ფეხბურთელებო, მოგვბაძეთ ხელოვანებს – ბიძინას ფული რომ ჩაგერიცხებათ, მეორე დღეს რუსთაველზე უნდა გავარდეთ და „ბიძინა ფაშისტი და პუტინიაო”, უნდა იყვიროთ, თან მშვიდი სინდისით ხარჯოთ „ფაშისტებისაგან“ აღებული ფული -სვიმონ ჯანგულაშვილი

38
spot_img

ეჰ, ფეხბურთელებო… არაფერი თქვენ არ იცით! მოგვბაძეთ ჩვენ, ხელოვანებს – ბიძინას ფული რომ ჩაგერიცხებათ, მეორე დღეს რუსთაველზე უნდა გავარდეთ და „ბიძინა ფაშისტი და პუტინიაო”, უნდა იყვიროთ. საღამოს ბიძინასთან ან წულუკიანთან შუამავლები და ჩამწყობები უნდა ეძებოთ და დილით ჯალათები უნდა უძახოთ, – ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჯანგულაშვილი სარკასტული შინაარსის პოსტით ეხმაურება რადიკალების განცხადებებს, რომლებიც მათ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მისამართით გააჟღერეს.

„მთელი მსოფლიოს გასაგონად უნდა იყვიროთ, ღია წერილებს ხელი უნდა მოაწეროთ – “ბიძინა და მინისტრები მთავარანგელოზ სააკაშვილს აწამებენ და ჰკლავენო” და თან ფინანსური ბენეფიტები და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა უნდა გამოსტყუოთ ამ მკვლელებსა და მწამებლებს. თუ წულუკიანს ვერ იტანთ, მაშინ კალაძესთან დაფინანსება უნდა ჩააწყოთ “თქვენიანი” ჩინოვნიკის მეშვეობით და მერე, „ქართული ოცნება ფაშისტიაო, და მისი მხარდამჭერები რუსები ხართო”, უნდა იჭყვიტინოთ. თან მშვიდი სინდისით ხარჯოთ ფაშისტებისაგან აღებული ფული, თითქოსდა ფაშისტებისგან და ოკუპანტისაგან, ფაშისტური და კოლაბორაციონისტი მთავრობისაგან ფულის აღება დანაშაული არაა…

უფრო მეტიც – სანამ შეგეძლებათ, ღიად და ჩუმჩუმად მოსკოვებში, პეტერბურგებსა და ნოვოსიბირსკებში უნდა იაროთ კონცერტების გასამართად, და მერე, როცა გამდიდრდებით რუსული ფულით, მთელი ძალ-ღონით უნდა იმაუწყებლოთ რუსთაველზე და ფეისბუქ-ინსტაგრამებში – “არა რუსულ ფულსო”. უფრო მაგარმა პირდაპირ გერგიევისგან და პუტინის კულტურის და სპორტის სამინისტროსგან უნდა გააიმასქნას მსუყე ბენეფიტები და მერე, თავად პუტინის ხელისუფლების ბენეფიციარმა, სხვებს უნდა უწოდოს მონა და რუსი… ასევე, ძალიან სასარგებლოა, როცა შენ ქართულ ოცნებას ლანძღავ და რევოლუციონერი, რებელა, გმირი ხელოვანის იმიჯი გაქვს მორგებული, გრანტებს იღებ ევროპული საელჩოებიდან და, იმავდროულად, შენი ნათესავები ან ოჯახის წევრები, ყოველი შემთხვევისათვის, ზოგნი რომელიღაცა მინისტრთან და ზოგნი კი – თავად ივანიშვილთან არიან გადაკისკისებით ჩახუტებულები… ამრიგად, ყველა მხრიდან დაზღვეული და დაფინანსებული ხარ, თან პროევროპულ და ლიბერალურ სიძულვილსა და შეუწყნარებლობას თესავ და თან მშვენივრად იყენებ “ოლიგარქის” ფულებსაც და მინისტერთან კონტაქტს. ცოტა ახალგაზრდებმა, შეგიძლიათ ანტი-რუსულ მიტინგებზე იცეკვოთ და ჩუმ-ჩუმად იტალია-შვეიცარიებში მდიდარ რუსებთან კორპორატიულ კონცერტებზე დაუკრათ და იმღეროთ… მერე რა? როგორც დიდად სახელოვანი გენიოსი ბენდუქიძე და დიდებული ხერხემალ-მერაბიშვილი ამბობდნენ – “ფულს სუნი არა აქვს”… მთავარია სხვებს აუკრძალოთ ფულის მიღება, თორემ თქვენს ჯიბეში რუსული ფული ანტირუსულ იარაღად იქცევა… განა ასე არ იქცევიან ჩვენი დიდი ჟანა დ’არკი – ელენე ხოშტარია? ან კეზერას დაფინანსებული გენიოსი სცენარისტ-პოეტ-მწერლები “ფორმულადან”? ანდაც, ახალგაზრდების ლიდერი, ჩვენი ტროცკი – ჯაფარა? საერთოდ, მადლობა არ უნდა უთხრათ ივანიშვილს და ამ საზიზღარ მთავრობას. აი, ცხონებულ რურუას კი ბოლომდე უნდა მადლობდე სამინისტროს ფულით გაკეთებული სიკეთისათვის. აბა რა, წულუკიანი ხომ მხედრიონელი და მკვლელია, და რურუა კი ჰუმანისტი და წიგნების ავტორი იყო, ფერადი წინდები ეცვა და ეს საზიზღარი და უნიჭო სტურუა გააგდო თეატრიდან.

