„კოშმარული სამხედრო თეატრი ვოლოდიმირ ზელენსკისათვის“ – New Statesman

227
spot_img

ბრიტანულ ჟურნალ „ნიუ სთეითსმენში“ (New Statesman) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კოშმარული სამხედრო თეატრი ვოლოდიმირ ზელენსკისათვის“ (ავტორი – ანდრეი კურკოვი, უკრაინელი მწერალი და ჟურნალისტი, ცხოვრობს კიევში). პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის დღევანდელი კულტურული ცხოვრება – როგორ მოქმედებს ომი კულტურაზე – თეატრალურ ცხოვრებაზე და როგორ არის აღქმული ფრონტზე – სამხედრო თეატრში – შექმნილი მდგომარეობა საზოგადოების მიერ.

გთავაზობთ მცირეოდენი შემოკლებით:

ამას წინათ თეატრში ვიყავი მეუღლესთან ერთად და ტენესი უილიამსის რომანის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ვუყურე, სახელწოდებით „მისის სტოუნის რომაული გაზაფხული“. მართალი გითხრათ, სპექტაკლი არ მომეწონა, მაგრამ რადგანაც როცა დასრულდა, ყველა მაყურებელი ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდა, მეც იძულებული გავხდი სხვებს ავყოლოდი. ვუყურებდი მსახიობთა ბედნიერ სახეებს და ჩემთვის ვფიქრობდი: რა ხდება? ეს ხომ საკმაოდ ბანალური შინაარსის ნაწარმოებია მდიდარი ამერიკელის თავგადასავალზე რომში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და იმ გაუბედურებულ იტალიელ არისტოკრატებზე, რომლებიც ომის შედეგად ან ალფონსები გახდნენ, ან გაღატაკდნენ? სპექტაკლის ბოლოს ერთ-ერთი გმირი, მოხუცი იტალიელი გრაფინია წარმოთქვამს ანტიამერიკულ მონოლოგს, რომ იგი ბენიტო მუსოლინის მომხრეა და იტალიური ფაშიზმის განადგურების გამო ამერიკელები სძულს.

იმ ღამეს რატომღაც არ დამეძინა – გონებაში სულ სპექტაკლის გმირები მიტრიალებდნენ. დილა ჩვეულებრივად დაიწყო: ტელეფონით გადავხედე უკრაინის გენერალური შტაბის ანგარიშს – 20 ტანკი გავანადგურეთ, 35 – ჯავშანმანქანა, 19 ქვემეხი და, რა თქმა უნდა, მოკლეს 920 რუსი ჯარისკაცი ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ანუ იმ დროის ჩათვლით, რომელიც მე თეატრში გავატარე და საომარი მოქმედების ამსახველი სპექტაკლი ვნახე. შემდეგ ერთი ფინჯანი ცხელი ყავა დავლიე და ფრონტულ ვიდეოკადრებს გადავხედე, თუ როგორ ანადგურებენ უკრაინული დრონები რუსების ტექნიკას… მოკლედ, ფრონტზე ყველაფერი კარგადაა და მთავრობა მოსახლეობას გამარჯვების იმედს აძლევს.

მჯერა თუ არა მე მსგავსი ყოველდღიური ანგარიშებისა უკრაინის არმიის წარმატებების შესახებ? კიდეც მჯერა და არც მჯერა. უფრო სწორად, მინდა მჯეროდეს, მაგრამ მესმის, რომ ეს მონაცემები პროპაგანდას წარმოადგენს. მათი მიზანია უკრაინის საზოგადოებას მორალური სულისკვეთება შეუნარჩუნოს, მე არ შემიძლია იმის დადასტურება ან გადამოწმება, თუ რამდენი რუსული ტანკი ააფეთქა სინამდვილეში უკრაინის არმიამ, ან რამდენი ტანკი დაკარგა უკრაინამ რუსების შემოტევის შედეგად. მე ასევე არ ვიცი, თუ რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა გუშინ, სანამ მე თეატრში ვიყავი. უკრაინის გენშტაბი აქვეყნებს ცნობას, რომ რუსებს ამდენი და ამდენი ჯარისკაცი მოვუკალითო, საკუთარი არმიის დანაკარგები კი გასაიდუმლოებული აქვს და, ალბათ, სამხედრო საიდუმლოებად დარჩება მანამ, სანამ ომი არ დასრულდება… მაგრამ ის ფაქტი, რომ ფრონტის ხაზი პრაქტიკულად არ იცვლება, იმას ნიშნავს, რომ უკრაინის არმია მყარად დგას და მოწინააღმდეგისაგან უკრაინის მიწას იცავს…

