“ნაყიდი მხარდაჭერა, ნაყიდი თანაგრძნობა, ნაყიდი ავადმყოფობა – კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ჩვენ ამ ფეიკებს არ უნდა ვებრძოდეთ” – მამუკა მდინარაძე

58
spot_img

როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ თურმე ამ ქვეყნის (ხელისუფლებას რა უჭირს) საწინააღმდეგო რეზოლუციები ლობიზმის შედეგი ყოფილა, ეს, რა თქმა უნდა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ FARA-ს დოკუმენტებში არსებულ იმ დეტალებზეც ისაუბრა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის საკითხში ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ჩართულობას ეხება.

„რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია, როდესაც მარგველაშვილი გამოვიდა და თქვა: „მე შევქმენი პეტიცია, მოვაწერინე ხალხს ხელი“ და თურმე არაფერი შეუქმნია – ვიღაცამ დაუწერა, ვიღაც თავის ხალხს უთხრა: „ახლა თქვენც მოაწერეთ ხელი“ და მხოლოდ ამ პატარა,​ მინი-კამპანიაში, ამ დამაზიანებლობის გავრცელებაში გადაიხადეს 11 500 დოლარი. ეს, რაც, როგორც ჩანს, აუცილებელი გახდა ფურცელზე მოხვედრილიყო. და თქვენ წარმოიდგინეთ, რასაც ეს ხალხი ერთად აკეთებდა თვეებისა და წლების განმავლობაში, ეს რა ჯდება.

მაგრამ მხოლოდ ფული საკმარისი არ არის. ამას სჭირდება მერე სხვა მხრივ მხარდაჭერა, რომელიც, ხედავთ, რომ არსებობს, სამწუხაროდ. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იყრის თავს იმაში, რომ აზიანებენ საქართველოს.

ნაყიდი მხარდაჭერა, ნაყიდი თანაგრძნობა, ნაყიდი ავადმყოფობა, თან მხარდაჭერილი დავალების მიმცემების მიერ – ეს არის როგორც მინიმუმ ძალიან უხერხული და ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა დგას ევროპის გზაზე. კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ჩვენ ამ ფეიკებს არ უნდა ვებრძოდეთ – ერთად უნდა ვიბრძოდეთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

და დღეს ყველა სიტყვაში – რუსული კანონი (მოგონილი ამბავი), რუსული ნაბიჯები, რუსული გამომეტყველება – მივალთ აქამდე. არჩევნებამდე აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ ჩემს ჟესტიკულაციაზე შეიძლება თქვან: „რუსული მანერები“ და ამ მდაბიო პიარის, ფეიკის მსხვერპლი უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა. ეს არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა მდინარაძემ.

FARA-ს დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს 11 500 დოლარი სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პეტიციაზე მუშაობისთვის ჩაერიცხა.