“ხუთ თვეშია არჩევნები და რატომ არ აცდით ადამიანებს არჩევანის მშვიდად გაკეთების შესაძლებლობას, რატომ ჩქარობთ კანონის მიღებას?”

26
spot_img

ხუთ თვეშია არჩევნები და რატომ არ აცდით ადამიანებს მშვიდად არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას? რატომ ჩქარობთ კანონის მიღებას? – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ხაბეიშვილის თქმით, ეს არ არის კანონი, რომელიც აერთიანებს ხალხს და ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს საზოგადოების ერთობა.

„რატომ ქმნით ასეთ ნერვულ სიტუაციას? რატომ ემუქრებით ახალგაზრდებს? თქვენ მოატყუეთ საზოგადოება, რადგან ხალხს დაჰპირდით, რომ ამას აღარ გააკეთებდით და გააკეთეთ. ბატონო მამუკა, ხალხს გაეცით პასუხი, რატომ მოატყუეთ? ყველა ბრიფინგზე რატომ გაქვთ ასეთი ტონი, რომ მაინც გაიტანთ, როგორც გინდათ, ისე გააკეთებთ, თქვენ ამით ხომ ესაუბრებით ასიათასობით ახალგაზრდას, რომელსაც დაუპირისპირდით მარტის აქციების დროს? ანუ, რას ეუბნებით, რომ კიდევ უფრო ბრუტალურად დაარბევთ, უფრო ბრუტალურად დაშლით? ხომ ამბობთ, რომ ძლევამოსილები ხართ, ხალხი მაინც თქვენ გიჭერთ მხარს, არჩევნებამდე დარჩენილია ხუთი თვე, რატომ არ გინდათ, მშვიდად, დაძაბულობის, ნერვიულობის, დაპირისპირების გარეშე მიხვიდეთ არჩევნებამდე? რატომ შემოიტანეთ ახლა ეს კანონი? რატომ ემთხვევა, რომ აფხაზებს დაავალეს თებერვალში და ორ კვირაში თქვენ შემოიტანეთ, რა, ეს მართლა დამთხვევაა? ეუთო-ს დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ არ არის ეს კანონი კარგი, თქვენ კი ამბობთ, რომ კარგია. გააჩერეთ ეს კანონი, არჩევნებია ხუთ თვეში, მიეცით ხალხს მშვიდად ცხოვრების და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ხუთი თვის შემდეგ გაიმარჯვეთ და დაწერეთ ეს კანონი, მიიღეთ მქუხარე აპლოდისმენტებით. ხომ ამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გექნებათ, მიეცით ხალხს მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა და თუ მოგცემთ ხალხი ხმას ამ რუსული კანონით, კი ბატონო, მაგრამ თქვენ თვითონვე იცით, რომ ეს ასე არ მოხდება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.