ბოლო საომარი სტატისტიკური ცნობის წაკითხვის შემდეგ ჩემი ფიქრები ისევ გუშინდელ სპექტაკლს დაუბრუნდა, უფრო სწორად, თვითონ თეატრს. გავიხსენე, თუ რამდენი ცნობილი მსახიობი იქნა გაწვეული არმიაში და ფრონტზე დაიღუპნენ. გამახსენდა, თუ როგორ არ ჩატარდა ერთ-ერთი სპექტაკლი იმის გამო, რომ მთავარი მსახიობი ბომბმა იმსხვერპლა. გამახსენდა, რომ ბოლო დროს რამდენიმე უკრაინული ფილმის ტიტრებში, მსახიობებისა და ტექნიკური მუშაკების გვარები უმეტესად ჩარჩოებშია ჩასმული, ანუ ისინი უკვე დაღუპულები არიან. ვიფიქრე, რომ დაღუპული მსახიობები, რეჟისორები და ოპერატორები დანაკარგთა ორ სიაში უნდა იქნენ შეტანილი – უკრაინის არმიისთვის და უკრაინული კულტურისთვის.

ამ ფიქრებმა ჩემში დანაშაულის გრძნობა გამოიწვია. მე ვინანე, რომ მაყურებელთა და მსახიობთა სიხარული გულწრფელად არ გავიზიარე. საჭირო იყო ტაში დამეკრა და მეყვირა „ბრავო“ მხოლოდ იმის გამო, რომ კიევში და უკრაინაში თეატრები ჯერ ისევ მუშაობენ, რომ კულტურული ცხოვრება მეომარ ქვეყანაში გრძელდება. კიევი საშუალოდ კვირაში ერთხელ მაინც იბომბება, სირენები მოსახლეობას მტრის რაკეტების მოახლოებას ატყობინებენ… მაგრამ როცა ისინი ჩუმად არიან, ქალაქის ცხოვრება ნორმალურად გამოიყურება. თეატრები და კინოთეატრები ხალხით სავსეა, იხსნება ახალი გამოფენები, ახალგაზრდებს როკ-კონცერტებზე მიეჩქარებათ, რომლებზეც სამხედრო-პატრიოტული სიმღერები ისმის. კიევის რესტორნებში და ბარებში ჯაზის მუსიკა ხმამაღლა უკრავს და მისი მოსმენა ქუჩიდანაც კი შეიძლება.

იმ თეატრთან ახლოს, სადაც მე მეუღლესთან ერთად სპექტაკლს ვუყურე, ბომბსაფარიც არის – მიწისქვეშა დარბაზი თავისი სცენით, სადაც საჰაერო განგაშის დროს სპექტაკლის ყურებაც შეიძლება, მაგრამ მე იქ არ ჩავალ. მე რეალური ომი და გენშტაბის ცნობებიც მეყოფა.

სამხედრო მოქმედებათა თეატრში მიმდინარე მოვლენები ბევრად უფრო დრამატულია, ვიდრე ომის თემაზე დაწერილ ნებისმიერ პიესაში.

მართალია, უკრაინასა და რუსეთს შორის 600 მილიანი (ანუ თითქმის 1000 კმ-იანი) ფრონტის ხაზი არსებობს, მაგრამ საომარი მოქმედებები უკრაინის მთელ ტერიტორიას მოიცავს – რუსული დრონები და რაკეტები ქვეყნის დასავლეთ საზღვრამდე აღწევენ და ხანდახან პოლონეთის ტერიტორიაზეც კი შეფრინდებიან ხოლმე.

სამხედრო თეატრის პროდიუსერია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი, ხოლო რეჟისორი – გენერალი ვალერი ზალუჟნი. დროდადრო უკრაინელებს არასასიამოვნო ხმები ესმით ხოლმე, რომ ამ ორ პოპულარულ ადამიანს ერთმანეთში უთანხმოება აქვთ. და ამ დროს ტელევიზიის ეკრანზე გამოჩნდება ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი და ხალხს ამშვიდებს: „ხალხო, გვერწმუნეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერს ვაკონტროლებთ და რომ სახელმწიფო და სამხედრო ხელისუფლება – ორივე ერთად – ჰარმონიულად მუშაობს“.

