ილია დარჩიაშვილი ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანდერს ადლერკროიცს შეხვდა

14
spot_img

ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანდერს ადლერკროიცს შეხვდა.

შეხვედრისას მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. მან  იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ამბიციური რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული და დაფასებული ევროპელი პარტნიორების მიერ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპულ საქმეთა მინისტრს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის და  კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა განაგრძოს ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესისთვის.