“ვგმობთ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლას” – ნატო

50
spot_img

ნატო-ს მოკავშირეები გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების დატოვების შესახებ , – ამის შესახებ ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული.

„მოკავშირეები გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება დატოვოს და მის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რაც ეწინააღმდეგება ხელშეკრულების მიზნებს. რუსეთის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმ ქმედებების სერიაში, რომელიც სისტემატურად ძირს უთხრის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ალიანსის მტკიცებით, რუსეთი ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგზე დაფუძნებულ წესებს.

„რუსეთი აგრძელებს იარაღის კონტროლის უგულებელყოფის დემონსტრირებას და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგზე დაფუძნებულ წესებს. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი აღიარებს ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ქვაკუთხედის როლს, არამდგრადი იქნება სიტუაცია, როდესაც მოკავშირე სახელმწიფოები იცავენ ხელშეკრულებას, ხოლო რუსეთი – არა. აქედან გამომდინარე, მოკავშირე სახელმწიფოების მონაწილე სახელმწიფოები აპირებენ შეაჩერონ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების მოქმედება იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული მათი უფლებების შესაბამისად. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც სრულად უჭერს მხარს ნატოს ყველა მოკავშირე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ალიანსში აცხადებენ, რომ მოკავშირეები ადასტურებენ მუდმივ ვალდებულებას, შეამცირონ სამხედრო რისკი და თავიდან აიცილონ არასწორი აღქმა და კონფლიქტები.

„მოკავშირეები იწვევენ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იზიარებენ ამ ვალდებულებას და ამ პრინციპებს, შეუერთდნენ ჩვენს ძალისხმევას, რათა ასევე წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკურ სივრცეში პროგნოზირებადობისა და სტაბილურობის გაზრდაში. მოკავშირეები გააგრძელებენ კონსულტაციებს და შეაფასებენ უსაფრთხოების არსებული ვითარების შედეგებს და მის გავლენას ნატოს უსაფრთხოებაზე. მოკავშირეები ასევე გამოიყენებენ ნატოს, როგორც პლატფორმას დისკუსიისა და მჭიდრო კონსულტაციებისთვის შეიარაღების კონტროლის საკითხებზე”, – ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რუსეთმა, დღეს, საბოლოოდ დაასრულა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლის პროცედურა. მანამდე, შესაბამის კანონს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.