“ეს ქვეყანა აგენტებს და სხვების დავალებების შემსრულებლებს არ უნდა დავუთმოთ და ამაზე უნდა შევთანხმდეთ”-მამუკა მდინარაძე

71
spot_img

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ ქვეყანაში აგენტები, რამდენ კლასტერადაც არ უნდა დაიყონ, რამდენჯერაც არ უნდა დაბრუნდნენ უკან თუ სხვაგან გადავიდნენ, ვერ გაიმარჯვებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, ლოგიკურია, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე შესაძლებელია, საქმე გვქონდეს „ნაცმოძრაობის“ რიგებში გადაჯგუფებასთან, ანუ დიდ კლასტერში, რომელიც საქართველოში რამდენიმე პარტიად არის გაშლილი.

„იგივე ლოგიკა გვეუბნება, რომ ყველაზე რადიკალი და ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები დღეს 5 ნომრის ქვეშ შეიკრიბნენ. ვაშაძის პოლიტიკური ხასიათი ძალიან ჰგავს „ნაცმოძრაობის“ ე.წ. თავმჯდომარის, ხაბეიშვილის პოლიტიკურ ხასიათს, რადგან ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ყველაზე რადიკალები და ასე პოზიციონერებენ. როგორც ჩანს, ეს ჯგუფი ერთ მხარეს დააჯგუფეს. მათ არაფერს ეკითხებიან, დავალებას აძლევენ და რასაც ეტყვიან, ყველაფერს აკეთებენ. ალბათ მეორე კლასტერს ვნახავთ, რომელიც ლიბერალებზე იმუშავებს, მაგრამ, რეალურად, ფსევდოლიბერალური ღირებულებებით იქნებიან, რადგან მათ ლიბერალიზმთან საერთო არაფერი აქვთ. ამ ნაწილში იქნებიან ზურა-გირჩი ჯაფარიძე და მისი მხარე. შესაძლოა, მათთან ვიხილოთ „ლელო“, გახარია და სხვა პოლიტიკური წარმონაქმნები. ყველანი ცდილობენ, ერთად მიიღონ ხმები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოუგებს, რაც წარმოუდგენელია.

ერთ რამეში ცდებიან. მაგალითად, პირველკლასელი ბავშვი რომ გააკეთებს, „ნაცმოძრაობის“ 18 პროცენტს და ვაშაძის ორ პროცენტს მარტივად შეკრებს და ეს 20 პროცენტია, საარჩევნო არითმეტიკა ასე არ ჯდება ხოლმე. „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის ქცევა შეიძლება ისეთი იყოს, რომ 18 პროცენტს ორი პროცენტი მიუმატო და აღმოჩნდეს 15. გამარჯვებაზე ფსონს ვერ დადებენ, რადგან ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ ქვეყანაში აგენტები, რამდენ კლასტერადაც არ უნდა დაიყონ და რამდენჯერაც არ უნდა დაბრუნდნენ უკან თუ სხვაგან გადავიდნენ, ვერ გაიმარჯვებენ. სულ რომ ხვალ ან რამდენიმე წლის შემდეგ იყოს, ჩვენს ხელისუფლებას დავუთმობთ იმ ხალხს, ვინც აგენტები არ არიან და ამ ქვეყანაზე ზრუნავენ. შეიძლება, მათ პლიუს-მინუსი ჰქონდეთ, მაგრამ უნდა იყვნენ ამ ქვეყნის პატრიოტები. ეს ქვეყანა აგენტებს და სხვების დავალებების შემსრულებლებს არ უნდა დავუთმოთ და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. სრული კონსენსუსი უნდა იყოს. რეალური ევროპული მომავალი, რეალური პატრიოტიზმი და სიმართლე უნდა იყოს დომინირებული და გამარჯვებული არჩევნებში. ამ შემთხვევაში ოპოზიციაში დიდი სიამოვნებით გადავალთ. ხელისუფლებაში ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ოპოზიციაში მხოლოდ მაშინ გადავალთ, როცა მივხვდებით და ქართველი ხალხი დაინახავს, რომ ოპოზიციაში არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ კარნახით კი არ იმოქმედონ, არამედ შეუძლიათ ქართველი ხალხის კარნახით მოქმედება და ქვეყნის ეროვნული ინტერესებით მოქმედება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.