Home Blog Page 1071

 ფეხბურთელები ახლა ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. რა პრობლემაა იმაში, რომ ადამიანები მადლობას იხდიან?! -გია ვოლსკი

საერთოდ არ გვაინტერესებს, რომელ ფეხბურთელს რა პოლიტიკური პოზიცია აქვს. ფეხბურთელები ახლა ბულინგის მსხვერპლი გახდნენ, რა პრობლემაა იმაში, რომ ადამიანები მადლობას იხდიან? – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ფეხბურთელების ბულინგი უზნეობაა.

„ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი კარგად დაორგანიზებულია, ისევე როგორც დაორგანიზებულია ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ვინმეს სიტყვით გამოსვლისას უნდა უსტვინონ, რათა შემდეგ „ფორმულა“ გამოვიდეს და მკითხოს, თურმე პრემიერს ვიღაც უარყოფითად შეხვდა. გეგონებათ, მსოფლიოში ეს არ ხდება. ახლა ფეხბურთელები ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. საერთოდ არ გვაინტერესებს, რომელ ფეხბურთელს რა პოლიტიკური პოზიცია აქვს. რა პრობლემაა იმაში, რომ ადამიანები მადლობას იხდიან? მადლობა და უმადურობა გარჩევის საგნად იქცა. ლიდერებმა გადაწყვიტეს, ამაში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან ზუსტად იციან, რომ უმადურობა ცუდი ნიშანია და მობილიზებას უკეთებენ თავიანთ პაიკებს, რათა ბულინგი განავითარონ. ეს არის უზნეობა. პატარა ბიჭებმა საქართველოს სახელი გაიტანეს მსოფლიო ასპარეზზე, მათი წახალისება მეცენატობაა და სხვა არაფერი. ბიძინა ივანიშვილს სხვა მეცენატობა თუ არ ექნებოდა, კიდევ ეჭვს შევიტანდით, მაგრამ უამრავია გაკეთებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თიბისის პარტნიორი კომპანია GEO MATIC მძღოლებს უნიკალურ სერვისს სთავაზობს

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 1000 ადამიანზე 418 ავტომობილი მოდის. ამ მონაცემის გათვალისწინებით (მანქანას ლამის ყოველი მეორე ფლობს), გასაკვირია, რომ კომპანია GEO MATIC-ის მიერ მძღოლებისთვის შეთავაზებული სერვისი დღემდე არ არსებობდა ქვეყანაში და მხოლოდ ახლა მკვიდრდება.

GEO MATIC-ის დანადგარებიდან, რომლებიც ავტოსამრეცხაოებსა და სხვა შესაბამის ადგილებში დაგხვდებათ, მომხმარებელს ორი სახის პროდუქტის შეძენა შეეძლება: მინის საწმენდი ერთჯერადი ტილოსი და ასევე ერთჯერადი მუყაოს ხალიჩის.

კომპანიის დაფუძნებელმა, შოთა გაბაიძემ, ამ იდეის განხორციელებაზე ფიქრი ორი წლის წინ დაიწყო:

„დანადგარის 4 სხვადასხვა მოდელის პროტოტიპი შევქმენით, რომელთაგან ერთი შეირჩა. დამზადების პროცესმა, დაახლოებით, წელიწადს გასტანა. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს, ტექნოლოგიურად და ინოვაციურად უნიკალურია. ტილო, რომლითაც მანქანის მინებს ვწმენდთ და, ხშირად, მანქანაშივე ვინახავთ ხოლმე, უსიამოვნო სუნისა და ანტისანიტარიის წყაროა და სალონში მყოფებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, საფრთხეს წარმოადგენს. ერთჯერადი ტილო კი, რომელსაც ჩვენი დანადგარიდან მინიმალურ ფასად შეიძენთ, მიკრობოჭკოვანი, მრავალფუნქციური მასალისგანაა დამზადებული და მანქანის მინის როგორც შიდა, ისე გარე ზედაპირისთვის გამოიყენება. მეორე პროდუქტი, რომელიც მძღოლებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, ცხოვრებას გაუიოლებს, მუყაოს ერთჯერადი ხალიჩაა. ეს პროქდუქტი მანქანის სალონში სისუფთავის ხანგრძლივად შენარჩუნებას უწყობს ხელს (წვიმიან ამინდში, ქალაქგარეთ გასვლისას, სალონში მგზავრების ხშირი მონაცვლეობის შემთხვევაში და ა. შ.). ამ ხალიჩის შეძენაც იმავე აპარატიდან იქნება შესაძლებელი – ასევე მინიმალურ ფასად“.