ფეხბურთელებო, რაგბისტებო, ძალოსნებო, სპორტსმენებო, მოგვბაძეთ ხელოვანებს – პირზე ღიმილით და დამტკბარ-დაშაქრული გამომეტყველების მიღმა მიმალული გესლით ესაუბრეთ ერთმანეთს. შემოქმედება უკომპრომისო იდეალებს, ამაღლებულ გრძნობებს მიუძღვენით, ერს ჭკუა დაარიგეთ და ჩუმ-ჩუმად კეზერაშვილის და ნაყოფიას ფულებით გამდიდრდით! მერე რა, რომ ეს ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების ძარცვით მოპოვებული ფულია?! განა დიდი ლენინი არ ამბობდა – მიზანი ამართლებს საშუალებასო? ოლიგარქი ოლიგარქით დაითრგუნება.

მადლობა მხოლოდ სააკაშვილის მიერ 9 წლის მანძილზე გორამდე დაგებულ ავტობანს ეკუთვნის. ივანიშვილს კი მადლობა არაფერში არ ეკუთვნის. ვალდებულიცაა რომ საქართველოს გარეთ ნაშოვნი ფული ჩვენ დაგვახარჯოს! რომ ჩამოვაგდებთ, საერთოდ გავპარსავთ! მასავით კი არ მოვიქცევით, კოჰაბიტაციითა და სხვა სისულელეებით…
……………..
სინამდვილე კი ისაა, რომ ეს ქართული, სამხრეთული რადიკალიზმი, მასობრივი ისტერია და კოლექტიური არაცნობიერის ნეგატიური მხარეების მიზანმიმართული დატრიგერება და გამოვლენა, წივილ-კივილი და ინფანტილური სიგიჟეები, ყველაფერს, ყველაფერს ანგრევს! თუკი ხელისუფლება რუსულია, ოკუპანტთანაა კოლაბორაციაში და ქვეყნის მტერია, მაშინ დაუყოვნებლივ აჯანყება უნდა მოაწყო და რევოლუციურად შეცვალო!ოკუპანტთან და კოლაბორანტთან კოლაბორაცია დანაშაულია! თუ არ ჯანყდები, ცხადია, რომ შენი რადიკალური და ისტერიული შეფასებები და ტერმინოლოგია სიცრუეა და ჩვეულებრივი მატყუარა ისტერიჩკები, ანუ ლაშა ბუღაძეები და ნიკა გვარამიები ხართ. ოპოზიცია, მთავრობის კრიტიკა, მთავრობის ცვლილებისათვის ლეგიტიმური ხერხებით ბრძოლა საჭიროა, აუცილებელიცაა, რადგანაც ასე ფუნქციონირებს რესპუბლიკური, დემოკრატიული წყობა. მაგრამ ეს ბრძოლა არა სიცრუესა და ყალბ, რადიკალურ და ისტერიულ იდეებზე უნდა იყოს დაფუძნებული, არამედ, სიმართლეზე, ჰუმანიზმსა და სიკეთეზე. ფეხბურთელებს რომ ეს დღე ელოდათ “ოსანადან” “ჯვარს-აცვი”-მდე, ეს თავიდანვე ცხადი იყო.

მე უფრო ის მაინტერესებს – თუ გამოჩნდება ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ერთი ოპოზიციური პარტია მაინც, ვინც ნოდარ მელაძეობასა და ნიკა გვარამიობაზე ხელს აიღებს და ისე გაუწევს ოპონირებას ხელისუფლებას – სიყალბის, სიცრუის, ისტერიკის, რადიკალიზმისა და სააკაშვილის პოლიტ-პატიმრად გამოცხადების გარეშე? პირობას ვდებ, რომ აი ასეთ ოპოზიციურ პარტიას მივცემ ხმას – მიუხედავად ჩემი პოლიტიკური გემოვნებისა! მე მინდა ეროვნული, ქრისტიანული და ევროპული საქართველო. მე მინდა რომ საქართველო ევრო-ავშირის წევრი გახდეს. მე მინდა რომ ერთმანეთს არ ვჭამდეთ…
……………………………………………
ეჰ, ფეხბურთელებო… ტკბილ-ქართველებო! კიდევ კარგი, კომპოზიტორები, დირიჟორები, რეჟისორები, მსახიობები, მომღერლები ან მწერალ-პოეტები არა ხართ… რასა ხართ გადარჩენილნი, თქვენ ხომ არ იცით… ზიზღისა და აგრესიის როგორ ჭაობს ხართ გადარჩენილნი… შორიდან კი ლამაზი ჩანს ეგ ჭაობი – მშვენიერი ლოტოსის ყვავილებით მორთული და ამწვანებული“, – წერს ჯანგულაშვილი.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.