ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს სრული თავისუფლება, დააკომპლექტოს თავისი პარტიული სია მეტი ქალით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის მხარდაჭერა ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის, მათი მონაწილეობის მიმართ არ შესუსტდება. როდესაც ჩვენ თავის დროზე მივიღეთ კვოტირების პრინციპი, იმთავითვე ითქვა, რომ ეს იყო დროებითი ზომა. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს სრული თავისუფლება, დააკომპლექტოს თავისი პარტიული სია მეტი ქალით. მომავალ საპარლამენტო სიაშიც, „ქართულ ოცნებას“ ეყოლება ქალთა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა. ჩვენთვის რეალურად, ეს ცვლილება არ არის უკვე იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციას ეს ინიციატივა დავუბლოკოთ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა გენდერულ კვოტირებაზე „გირჩის“ ინიციატივას იზიარებს, სანაცვლოდ კი ელოდება, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის არ გამოიყენებს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე ბექა დავითულიანმა განაცხადა.