ორივე პროდუქტი „ერთჯერადია“, მაგრამ არა პირდაპირი გაგებით. ანტიბაქტერიული, ბიოდეგრადირებადი ნაჭრის გამოყენება, თუკი მხოლოდ მინები იწმინდება, მრავალჯერადად შეიძლება, მთლიანად მანქანის გაწმენდის შემთხვევაში კი კომპანია ერთჯერადი გამოყენების რეკომენდაციას იძლევა. ხალიჩის მასალა (მუყაო) საკმაოდ გამძლეა, შეწოვის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ამიტომ ხალიჩა 4-5 დღის განმავლობაში ფუნქციურია.

ეს დანადგარები ავტომატურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და, დამფუძნებლის თქმით, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მრავალ ადგილას განთავსება.

„ამ ეტაპზე აპარატები ლარიან სამრეცხაოებზეა გათვლილი, იქ ვდგამთ, მაგრამ სამომავლოდ შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრების გარაჟებში, ავტობაზრობებზე და სხვა ადგილებზე დადგმა. 6 აპარატი უკვე თბილისშია, რამდენიმე დღეში დამატებით კიდევ 6 აპარატს ველოდებით. ამ აპარატების ნაწილის შეძენაში თიბისი ბანკი და აწარმოე საქართველო დაგვეხმარა. GEO MATIC ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულების ბიზნესია. ამ მიმართულებას თიბისი განსაკუთრებით ახალისებს, ამიტომაც გადავწყვიტე სწორედ ამ ბანკთან დაკავშირება. ბიზნესის ტექნიკური ანალიზის გაცნობის, ხარჯთაღრიცხვის გაკეთების და სხვა დეტალების შეთანხმების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ბანკის და ჩემი ხედვა დაემთხვა, შესაბამისად, თანხაც მარტივად გამოიყო“.

GEO MATIC-ის გეგმები სამ ეტაპს მოიცავს. პირველი ნაბიჯი დედაქალაქის მასშტაბით აპარატების მონტაჟია, რაც, სათანადო სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიის თანხლებით, კომპანიისა და მის მიერ შეთავაზებული სერვისის პოპულარობას გაზრდის. ამის შემდეგ კომპანია საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოიცავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ეს ფრენშაიზინგი იქნება. ამ ბიზნესით დაინტერესებული პირი ამა თუ იმ ქალაქში კომპანიისაგან შეიძენს აპარატებს, რომელთა მონტაჟს, ფუნქციონირებას, მასალის მიწოდებას და ტექნიკურ საკითხებში დახმარებას GEO MATIC თავად უზრუნველყოფს.

მესამე ეტაპზე GEO MATIC აპირებს, ქვეყნის ფარგლებს გასცდეს და ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 ქვეყნის ბაზარი მოიცვას. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

(R)

ყრუთა კავშირში საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ყრუთა კავშირთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით ყრუ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

4 ივლისს მორიგი შეხვედრა საქართველოს ყრუთა კავშირში გაიმართა და ის ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, რენატა ლევოვსკიმ და ყრუთა კავშირის თავმჯდომარემ, ამირან ბატატუნაშვილმა გახსნეს.

გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობის შესახებ.

„ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი ინსტიტუციისთვის. ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას ვახორციელებთ როგორც ინფორმირების, ისე სათანადო სერვისების მიწოდებისა და ადაპტირების მიზნით. ყრუთა კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით საინფორმაციო კამპანიას თბილისსა და რეგიონებში ვახორციელებთ. ამ მხარდაჭერისთვის ყრუთა კავშირს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორ IFES-ს, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. მათი ხელშეწყობით გვაქვს შესაძლებლობა სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან განვახორციელოთ საინფორმაციო კამპანია“, – აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

ყრუთა კავშირში ასევე გაიმართა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრები საარჩევნო ადმინისტრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად ტარდება, ასევე ვრცელდება არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში, რომელსაც თან ახლავს QR წამკითხველი, რომლის გამოყენებით ინფორმაცია მისაწვდომია ყრუ პირებისთვის ჟესტურ ენაზე, ხოლო უსინათლო პირებისთვის აუდიო ფორმატში. შეხვედრები უკვე ჩატარდა ყრუთა კავშირის რეგიონულ ოფისებში მარნეულში, რუსთავსა და გორში. უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია შეხვედრები ქუთაისში და ბათუმში.

ენტონი ბლინკენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია -დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს პირადად მიულოცა. ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს მქონდა შესაძლებლობა, სახელმწიფო მდივნისთვის, ენტონი ბლინკენისთვის დამოუკიდებლობის დღე პირადად მიმელოცა სახელმწიფო დეპარტამენტის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მდივანს მივულოცე და კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია“, – წერს ზალკალიანი.

https://x.com/DZalkaliani/status/1809070313851748532

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდება

ბათუმი არენაზე “ბორჯღალოსნები” ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს თამაში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან, დღეს 20:00 საათზე შედგება. მორაგბეები მოწინააღმდეგესთან შესარკინებლად განსაკუთრებულად მოემზადნენ.

მაქსიმალურად ბევრი ქომაგის მობილიზებისთვის კი, საქართველოს რკინიგზამ თბილისი-ბათუმის მიმართულებით 4 და 5 ივლისს ორი დამატებითი რეისი დანიშნა. სარაგბო ზეიმი თამაშის დაწყებამდე სამი საათით ადრე დაიწყება.

ესპანეთის მთავრობა პორნოგრაფიაზე წვდომისთვის “პასპორტების” შემოღებას გეგმავს -politico

ესპანეთის მთავრობა პორნოგრაფიაზე წვდომისთვის „პასპორტების“ შემოღებას გეგმავს, რათა მოზარდებისთვის ასეთ კონტენტზე წვდომა შეზღუდოს.

ამის შესახებ Politico ესპანურ El País-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ წარადგინა აპლიკაცია Cartera Digital Beta („ციფრული საფულე Beta“). პორნოს ყურების მსურველებს ამ აპლიკაციაში დარეგისტრირება და საკუთარი სრულწლოვანების დადასტურება მოუწევთ.

მონაცემების შემოწმების შემდეგ, მომხმარებლები ყოველთვიურად 30 გენერირებულ კრედიტ-კოდს მიიღებენ, რომლებიც მათ წვდომას გაუხსნით ვებგვერდებზე, სადაც უფროსებისთვის კონტენტია განთავსებული. აუცილებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია დამატებითი კრედიტების მიღების შესაძლებლობაც.

ამასთან, მთავრობაში აღნიშნავენ, რომ არ მიადევნებენ თვალყურს აპლიკაციის მომხმარებელთა აქტივობას, ამიტომ პერსონალური მონაცემების დაცვა გარანტირებული იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2027 წლის ოქტომბრიდან ევროკავშირში ამოქმედდება კანონი, რომელიც პორნოვებგვერდებს დაავალდებულებს, არასრულწლოვანებს მათ კონტენტზე წვდომა აუკრძალონ. თუმცა ესპანეთში გადაწყვიტეს, რომ ლოდინი არ უნდათ და Cartera Digital Beta-ს ამოქმედებას ზაფხულის ბოლოსკენ გეგმავენ.

ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია.

1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1974 წელს მის შესახებ გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი“; 1990 წელს მან გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია.

ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა; იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა, სამი წლის ასაკში გახდა მევიოლინე; მისი შესრულება გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები; ქართველი კომპოზიტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია; არის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ბათუმის „ღამის სერენადების“ ორგანიზატორი.

