ომის 580-ე დღე – რა ხდება უკრაინაში

190
spot_img

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, წუხელ, ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რის შედეგადაც დაზიანდა საგუშაგოს შენობა, საწყობები, 30-მდე სატვირთო მანქანა, დაიწვა 6 სატვირთო მანქანა და დაშავდა ორი მძღოლი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, მეხანძრეებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს, ერთ-ერთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მეორე კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოლეგ კიპერის ინფორმაციით, ოდესის ოლქში დრონებით თავდასხმა 2 საათს გაგრძელდა. მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს

დონეცკის ოლქი და ავდეეკა-ბახმუტი ისევ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია. რუსმა ოკუპანტებმა სახმელეთო ოპერაციები განაახლეს. ცნობას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ავრცელებს და იუწყება, რომ, მცდელობის მიუხედავად, საოკუპაციო ძალებმა წინ წაწევა ვერ შეძლეს.

ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ რუსული და უკრაინული მხარეები. რუსი ბლოგერები ამტკიცებენ, რომ რუსეთის ძალები ბახმუტთან ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტს, ორეხოვო-ვასილევსკს აკონტროლებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით კი, ქვეყნის თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით კონტრშეტევით ოპერაციას განაგრძობენ და ბახმუტთან ახლოს ორ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი მოიპოვეს.