„ნდობის რეიტინგის“ გამოკითხვაში, რომელიც გასული წლის ბოლოს, დეკემბერში ჩატარდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ადგილი დაიკავა უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის – 77%. ერთი წლით ადრე პოპულარობა უფრო მაღალი იყო და 90%-ს აღწევდა. ვალერი ზალუჟნის გვარი გამოკითხვაში შეტანილი არ იყო, რადგანაც იგი პოლიტიკოსი არ არის, თუმცა სხვა გამოკითხვის მიხედვით, გენერლის რეიტინგი 88%-ს შეადგენს (ზოგადად უკრაინის არმია 96%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს).

არ არის გამორიცხული, რომ გენერლის პოპულარობა პრეზიდენტს აღიზიანებდეს, მაგრამ ვალერი ზალუჟნი ვოლოდიმირ ზელენსკისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. იმიტომ, რომ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება – საომარი ვითარების გამო უკრაინაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება, თანაც ვოლოდიმირ ზელენსკისადმი გამოხატული ნდობა ისედაც საკმაოდ მაღალია, რომ მან მმართველობა გააგრძელოს. კაცმა რომ თქვას, დღეს პრეზიდენტს უკრაინის პოლიტიკაში რეალური ალტერნატივა არ ჰყავს: ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ მოსახლეობის 20-25% აკრიტიკებს, ანუ ისევ ის ამომრჩეველი, რომლებმაც მას ხმა არ მისცეს ჯერ კიდევ 2019 წლის არჩევნების დროს. დანარჩენები, ალბათ, არჩევნები რომ ჩატარდეს, პრეზიდენტს მხარს დაუჭერენ და აპატიებენ (ყურადღებას არ მიაქცევენ) იმ შეცდომებს, რომლებიც მან დაუშვა ან დაუშვებს.

ის ტერმინი, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენს ცხოვრებაში დომინირებს, „მობილიზაცია“ წარმოადგენს. ბევრ ადამიანს ეს სიტყვა დღეში ასჯერ ესმის და მათში შიშს იწვევს.

უკრაინელი გენერლების თქმით, არმიაში სასწრაფოდ უნდა იქნეს გაწვეული 500 ათასი ადამიანი. ფინანსთა სამინისტრო ჩივის, რომ ამდენი ჯარისკაცის ჩაცმა-დახურვას, კვებას და აღჭურვას მილიარდობით გრივნა დაჭირდება, ხაზინაში კი ფული არ არის. პარლამენტი მთელი ძალისხმევას ახმარს მობილიზაციის ახალი კანონის მეტ-ნაკლებად მისაღებ ფორმულირებას, რომელიც მობილიზაციის პროცედურის ცივილიზებული სახით განხორციელების გარანტი იქნება.
მაგრამ ჯერ-ჯერობით კანონი არ არის და შესაბამისად, „მობილიზაცია“ ძველებურად „საბჭოური მეთოდებით“ ტარდება: გზატკეცილებზე მოწყობილია შლაგბაუმები, შექმნილია საკონტროლო-გამსვლელი პუნქტები დოკუმენტების გასაცემად – როგორც ავტომანქანის მძღოლებისა და მფლობელებისათვის, ასევე მათი მგზავრებისათვის. ზოგჯერ შავფორმიანი სპეცჯგუფები რესტორნებსა და ფიტნესკლუბებში იჭრებიან და მამრობითი სქესის 27-დან 60 წლამდე ასაკის მქონე ყველა კლიენტს აკავებენ და ამოწმებენ, რეგისტრირებულნი არიან თუ არა ისინი სამხედრო სამსახურის გასავლელად. თუ მათ ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ, იმწუთასვე უწერენ სასამართლოში გამოძახების უწყებას.

მამაკაცები, რომლებსაც უწყებას იღებენ, რა თქმა უნდა, კანონმორჩილი მოქალაქეების მსგავსად, მეორე დღესვე სამხედრო კომისარიატებში არ წავლენ დარეგისტრირებისათვის. ზოგიერთები სასწრაფოდ მოემზადებიან და გეზს დასავლეთ უკრაინისაკენ აიღებენ და შეეცდებიან უკრაინის სახელმწიფო საზღვარი როგორმე, ყველანაირი ხელმისაწვდომი მეთოდით გადალახონ – გადაცურონ სასაზღვრო მდინარე ტისა, ფეხით იარონ კარპატების ტყე-ღრეში, ისარგებლონ ავტობუსებით და მატარებლით – გაყალბებული დოკუმენტებით ჯიბეში.