მუსიკოს მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2016 წელი – ბათუმის საპატიო მოქალაქე; 2016 წელი – თბილისის საპატიო მოქალაქე; 1998 წელი – ღირსების ორდენი; მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის; 1979 წელი – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია; 1974 წელი – საქართველოს სახალხო არტისტი; 1970 წელი – სიბელიუსის სახელობის კონკურსი (ჰელსინკი), პირველი პრემია; 1970 – პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, მესამე პრემია (მოსკოვი); 1965 წელი – მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსი, პირველი პრემია (პარიზი); 1961 წელი – მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი, მეორე პრემია; 1957 წელი – ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი; 1956 წელი – რესპუბლიკის ფესტივალი, პირველი პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი.

 საჩუქრისთვის მადლობა სწორი და კარგი საქციელია, მეც ასე მოვიქცეოდი -მიხეილ დაუშვილი

ფეხბურთელების მიერ საჩუქრისთვის გადახდილი მადლობა სწორი და კარგი საქციელია, მეც ასე მოვიქცეოდი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფეხბურთელების მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას არ შეიძლება, პოლიტიკური ელფერი მიეცეს და პოლიტიკურ განზომილებაში იყოს გადაყვანილი.

„საჩუქრისთვის გადახდილი მადლობა სწორი და კარგი საქციელია. როგორ შეიძლება, ამის გამო ვინმემ ვინმე დაამუნათოს? ბიჭები სწორად და კარგად მოიქცნენ, ეს ყველაფერი დასაფასებელია. ყველას მოვუწოდებთ, რომ ამ ბიჭებს თავი დაანებონ. არ შეიძლება, მათ მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას პოლიტიკური ელფერი მისცე და პოლიტიკურ განზომილებაში გადაიყვანო, ეს არაწორია. ამ ადამიანებს აცადონ მაგარი საქმის კეთება და ჩვენთვის იმ უდიდესი ბედნიერების მონიჭება, რასაც ამდენი ხანია გვანიჭებენ, დიდი ზეიმი ყველას გვაჩუქეს. მიმაჩნია, რომ მათი მხრიდან მადლობის გადახდა სწორია და მეც ასე მოვიქცეოდი. ცუდს უნდა დაერქვას ცუდი, კარგს კარგი. როცა კონკრეტული ქმედება დასაგმობი არ არის, იმას არ დავგმობთ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია 5 აგვისტოს დასრულდება

მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია 5 აგვისტოს დასრულდება. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საუბარია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე (დასავლეთის მიმართულება), მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე, სადაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.

5 ივნისიდან, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში. აღნიშნული შეზღუდვა იმოქმედებს 5 აგვისტოს ჩათვლით.

პროექტის ფარგლებში ხიდის შუალედური ბურჯების შეკეთება უკვე დასრულებულია. სამუშაოები აქტიურად მიმდინარებს მალის ნაშენზე და ხიდის სავალ ნაწილზე, სადაც დღეს დასრულდება ბეტონის ახალი ფილის მოწყობა. ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მისაღებად საჭიროა 10-14 დღე, რის შემდეგაც დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. იგივე სამუშაოები ჩატარდება გზის მეორე ზოლზეც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მგზავრებს გადაუდებელი სამუშაოების წარმოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის.

ევროპული გამოცემებიც წერდნენ ეროვნული ნაკრების 30 მილიონით დაჯილდოებაზე, ეს ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი, მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც-ოთარ კიტეიშვილი

x

ევროპული გამოცემებიც წერდნენ ეროვნული ნაკრების 30 მილიონით დაჯილდოებაზე, ეს ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი, მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ოთარ კიტეიშვილმა განაცხადა.

კიტეიშვილს კითხვა დაუსვეს, ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროვნული ნაკრებისთვის 30 მილიონი ლარის გადაცემა რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარებისთვის, მეტი წინსვლისა და წარმატებისთვის, რაზეც ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან დასაფასებელი ფაქტია.

„რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, არის ძალიან დასაფასებელი ფაქტი, არა მარტო ჩვენი მხრიდან, ფეხბურთელებს ვგულისხმობ, არამედ მთელი ქართველი ხალხის მხრიდან. ევროპული გამოცემები წერდნენ ამ ფაქტის შესახებ და ამის აფიშირება ხდებოდა, ეს ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი და ძალიან მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც. ვფიქრობ, ძალიან კარგი მაგალითი იყო ამის“, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატების შემდეგ ფონდმა „ქართუმ“ 23 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გადაეცემოდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ნაკრების წევრებმა აღნიშნული თანხა, პრემიის სახით, უკვე მიიღეს.

ფეხბურთელებო, მოგვბაძეთ ხელოვანებს – ბიძინას ფული რომ ჩაგერიცხებათ, მეორე დღეს რუსთაველზე უნდა გავარდეთ და „ბიძინა ფაშისტი და პუტინიაო”, უნდა იყვიროთ, თან მშვიდი სინდისით ხარჯოთ „ფაშისტებისაგან“ აღებული ფული -სვიმონ ჯანგულაშვილი

ეჰ, ფეხბურთელებო… არაფერი თქვენ არ იცით! მოგვბაძეთ ჩვენ, ხელოვანებს – ბიძინას ფული რომ ჩაგერიცხებათ, მეორე დღეს რუსთაველზე უნდა გავარდეთ და „ბიძინა ფაშისტი და პუტინიაო”, უნდა იყვიროთ. საღამოს ბიძინასთან ან წულუკიანთან შუამავლები და ჩამწყობები უნდა ეძებოთ და დილით ჯალათები უნდა უძახოთ, – ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჯანგულაშვილი სარკასტული შინაარსის პოსტით ეხმაურება რადიკალების განცხადებებს, რომლებიც მათ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მისამართით გააჟღერეს.

„მთელი მსოფლიოს გასაგონად უნდა იყვიროთ, ღია წერილებს ხელი უნდა მოაწეროთ – “ბიძინა და მინისტრები მთავარანგელოზ სააკაშვილს აწამებენ და ჰკლავენო” და თან ფინანსური ბენეფიტები და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა უნდა გამოსტყუოთ ამ მკვლელებსა და მწამებლებს. თუ წულუკიანს ვერ იტანთ, მაშინ კალაძესთან დაფინანსება უნდა ჩააწყოთ “თქვენიანი” ჩინოვნიკის მეშვეობით და მერე, „ქართული ოცნება ფაშისტიაო, და მისი მხარდამჭერები რუსები ხართო”, უნდა იჭყვიტინოთ. თან მშვიდი სინდისით ხარჯოთ ფაშისტებისაგან აღებული ფული, თითქოსდა ფაშისტებისგან და ოკუპანტისაგან, ფაშისტური და კოლაბორაციონისტი მთავრობისაგან ფულის აღება დანაშაული არაა…

