„მწვანე“ პოლიტიკოსი ანტონ ჰოფრაიტერი თბილისს აკრიტიკებს: „საქართველოს მომავალი ევროკავშირში სასწორზეა დადებული“

40
spot_img

გერმანული გაზეთი „ტაგესშპიგელი“ (Der Tagesspiegel) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბერლინში ვიზიტის წინ. გერმანელი „მწვანე“ პოლიტიკოსი ანტონ ჰოფრაიტერი თბილისს აკრიტიკებს: „საქართველოს მომავალი ევროკავშირში სასწორზეა დადებული“ (ავტორი – ალბრეხტ მაიერი). მასალაში განხილულია ის სიტუაცია, რომელიც საქართველო-გერმანიის ურთიერთობებშია შექმნილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბერლინში ვიზიტის წინ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

დღეს, პარასკევს, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იღებს სტუმარს იმ ქვეყნიდან, რომლის მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს გამოხატავს. ამასთან, საქართველოს პრემიერის ვიზიტი დაჩრდილულია თბილისში მიმდინარე [ანტისამთავრობო] დემონსტრაციებით, რომლის მიზეზია მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული საკმაოდ წინააღმდეგობრივი კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ“. კრიტიკოსები მთავრობას საყვედურობენ და ამხელენ, რომ კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

„ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება…“

„თავისი ბოლო კანონპროექტით პარტია „ქართული ოცნება“ ისევ ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციასა და დაშინებას“, – აცხადებს გერმანიის „მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი, ბუნდესტაგის ევროპული კომიტეტის თავმჯდომარე ანტონ ჰოფრაიტერი „ტაგესშპიგელთან“ ინტერვიუში, – ამრიგად, საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს – ევროკავშირში გაწევრიანებას“.

„ვიმედოვნებ, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი მკაფიოდ განუცხადებს საქართველოს მთავრობის მეთაურს, თუ როგორი სავარაუდო საფრთხე ემუქრება ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. გერმანია მხარს უჭერს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქვეყნის ევროპული გზის მომხრეს წარმოადგენს“, – ხაზს უსვამს ანტონ ჰოფრაიტერი.

ოლაფ შოლცის გარდა, ირაკლი კობახიძეს დაგეგმილია აქვს ბერლინში შეხვდეს გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ბუნდესტაგის თავმჯდომარეს ბერბელ ბასს.

საქართველო და ევროკავშირი: ჯერ მხოლოდ კანდიდატის სტატუსი

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ საქართველომ – კავკასიურმა სახელმწიფომ – გააქტიურა თავისი ძალისხმევა ევროკავშირის წევრად მიღების მიზნით, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ საქმეში რაიმე დიდი პროგრესი მიღწეული არ არის: ევროკავშირის სამიტზე, გასული წლის დეკემბრის ბოლოს, გადაწყდა, რომ გაწევრიანებისათვის მოლაპარაკება დაიწყება მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვასთან. საქართველო ჯერ-ჯერობით კანდიდატის სტატუსით რჩება.

ევროკავშირის ყოყმანი გამოწვეულია საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ და თვითონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მყიფე კურსით ევროკავშირთან და რუსეთთან დამოკიდებულების გამო.
ერთი მხრივ, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტია საქართველოს შესვლა ევროკავშირში და ნატოში, მაგრამ მეორე მხრივ, მთავრობის მეთაური კიდევ ერთხელ ცდილობს სამოქალაქო საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას და ამ მიზნით სარგებლობს წინააღმდეგობრივი ხასიათის მქონე კანონპროექტით, რომელიც მიმართულია საქართველოში უცხოური გავლენების აღსაკვეთად.

ქართული კანონპროექტის ჩრდილოვანი მხარეები

გასულ წელს თბილისის მთავრობამ, მასობრივი საპროტესტო აქციების გამო, აღნიშნული კანონპროექტი უკან გაიწვია. სხვათა შორის, ანალოგიური კანონი მოქმედებს რუსეთშიც ე.წ. „უცხოელი აგენტების“ წინააღმდეგ. მისი ძირითადი მიზანია ხელი შეუშალოს და გადაუკეტოს ფინანსების მიღების წყაროები საზოგადოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ კანონის საფუძველზე რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ აკრძალა უფლებადამცველი ორგანიზაციის „მემორიალის“ საქმიანობა 2021 წელს.

საქართველოს შემთხვევაში, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი გულისხმობს, რომ ის საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ, რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ როგორც „უცხოური სახელმწიფოს ინტერესების დამცველი ორგანიზაციები“.

რასაკვირველია, გერმანიის ფედერალური მთავრობა საქმის კურსშია, რომ ირაკლი კობახიძე, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს მიმდინარე წლის თებერვლიდან ფლობს, გეგმავს შარშან პარლამენტიდან უკან გაწვეულ კანონის გადახედვას. გასულ კვირას, საგარეო საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირელ პარტნიორებს შორის განხილული იქნება საპასუხო ზომები იმ შემთხვევისათვის, თუ საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტის მიღებას (ან მის მოქმედებას) არ შეაჩერებს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ საქართველოს მთავრობა შარშან, 2023 წელსაც გააკრიტიკა, რადგან ხელისუფლება, მარტის თვეში გამართული მასობრივი პროტესტების მიუხედავად, მაინც [სადაო] კანონპროექტის პრინციპების ერთგული დარჩა. „სამოქალაქო ორგანიზაციებისადმი მხარდაჭერა და მასმედიის თავისუფლების დაცვა არა მხოლოდ დემოკრატიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრალურ ელემენტსაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

წყარო