თბილისს არ სურს აღიაროს, რომ მისი იურისდიქცია მთავრდება იქ, სადაც მდებარეობს სამხრეთ ოსეთის საზღვარი“- ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი

83
spot_img

თბილისს არ სურს აღიაროს, რომ მისი იურისდიქცია მთავრდება იქ, სადაც მდებარეობს სამხრეთ ოსეთის საზღვარი“. ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ცხინვალში სოფელ კირბალთან 6 ნოემბერს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ, როდესაც რუსულმა ოკუპანტებმა ერთი ქართველი მოკლეს და ერთი გაიტაცეს. ცხინვალი მომხდარზე პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს.

„6 ნოემბერს ლენინგორის რაიონის საზღვარზე მესაზღვრეების მიერ საზღვრის დამრღვევების დაკავების დროს ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი დაკავებული იყო. უკვე 30 წლის განმავლობაში საქართველოს სამართალდამცველები არანაირ ყურადღებას არ აქცევენ საზღვრის დარღვევის ფაქტებს. მხოლოდ საზღვრის ამ მონაკვეთზე 2023 წლის აპრილიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთის 6 ფაქტი დაფიქსირდა. თბილისში ამას „უკანონო გატაცებებს“ უწოდებენ და ეს სრულად შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგს მისი ტერიტორიის ნაწილის „ოკუპაციის“ შესახებ“, – აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცხინვალში მიაჩნიათ, რომ თბილისის ასეთი პოზიციის გამო ადგილი აქვს ამ ინციდენტებს, რასაც შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოჰყვეს. ცხინვალში ამბობენ, რომ „საზღვრის“ დასაცავად მომავალშიც ყველა აუცილებელ ზომებს მიიღებენ, ხოლო თბილისს ე.წ. საზღვრის დელიმიტაციას და დემარკაციას სთავაზობენ, რის შედეგად „ცივილიზებული და ტრანსპარენტული წესებით მისი გადაკვეთა გახდება შესაძლებელი.

ცხინვალის ინფორმაციით, 6 ივლისის ინციდენტის დროს „საზღვრის დამრღვევებმა ყურადღება არ მიაქციეს არაერთგზის გაფრთხილებას და მოძრაობა არ შეწყვიტეს, გამოიჩინეს აგრესიულობა, რაც მესაზღვრის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა და მესაზღვრეებმა ცეცხლი მხოლოდ ამის გამო გახსნეს“.