“იმედი მაქვს, საქართველოში თანაბარი საარჩევნო გარემო იქნება და ძალადობას ადგილი არ ექნება” – პაველ ჰერჩინსკი

18
spot_img

ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს არა მხოლოდ თავად არჩევნებს, არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც ყველამ ნახეთ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია ევროპული კომისიის მიერ დადგენილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი 9 ნაბიჯიდან, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელზე დაკვირვებაც ძალიან ყურადღებით მოხდება. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება OSCE/ODIR-ს სთხოვოს გრძელვადიანი დაკვირვება და ვიცი, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს ამას. ეუთო-ს წევრი ქვეყნების შემთხვევაში ეუთო არის პასუხისმგებელი გრძელვადიან დაკვირვებაზე, მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუკი და როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირმა ასევე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებზე გრძელვადიან დაკვირვებაში“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, საქართველოში თანაბარი საარჩევნო გარემო იქნება და ძალადობას ადგილი არ ექნება.

„კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს არა მხოლოდ თავად არჩევნებს, არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას. გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ იქნება თანაბარი საარჩევნო გარემო და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ წარადგინონ თავიანთი პროგრამები და უპირველეს ყოვლისა, არ იქნება ძალადობა, რადგან ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში“, – აღნიშნა ელჩმა.