„შიში „რუსული კანონის“ წინაშე? საქართველოს მთავრობა დამოუკიდებელი მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას ცდილობს“

22
spot_img

გერმანულ გაზეთ „დი ცაიტ“-ში (Die Zeit) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შიში „რუსული კანონის“ წინაშე? საქართველოს მთავრობა დამოუკიდებელი მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას ცდილობს“ (ავტორი – მაქსიმ კირეევი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

ყოველ საღამოს ქართველები თბილისის ქუჩებში საკუთარი მთავრობის მიმართ რისხვას გამოხატავენ: დედაქალაქის სტუდენტებისა და ახალგაზრდების უმრავლესობა პარლამენტის შენობის წინ იკრიბება – ერთ დღეს რომ ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენ, მეორე დღეს ტექნორიტმებზე და ეროვნულ ინსტრუმენტების მელოდიებზე ცეკვავენ, ევროკავშირის დროშებით ხელში. ასე გრძელდება უკვე ორი კვირაზე მეტ ხანს.

ერთი კვირის წინ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „დაფიონმა“ დემოკრატიის ერთგვარი საჯარო დემონსტრირება განახორციელა: „ვფიცავთ, რომ არასოდეს ქედს არ მოვიხრით იმ ძალის წინაშე, რომელიც ჩვენს სამშობლოს მტერს – რუსეთს ჩააბარებს“, – გაიძახოდა რამდენიმე ასეული ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, რომლებიც პარლამენტის წინ მდებარე პატარა მოედანზე იყვნენ შეკრებილნი.

ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ?

მომიტინგეთა რისხვა მიმართულია იმ სამთავრობო კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც სამხრეთკავკასიურ პატარა სახელმწიფოს არჩევანის წინაშე აყენებს: რჩება თუ არა საქართველო, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატად ითვლება, ევროპისაკენ მიმავალ პოლიტიკურ გზაზე? თუ თბილისი ისევ აგრძელებს დრეიფს ავტორიტარიზმისაკენ და რუსეთს უახლოვდება?

პლაკატებზე გამოსახული ლოზუნგები ისე ჟღერს, რომ თითქოსდა ხალხს რუსეთის თავდასხმისა ეშინია: „არა – რუსეთს!“, „არა – რუსულ კანონს!“ – ამ სლოგანებს, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის მიმართ სალანძღავი სიტყვებით, ყველგან დაინახავთ. თუმცა საფრთხე უშუალოდ დიდი მეზობლისაგან – რუსეთისაგან – კი არ მომდინარეობს, არამედ საკუთარი ხელისუფლებისაგან – მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მთავრობიდან.

უკვე მეორედ, ბოლო 12 თვის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ სადაო კანონპროექტის პარლამენტში მიღებას ცდილობს – დოკუმენტი ითვალისწინებს დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის საშუალებების რეგისტრირებას „უცხოეთის ინტერესების წარმომადგენლების“ სახით, თუ მათი ბიუჯეტის 20% საზღვარგარეთიდან საერთაშორისო სპონსორების მიერ ფინანსდება, მაგალითად, სხვადასხვა ფონდებისა და სააგენტოების მეშვეობით. სხვათა შორის, ხელისუფლებამ გასულ წელსაც სცადა იგივე კანონპროექტის მიღება, მაგრამ რამდენიმე კვირიანი საპროტესტო აქციების შედეგად „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა კანონპროექტის განხილვა შეეჩერებინა და პარლამენტიდან გაეწვია.

„შინაარსი ჰგავს? ჰგავს…“

კანონპროექტი ზოგადად გარკვეულწილად ჰგავს რუსეთის კანონს ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც 2012 წელს არის მიღებული სახელმწიფო სათათბიროს მიერ და სხვადასხვა ჩასწორებებით თითქმის პერმანენტულად მკაცრდება. ახლა ის, თავდაპირველი ვარიანტისაგან განსხვავებით, კერძო პირების წინააღმდეგაც გამოიყენება. პუტინის რუსეთში იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდნენ, დღეს თანხების მიღება აღარ შეუძლიათ. თანდათანობითი გამკაცრების შედეგად კანონი ხელისუფლების ხელში კრიტიკოსებისა და ოპონენტების დისკრედიტაციის ინსტრუმენტად გადაიქცა, რომლებსაც „უცხოეთის აგენტის“ იარლიყები ეწებებათ.

რუსეთთან ახლოს მდებარე ზოგიერთი სახელმწიფოს ავტორიტარული მმართველი რეჟიმებიც ცდილობენ მსგავსი პრაქტიკის გადაღებას – მაგალითად, ყირგიზეთმა ამას წინათ მიიღო ანალოგიური კანონი.

ქართული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ. მთავრობის განზრახვის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ამ კანონპროექტის მიღება ქვეყანას საბოლოოდ გადაახვევინებს ევროპული გზიდან და რეფორმების გატარების კურსიდან. წინა კვირაში სამოქალაქო საზოგადოების 100-მდე წარმომადგენელმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს.

კანონპროექტიდან გამომდინარე,  ორი ძირითადი პრობლემა იქმნება: პირველი ისაა, რომ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თითქმის 95%, რომლებიც დემოკრატიის განვითარების, „ლგბტ“-პირების უფლებების დაცვით, ეკოლოგიური  და სხვა საკითხებით არის დაკავებული, საერთაშორისო წყაროებიდან ფინანსდებიან. აქედან გამომდინარე, დოკუმენტის მეშვეობით, მათი საქმიანობა გაკონტროლებული იქნება.მეორე – კანონპროექტის მიღებამ შეიძლება საქართველოს ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა გადაუკეტოს. გასულ ხუთშაბათს ევროპარლამენტმა ხმების უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, თუ ქართული კანონპროექტი ძალაში შევა, უნდა შეჩერდეს მოლაპარაკება საქართველოსთან ევროკავშირში მიღების მიზნით. ორი კვირის წინათ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დროს, იმედი გამოხატა, რომ კანონი მიღებული არ იქნება.

ეჭვები: ახდენს თუ არა რუსეთი გავლენას?

მაგრამ საინტერესოა, რატომ მოახდინა მმართველმა პარტიამ კანონპროექტის მეორედ ინიცირება?

„დღეს ეს საკითხი საქართველოში ყველაზე აქტიურად განიხილება“, – ამბობს შტეფან მარელიუსი, სამხრეთ კავკასიაში მოქმედი კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონალური პროგრამის ხელმძღვანელი, – „ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ ინიცირება რუსეთის ზეწოლით მოხდა“. მისი თქმით, რუსეთის მიზანია შეაჩეროს საქართველოს სწრაფვა ევროკავშირის წევრობისაკენ.

იგივეს აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ქვეყნის მთავრობას ოპოზიციაში უდგას: მისი მტკიცებით, კანონპროექტის მიღება ხალხის ნების გარეშე რუსული გეგმის ნაწილია, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზებას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით [პროცესის] შეჩერება ვერ ხერხდება.

წყარო