უფრო მეტიც – სანამ შეგეძლებათ, ღიად და ჩუმჩუმად მოსკოვებში, პეტერბურგებსა და ნოვოსიბირსკებში უნდა იაროთ კონცერტების გასამართად, და მერე, როცა გამდიდრდებით რუსული ფულით, მთელი ძალ-ღონით უნდა იმაუწყებლოთ რუსთაველზე და ფეისბუქ-ინსტაგრამებში – “არა რუსულ ფულსო”. უფრო მაგარმა პირდაპირ გერგიევისგან და პუტინის კულტურის და სპორტის სამინისტროსგან უნდა გააიმასქნას მსუყე ბენეფიტები და მერე, თავად პუტინის ხელისუფლების ბენეფიციარმა, სხვებს უნდა უწოდოს მონა და რუსი… ასევე, ძალიან სასარგებლოა, როცა შენ ქართულ ოცნებას ლანძღავ და რევოლუციონერი, რებელა, გმირი ხელოვანის იმიჯი გაქვს მორგებული, გრანტებს იღებ ევროპული საელჩოებიდან და, იმავდროულად, შენი ნათესავები ან ოჯახის წევრები, ყოველი შემთხვევისათვის, ზოგნი რომელიღაცა მინისტრთან და ზოგნი კი – თავად ივანიშვილთან არიან გადაკისკისებით ჩახუტებულები… ამრიგად, ყველა მხრიდან დაზღვეული და დაფინანსებული ხარ, თან პროევროპულ და ლიბერალურ სიძულვილსა და შეუწყნარებლობას თესავ და თან მშვენივრად იყენებ “ოლიგარქის” ფულებსაც და მინისტერთან კონტაქტს. ცოტა ახალგაზრდებმა, შეგიძლიათ ანტი-რუსულ მიტინგებზე იცეკვოთ და ჩუმ-ჩუმად იტალია-შვეიცარიებში მდიდარ რუსებთან კორპორატიულ კონცერტებზე დაუკრათ და იმღეროთ… მერე რა? როგორც დიდად სახელოვანი გენიოსი ბენდუქიძე და დიდებული ხერხემალ-მერაბიშვილი ამბობდნენ – “ფულს სუნი არა აქვს”… მთავარია სხვებს აუკრძალოთ ფულის მიღება, თორემ თქვენს ჯიბეში რუსული ფული ანტირუსულ იარაღად იქცევა… განა ასე არ იქცევიან ჩვენი დიდი ჟანა დ’არკი – ელენე ხოშტარია? ან კეზერას დაფინანსებული გენიოსი სცენარისტ-პოეტ-მწერლები “ფორმულადან”? ანდაც, ახალგაზრდების ლიდერი, ჩვენი ტროცკი – ჯაფარა? საერთოდ, მადლობა არ უნდა უთხრათ ივანიშვილს და ამ საზიზღარ მთავრობას. აი, ცხონებულ რურუას კი ბოლომდე უნდა მადლობდე სამინისტროს ფულით გაკეთებული სიკეთისათვის. აბა რა, წულუკიანი ხომ მხედრიონელი და მკვლელია, და რურუა კი ჰუმანისტი და წიგნების ავტორი იყო, ფერადი წინდები ეცვა და ეს საზიზღარი და უნიჭო სტურუა გააგდო თეატრიდან.

ფეხბურთელებო, რაგბისტებო, ძალოსნებო, სპორტსმენებო, მოგვბაძეთ ხელოვანებს – პირზე ღიმილით და დამტკბარ-დაშაქრული გამომეტყველების მიღმა მიმალული გესლით ესაუბრეთ ერთმანეთს. შემოქმედება უკომპრომისო იდეალებს, ამაღლებულ გრძნობებს მიუძღვენით, ერს ჭკუა დაარიგეთ და ჩუმ-ჩუმად კეზერაშვილის და ნაყოფიას ფულებით გამდიდრდით! მერე რა, რომ ეს ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების ძარცვით მოპოვებული ფულია?! განა დიდი ლენინი არ ამბობდა – მიზანი ამართლებს საშუალებასო? ოლიგარქი ოლიგარქით დაითრგუნება.

მადლობა მხოლოდ სააკაშვილის მიერ 9 წლის მანძილზე გორამდე დაგებულ ავტობანს ეკუთვნის. ივანიშვილს კი მადლობა არაფერში არ ეკუთვნის. ვალდებულიცაა რომ საქართველოს გარეთ ნაშოვნი ფული ჩვენ დაგვახარჯოს! რომ ჩამოვაგდებთ, საერთოდ გავპარსავთ! მასავით კი არ მოვიქცევით, კოჰაბიტაციითა და სხვა სისულელეებით…
……………..
სინამდვილე კი ისაა, რომ ეს ქართული, სამხრეთული რადიკალიზმი, მასობრივი ისტერია და კოლექტიური არაცნობიერის ნეგატიური მხარეების მიზანმიმართული დატრიგერება და გამოვლენა, წივილ-კივილი და ინფანტილური სიგიჟეები, ყველაფერს, ყველაფერს ანგრევს! თუკი ხელისუფლება რუსულია, ოკუპანტთანაა კოლაბორაციაში და ქვეყნის მტერია, მაშინ დაუყოვნებლივ აჯანყება უნდა მოაწყო და რევოლუციურად შეცვალო!ოკუპანტთან და კოლაბორანტთან კოლაბორაცია დანაშაულია! თუ არ ჯანყდები, ცხადია, რომ შენი რადიკალური და ისტერიული შეფასებები და ტერმინოლოგია სიცრუეა და ჩვეულებრივი მატყუარა ისტერიჩკები, ანუ ლაშა ბუღაძეები და ნიკა გვარამიები ხართ. ოპოზიცია, მთავრობის კრიტიკა, მთავრობის ცვლილებისათვის ლეგიტიმური ხერხებით ბრძოლა საჭიროა, აუცილებელიცაა, რადგანაც ასე ფუნქციონირებს რესპუბლიკური, დემოკრატიული წყობა. მაგრამ ეს ბრძოლა არა სიცრუესა და ყალბ, რადიკალურ და ისტერიულ იდეებზე უნდა იყოს დაფუძნებული, არამედ, სიმართლეზე, ჰუმანიზმსა და სიკეთეზე. ფეხბურთელებს რომ ეს დღე ელოდათ “ოსანადან” “ჯვარს-აცვი”-მდე, ეს თავიდანვე ცხადი იყო.

