ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე-მდინარაძე

23
spot_img

ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება დაკავებული ფინანსური ანალიზით, თანაც ჩვენ ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასმულ შეკითხვას, სახელმწიფო უწყებებს აქვთ თუ არა საშუალება, ნახონ ყველა გადარიცხვა.

„ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ასეთი საშუალება აქვს, კონკრეტულ შემთხვევებში, ასევე შემოსავლების სამსახურში წარადგენენ დეკლარაციებს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის შესახებ. რიგ შემთხვევაში, ეს წარმოადგენს კომერციულ, რიგ შემთხვევაში, საგადასახადო საიდუმლოებას, რომლის გამჟღავნების უფლება სახელმწიფო ორგანოს არ აქვს. ეს არის მარტივი ამბავი. ამისი გამჟღავნების უფლება სახელმწიფო ორგანოს არ აქვს და კიდეც რომ ჰქონდეს, სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება დაკავებული ფინანსური ანალიზით, რომ საშემოსავლო ამდენია და სავარაუდოდ ხარჯები იქნებოდა ამდენი. მხოლოდ საშემოსავლო გადასახადია მიკვლევადი.

მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითს, მთავრობამ და მისმა ადმინისტრაციამ ორი კვირის თუ ათი დღის წინ შესაბამის სამსახურებს დაავალა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, შვიდი ორგანიზაციის შესახებ ფინანსური ანგარიშგების ანგარიშები წარმოედგინათ, ის, რაც მიკვლევადი იყო. მათი შემოსავალი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიკვლევადი, თუ მათ სჭირდებათ, უარი თქვან იმპორტის გადასახადზე, რისი უფლებაც კანონმდებლობით აქვთ და დღგ-სგან გათავისუფლდნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში წარუდგენენ შესაბამის ანგარიშს, დღგ-სგან გათავისუფლება როცა სჭირდებათ.

შვიდი ორგანიზაციის შემთხვევაში, მიკვლევადი გახდა 15 მილიონი ლარი რაღაც პერიოდის, რამდენიმე წლის განმავლობაში. ზუსტად იმავე პერიოდის განმავლობაში რაც დახარჯული აღმოჩნდა, ზედნადებებით და საშემოსავლო დეკლარაციებით, საშემოსავლო გადარიცხვებით, იყო 85 მილიონი. ანუ, შემოსავალი, რაც დაფიქსირდა და ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფოსთვის არის მიკვლევადი და არა ხალხისთვის, იყო 15 მილიონი ლარი, ხოლო იმავე ორგანიზაციებს დახარჯული ჰქონდათ 85 მილიონი ლარი. ოღონდ ეს 85 მილიონი, რაც მიკვლევადი იყო – საუბარია ხელფასი რაც გასცეს და ზედნადებით შეიძინეს ელექტრონულად. დანარჩენი – რა ივენთები გააკეთეს, რა ღონისძიებები ჩაატარეს, რაში დახარჯეს, რა იყო საწარმოო ხარჯი, სხვა ხარჯი, მივლინების და ასე შემდეგ, იქ არაფერი ჩანს. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, არათუ მოქალაქეებს, არამედ სახელმწიფოსაც კი, წარმოდგენა არ გვაქვს, ნახევარი მილიარდი დაიხარჯა, სამასი მილიონი თუ რამდენი. ანუ, მტკიცება, რომ ისედაც გამჭვირვალეა, არის ყალბი, სიცრუე, წარმოუდგენელი.

სხვა მაგალითს და სხვა მტკიცებას ვერ მოიტანთ ამასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ამ მიკვლევადობის ხარისხიდან გამომდინარე, სულ რომ ყველაფერი ნათელი იყოს სახელმწიფოსთვის, რაც, თავის მხრივ, საგადასახადო და კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს, ჩვენ ვსაუბრობთ არა ახელმწიფოს წინაშე გამჭვირვალობაზე, არამედ საზოგადოების, ანუ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე, რომელსაც, მით უმეტეს ვერ აკმაყოფილებს, როცა სახელმწიფოსაც კი არ აქვს ბოლომდე წარმოდგენა და ფინანსური მონიტორინგის სამსახური თუ ჩაერთო კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ შეიძლება, რაღაცას მიაგნოს, რაც ხალხისთვის ისევ გაუმჭვირვალე იქნება. რაც შეეხება სხვა გაუმჭვირვალე საკითხებს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ იმ ცნობილ მაგალითებს, არაცნობილ მაგალითებზე სპეციალურად არ ვსაუბრობ. მაგალითად, როგორ დატრენინგდა „კანვასის“ ტრენინგები, ვინ დატრენინდგა, რამდენი ადამიანი, რამდენი დაიხარჯა. ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობთ – კარგი საქმეები და ცუდი საქმეები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.