“კატეგორიულად ვგმობთ საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას” – ესტონეთის საგარეო უწყება

87
spot_img

კატეგორიულად ვგმობთ საქართველოში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მომხდარ ინციდენტს – საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რითაც უწყება საოკუპაციო ხაზთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

„რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია. თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს!“- აღნიშნულია განცხადებაში.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, “2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე”.

შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.