მესაზღვრეები გაქცეულებს და ჯარში სამსახურის თავისამრიდეებს („უკლონისტებს“) თითქმის ყოველდღიურად იჭერენ. მთის მდინარე ტისაში, რომელიც უკრაინას უნგრეთ-რუმინეთისაგან ყოფს, უკვე ოცამდე მამაკაცი დაიხრჩო, რამდენიმე ათეული კი კარპატების მთებში გაიყინა. ბოლო ორი თვის განმავლობაში საზღვრის დამცველებმა გასაწვევი ასაკის მქონე 15 ათასი მამაკაცი დააკავეს და ფრონტზე გაგზავნეს.. მაგრამ უფრო მეტმა ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნიდან საზღვარგარეთ გაქცევა მაინც მოახერხა: მათ იცოდნენ, ფული ვისთვის გადაეხადათ და საერთოდ, მათ საკმარისი თანხა ჰქონდათ უცხოეთში საცხოვრებლად.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ საზღვარი დაახლოებით 700 ათასმა ახალგაზრდა უკრაინელმა სამხედროვალდებულმა მამაკაცმა გადაკვეთა და სამშობლოში აღარ დაბრუნებულან. და როგორც ჩანს, არც აპირებენ. ეს რაოდენობა უკრაინის მოქმედი არმიის რაოდენობაზე მეტია. გერმანიამ, პოლონეთმა, ესტონეთმა და სხვა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში დასაბრუნებლად მათ დეპორტაციას არ განახორციელებენ. გაქცეულებიდან ბევრმა მამაკაცმა თავიანთ ცოლებთან და შვილებთან ოჯახების გაერთიანება მოახერხა, რომლებმაც უკრაინა ომის პირველი კვირებიდან დატოვეს ლტოლვილის სტატუსით. „ჩვენ არ შეგვიძლია მათზე ზეწოლა მოვახდინოთ და უკან დაბრუნება ვაიძულოთ“, – აღიარა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა.

ეს ნიშნავს, რომ მათ, ვინც ქვეყანაში დარჩება, ბრძოლა უცხოეთში გაქცეულების ნაცვლადაც მოუწევთ. ბევრი ფირმა და კომპანია კადრების ნაკლებობას უჩივის: „ჩვენს სტამბაში უკვე არავინ აღარ მუშაობს“, – მითხრა ამას წინათ წიგნების გამომცემელმა ალექსანდრე კრასოვიცკიმ, – „თითქმის ყველა ან ფრონტზეა გაწვეული, ან საზღვარგარეთ გაემგზავრა. ასეთ სიტუაციაში წიგნების გამოცემა პრაქტიკულად შეუძლებელია“.

ზოგიერთი ბიზნესმენი თავის თანამშრომლებს სამხედრო კომისარიატებისაგან მალავს და მათ ნებას აძლევს სამსახურში ღამეები გაათიონ. ამ ხერხმა შეიძლება ქალაქებში იმუშაოს, მაგრამ სოფლებში, სადაც მოსახლეობა ბევრად მცირეა, თითოეული პიროვნება, რომლებიც სამხედრო ვალდებულები არიან, ყველასათვის ცნობილია. სხვათა შორის, სოფლებში არმიაში სამსახურის თავიდან აცილება სამარცხვინო ნაბიჯად ითვლება. სოფლებში მამაკაცთა უდიდესი ნაწილი არ იმალება და როცა მათ ჯარში გაწვევის უწყებას აძლევენ, მორჩილად მიდიან კომისარიატებში, საიდანაც მათ ჯერ საწვრთნელ ბაზებში გზავნიან, შემდეგ კი – ომით დანგრეული გზებით – ფრონტის წინა ხაზზე.

უკრაინის ყველა რეგიონებში, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, გზები მომატებული რისკის წყაროების ზონებად ითვლებიან. ის გზები, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზეა, ხშირად არის დანაღმული რუსების მიერ, ხოლო ის გზები, რომლებსაც რუსეთის არმია აკონტროლებს, ხშირად უკრაინელების მიერ არის დანაღმული.

2017 წელს დონბასის დანგრეულ-დანაღმულმა გზებმა უკრაინის ერთ-ერთი ცნობილი დრამატურგის ნატალია ვოროჟბიტის ყურადღება მიიქცია – მან დაწერა პიესა „ცუდი გზები“, რომელიც სპექტაკლის სახით ამჟამად მთელი მსოფლიოს თეატრებში იდგმება, მათ შორის ლონდონის Royal Court-ის თეატრშიც. მე ეს სპექტაკლი არ მინახავს, მაგრამ როგორც კი კიევის რომელიმე თეატრში დაიდგმება, აუცილებლად ვნახავ და რომც არ მომეწონოს, აუცილებლად გულწრფელად შევუერთდები მაყურებლების ოვაციას, ფეხზე ამდგარი.

წყარო