,,მინდა მივმართო ივანიშვილს და მის მინისტრებს, სულ დაკარგეთ ადამიანობა? სულ დაკარგეთ სინდისი?”-  სერგო ჩიხლაძე

28
spot_img

მინდა მივმართო ივანიშვილს და მის მინისტრებს, სულ დაკარგეთ ადამიანობა? სულ დაკარგეთ სინდისი?, – ასე მიმართა­ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ხელისუფლებას.

ის დღევანდელ ბრიფინგზე ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტებთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ყველა კომპონენტში დგინდება ივანიშვილის მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის ბრალეულობა“.

„ტენდერებიდან, გზების დაგებიდან, სხვადასხვა სქემებიდან, მონოპოლიებიდან მიღებული ფული და ბევრი მილიონ აღარ გყოფნით? – ახლა გადაწყვიტეთ, ონკოპაციენტების ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრდეთ? ონკოლოგიური დიაგნოზი ეს ხომ არის უდიდესი ფსიქოლოგიური, ფინანსური და ფიზიკური სტრესი ადამიანებზე, მათ ოჯახებზე. თქვენ ამ ადამიანებზე გადაწყვიტეთ კიდევ მეტი ფულის კეთება? უფრო მეტიც, ფსიქოლოგიურ ტერორში ჩააგდეთ ადამიანები. მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ მკურნალობა, რომელიც აქამდე გაიარეს, სწორია თუ არასწორი, ამაზეც არ გაჩერდით, გადასწვდით საზღვარგარეთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც საკუთარი გაღარიბების ხარჯზე ძლივს მოახერხეს წასვლა, მკურნალობის სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა და მათაც ადეპორტებენ იმიტომ, რომ აქედან „უპატაკებთ“, ყველაფერი ულიმიტოა და ყველაფერი კარგად არისო. რას ახვედრებთ?სიცოცხლეზე დაწესებულ ლიმიტებს, წამლების მიწოდების გაურკვეველ სქემებს. უფრო შორს წახვედით, ექიმებსაც მოსცხეთ ჩირქი. ივანიშვილს და მის მინისტრებს მივმართავ, თქვენ გააჩინეთ დიდი უნდობლობა პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის. დავსვათ მარტივი კითხვები – ვინ არის ამაში დამნაშავე? ვინ შეისყიდა წამლების პარტია? – ჯანდაცვის სამინისტრომ. ვინ გასცა ფინანსური გარანტიები? ჯანდაცვის სამინისტრომ. ვის უნდა შეემოწმებინა მწარმოებელი? – ჯანდაცვის სამინისტროს. ასე, რომ ყველა კომპონენტში დგინდება ივანიშვილის მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის ბრალეულობა“,-განაცხადა ჩიხლაძემ.