზი იყო ის, რომ დაინახეს, აქცია ვერანაირ ლოგიკურ მიზანს ვერ აღწევდა, აქედან გამომდინარე, იფიქრეს პროვოკაციის მოწყობა. პროვოკაცია მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მუხტს სხვანაირად ვერ ინარჩუნებენ. პროვოკაცია, დაპირისპირება, პოლიციის გამოწვევა, კონფლიქტის გამოწვევა არის მათი მიზანი. აქ რამდენიმე საკითხი მუშაობს. ერთი კონკრეტულად ის საკითხი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გამწვავებულმა აქციამ ხალხში გამოიწვიოს მღელვარება, საერთაშორისო შეფასებები დამძიმდეს ამასთან დაკავშირებით და ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ ადამიანებს აქვთ ქვეცნობიერი კომპლექსი და უნდათ, რომ 7 ნოემბერი და 26 მაისი რამენაირად განმეორდეს საქართველოში. უპირველესად, ციფრებით აპელირებას ნუ ეცდებით, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, დაუმონტაჟებელი სურათის დათვლა ტექნიკური თვალსაზრისით არის ძალიან ადვილი. ამას ჩვენ სპეციალურად არ ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, მაგ ციფრებით ასე ადვილად ნუ აპელირებთ. ამ ციფრებით თქვენ მანიპულირებთ ადამიანებით“, -აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, ესმის თუ არა იმ ადამიანების ხმა, ვინც გუშინდელ აქციაზე იდგა.

„გავიმეორებ, რომ ციფრებით მანიპულირებას თუ თავს დაანებებთ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ძალიან მძიმე დღეში ჩავარდებით მანიპულირებით. მოგიწევთ თქმა, რომ დღეს მილიონი კაცი იყოო, როგორც თქვენ ციფრებს ახსენებთ. ახლა მეორე – ჩვენ ყოველთვის ვისმენთ საზოგადოების ხმას და ერთი ღონისძიება და ერთი მიტინგი, არ არის მთელი საზოგადოების ხმა, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გუშინ ღამით პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დააანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით დამონტაჟებულ სცენასთან მისვლა სცადეს.

“ესენი არიან ბიძინას მგზავრები, რომლებსაც საქართველო რუსეთში მიჰყავთ” – თამარ კორძაია

ესენი არიან ბიძინას მგზავრები, რომლებსაც მიჰყავთ საქართველო რუსეთში – ანრი არის არის პირველი მგზავრი აშკარად, ეტყობა რომ ეჩქარება მალე ჩავიდეს რუსეთში, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტიდან გამოძევებულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გაუგებარი იყო, რისთვის ჩანიშნა მმართველმა პარტიამ კომიტეტის სხდომა, როდესაც საკითხის განხილვისას ისეთი რეგლამენტი დააწესა, როგორიც ეს სესიაზეა დადგენილი, რაც საკითხის შინაარსობრივად განხილვის შესაძლებლობას, კორძაიას შეფასებით, არ იძლეოდა.

„თუ უყურებდით ვინმე „ლაივს“, ძალიან კარგად ჩანდა, რომ ვახდენდი ციტირებას, ვუთითებდი იმაზე, რომ ისინი არღვევენ კანონს, საერთაშორისო დასკვნების ციტირებას ვახდენდი, მეტი არაფერი, მაგრამ არ მოსწონთ. დავალება აქვთ, რომ თითო-თითოდ გამოგვყარონ იმიტომ, რომ 8 საათზე მათი მოყვანილი ცხვრები უნდა გაართონ. მეტი სხვა არაფერი არ ჰქვია, იმიტომ, რომ ისინი არიან ბიძინას მგზავრები და ეს ტრანსპორტი – თვითმფრინავია თუ მატარებელი, მიდის რუსეთში და ვისაც ეს უნდა, ეს გამოჩნდება. დღეს ვინც მოვა, ყველა არის ისეთი ადამიანი, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა იყოს რუსეთში.

ასრულებენ პირდაპირ რუსეთის დავალებას, იმიტომ, რომ თქვენ ხედავთ, რომ ოდნავ მაინც თუ დასვამ კვალიფიციურად შეკითხვას და ეცდები, რომ უპასუხო, თავს გესხმის ყველა და იმ წუთშივე გაძევებს ანრი ოხანაშვილი დარბაზიდან. ანრი არის არის პირველი მგზავრი, აშკარად ეტყობა, რომ ეჩქარება მალე ჩავიდეს რუსეთში.

კომიტეტი რისთვის ჩაატარეს, გაურკვეველია. კომიტეტზე 2-წუთიანი რეგლამენტი დაგვიდგინეს. მაშინ სესიაზე განვიხილოთ, იქ არის 2 წუთი. კომიტეტი იმისთვის არის, რომ მეტი დროა და მეტად შინაარსობრივი განხილვაა, მაგრამ მამუკა მდინარაძეს დისკომფორტს არ უქმნის ანრი [ოხანაშვილი]“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.