“ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით ყველა ფორმატში მივიღებთ მონაწილეობას” – პაატა მანჯგალაძე

37
spot_img

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა და სურთ, დისკუსია არა შესვლა-არშესვლის საკითხზე, არამედ შინაარსთან დაკავშირებით გამართონ.

„რა ფორმატიც არ უნდა იყოს, ჩვენ ყველა ფორმატში მივიღებთ მონაწილეობას. ეს არის საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა და ჩვენ არ გვინდა, „ქართულ ოცნებას“ დისკუსია გავუმართოთ, შევიდეთ თუ არ შევიდეთ. ჩვენ გვინდა, შინაარსზე გავმართოთ დისკუსია, ამიტომ შესვლა-არშესვლის საკითხს ვხსნით.  ახლა დისკუსიებს შინაარსთან დაკავშირებით გავმართავთ. ზუსტად ვიცით, რომ არც დეოლიგარქიზაციას, არც სასამართლო, არც საარჩევნო, არც ანტიკორუფციულ რეფორმას, არც დასავლურ კურსთან თავსებადობას და არც ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმას „ქართული ოცნება“ არ აპირებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მისი თქმით, სამუშაო ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის და დისკუსიის შესაძლებლობა იქნება.