თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელოვანების გარკვეული ნაწილი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, ე.წ. რადიკალების მიერ ბულინგს განიცდის. ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავიანთ პოზიციას ვერანაირი არგუმენტით ვერ ამყარებენ.
„თქვენ არ იცით, როგორი ბულინგი მიმდინარეობს ამ ადამიანების. როგორ ფიქრობთ, დოიაშვილი ბედნიერია იმით, რაც თქვა? დარწმუნებული ვარ, ამას წინ უძღოდა უდიდესი ბულინგი. რადიკალებმა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოიტანეს ერთი არგუმენტიც, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი რუსული. მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე, რა ზეწოლაა, რა შემოტევებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ე.წ. რადიკალები ვერ მიუთითებენ ხელისუფლებას როდის, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
„ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ინტერესებს. არავის მიეცემა უფლება, რომ მითითებები მოგვცენ, რა გადაწყვეტილები უნდა მივიღოთ. არ მოგწონთ ეს კანონი? მოდით ხელისუფლებაში. დღეს ხართ უმცირესობაში და ასე იქნება დიდი ხანი, რადგან არ მოქმედებთ საქართველოს ინტერესებით. საზოგადოება თუ გაანალიზებს იმ ქმედებებს, განცხადებებს მეორე ფრონტთან, სანქციებთან დაკავშირებით, ეს რომ ასე მომხდარიყო, ერთი ტყვიაც რომ გავარდნილიყო ქვეყანაში, სად ვიქნებოდით დღეს? შეიძლება, სახელმწიფოებრიობა დაგვეკარგა. სწორედ ამის სურვილი ჰქონდათ რადიკალებს, რისი შესაძლებლობაც არ მივეცით, შედეგად მივიღეთ უამრავი შეურაცხყოფა ჩვენი და ჩვენი ოჯახების მისამართით, მაგრამ უპირველეს ყოვლის ადგილზე დგას სამშობლო და ქართველი ხალხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.