მე უფრო ის მაინტერესებს – თუ გამოჩნდება ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ერთი ოპოზიციური პარტია მაინც, ვინც ნოდარ მელაძეობასა და ნიკა გვარამიობაზე ხელს აიღებს და ისე გაუწევს ოპონირებას ხელისუფლებას – სიყალბის, სიცრუის, ისტერიკის, რადიკალიზმისა და სააკაშვილის პოლიტ-პატიმრად გამოცხადების გარეშე? პირობას ვდებ, რომ აი ასეთ ოპოზიციურ პარტიას მივცემ ხმას – მიუხედავად ჩემი პოლიტიკური გემოვნებისა! მე მინდა ეროვნული, ქრისტიანული და ევროპული საქართველო. მე მინდა რომ საქართველო ევრო-ავშირის წევრი გახდეს. მე მინდა რომ ერთმანეთს არ ვჭამდეთ…
……………………………………………
ეჰ, ფეხბურთელებო… ტკბილ-ქართველებო! კიდევ კარგი, კომპოზიტორები, დირიჟორები, რეჟისორები, მსახიობები, მომღერლები ან მწერალ-პოეტები არა ხართ… რასა ხართ გადარჩენილნი, თქვენ ხომ არ იცით… ზიზღისა და აგრესიის როგორ ჭაობს ხართ გადარჩენილნი… შორიდან კი ლამაზი ჩანს ეგ ჭაობი – მშვენიერი ლოტოსის ყვავილებით მორთული და ამწვანებული“, – წერს ჯანგულაშვილი.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე სირთულეებით სავსეა, თუმცა მათი გადალახვა შეგიძლიათ. თუ მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარება მეგობრებს სთხოვეთ – ისინი სიხარულით დაგეხმარებიან. სანამ ადამიანებს პრეტენზიებით მიმართავთ, კარგად დაფიქრდით სამართლიანია თუ არა ისინი. საღამოს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც მოგწონთ და გსიამოვნებთ. დაძაბული კვირის ბოლოს დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ.

კურო

ამ დღეს ყველაზე მეტად დადებითი ემოციები გჭირდებათ, ამიტომ უმნიშვნელო წვრილმანები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მზიანი დღით დატკბით და ეცადეთ მთელი დღის მანძილზე ხალისიანი განწყობა შეინარჩუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პარტნიორის მოთხოვნილებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მის აზრს მეტი პატივი სცეთ.

ტყუპები

ამ დღეს ყველაზე მიუწვდომელ სიმაღლეებსაც კი დაიპყრობთ. თქვენ იმის გაკეთებას შეძლებთ, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ. ეცადეთ გონიერება გამოიჩინოთ და შურიანი ადამიანებისგან თავის დასაცავად მოქმედების საგანგებო სტრატეგია შეიმუშაოთ. ფრთხილად იყავით ფინანსურ ოპერაციებთან – ვიღაც თქვენს თაღლითურ სქემაში ჩართვას ეცდება. გირჩევთ ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და გაარკვიოთ რა არის დასაშვები და რა არა. ეს უხერხულობას და პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.

კირჩხიბი

თქვენი წინასწარმეტყველური სიზმარი შეიძლება მალე რეალობად იქცეს. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის არ გიღალატებთ. თქვენ ხშირად გიწევთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა და ეცადეთ მათ საკუთარი ემოციები არ დაანახოთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ლომი

შინაგანი ცეცხლი, რომელიც ამ დღეს თქვენში ანთია, თქვენს ყველა მოქმედებაზე აისახება. ზღვარგადასულმა აქტივობამ შეიძლება ძალიან დაგღალოთ, ამიტომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ. ახლა თქვენზეა დამოკიდებული მას როგორ გამოიყენებთ. ამ დღეს ყველაზე მეტად პრობლემებისგან თავის დაღწევა და მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ.

ქალწული

ეცადეთ კარგად გამოიძინოთ და წვრილმანების გამო ნერვები არ მოიშალოთ. ბუნებაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გატარებული დრო თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ვიღაც ეცდება, რომ მცდარი ინფორმაციით თქვენს პროფესიულ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. ამ დღეს დაპირებებს არ უნდა ენდოთ და მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. საჭიროების შემთხვევაში, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ადამიანებისგან ახსნა-განმარტებები უნდა მოითხოვოთ.

სასწორი

ილუზიებში ცხოვრების დრო დასრულდა. ეცადეთ რეალობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და მიხვდებით, რომ ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვის გჭირდებათ, ცხვირწინ გაქვთ და ვერ ამჩნევთ. გირჩევთ საკუთარი პრობლემები უახლოეს მეგობართან ერთად განიხილოთ – სავარაუდოდ, მისგან ფასეულ რჩევას მიიღებთ, რომელიც სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ. ნუ დაეხმარებით ადამიანს, ვისაც თქვენი დახმარება არ სჭირდება. შეგიძლიათ საკუთარი ენერგია ბევრად უფრო ნაყოფიერად გამოიყენოთ.

მორიელი

ახალი პროექტის დაწყებისა და სანუკვარი ოცნების ასრულებისთვის ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ ალკოჰოლურ სასმელებზე უარი თქვათ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ მეგობრებთან ერთად გაერთოთ და ხელსაყრელი გარიგება დადოთ. იღბალი დაგეხმარებათ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მშვილდოსანი

ჯანსაღი ცხოვრების წესის წყალობით თავს შესანიშნავად გრძნობთ, თუმცა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები გაქვთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, რომ უნებურად, ვინმეს გული არ ატკინოთ. თუ ადამიანებს არ ეთანხმებით, შეგიძლიათ პირდაპირ უთხარით, მაგრამ ეს აგრესიის და უხეშობის გარეშე უნდა გააკეთოთ. ეცადეთ ძალები რაიმე ახალ და უჩვეულო საქმეში მოსინჯოთ ან იქ წახვიდეთ, სადაც არასოდეს ყოფილხართ.

თხის რქა

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საოცნებო ნივთი შეიძინოთ. ბოლოს და ბოლოს თქვენთვის საჭირო ადამიანს იპოვით რომელიც დაწყებული საქმის დასრულებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობლებთან სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავოთ – შესაძლოა, სწორად ვერ გაგიგონ.

მერწყული

ამ დღეს ყველაზე მეტად ნაჩქარევად მოქმედებას უნდა მოერიდოთ. წარმატებას მხოლოდ კარგად დაგეგმილ და ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებულ საქმეში მიაღწევთ. საღამოს რაღაც ისეთს გააკეთებთ, რომ საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით. მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრამდე მოსაფიქრებლად დრო ითხოვეთ და კითხვას მაშინვე ნუ უპასუხებთ.

თევზები

ამ დღეს ბავშვობისდროინდელი შიშები თუ კომპლექსები თავს შეგახსენებთ. მოსალოდნელია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რაც გარკვეულ უსიამოვნებებს უკავშირდება. ეცადეთ წესები და კანონები არ დაარღვიოთ. მოერიდეთ საჯარო ღონისძიებებზე დასწრებას და ხალხის თავშეყრის ადგილებს.