,,სომხეთის შეურაცხმყოფელი რიტორიკა ОДКБ-ს მიმართ, შემაშფოთებელია”- ზახაროვა

25
spot_img

მოსკოვი შეშფოთებულია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართ (ОДКБ) სომხეთის ხელისუფლების მიერ გამოთქმული ულტიმატუმებითა და შეურაცხმყოფელი რიტორიკით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა, ОДКБ დატოვოს.

ზახაროვას მტკიცებით, რუსეთი არასდროს ჩარეულა სხვა სახელმწიფოს სუვერენულ უფლებაში, განსაზღროს საგარეო პოლიტიკური კურსი, თუმცა მისივე თქმით, მიუღებელია სომხეთის „შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კოლოსალური რაოდენობის ადამიანთა მუშაობის მიმართ“, რის შედეგებსაც „დიდი ხანია, ცხადად ვხედავთ“.

„ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ რომელიმე სახელმწიფოს სუვერენული უფლება, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან და მიღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე განსაზღვროს საგარეო პოლიტიკური კურსი, მათ შორის გარკვეული საერთაშორისო და რეგიონული სტრუქტურების მუშაობაში მონაწილეობის ხარისხი. ეს სრულად ეხება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასაც. თუმცა, ამავდროულად, არ შეგვიძლია განგაშის გარეშე დავტოვოთ კონტრპროდუქტიული და ულტიმატუმებით სავსე, ზოგჯერ კი შეურაცხმყოფელი რიტორიკა, რომლითაც უხვად არის გაჯერებული სომხეთის ხელმძღვანელობის განცხადებები ორგანიზაციასთან დაკავშირებით და ჩანერგილია სომხურ საზოგადოებაში“, – აცხადებს ზახაროვა. 

მისივე თქმით, გაურკვევლობას იწვევს სომხური ელიტის ნაწილის მისწრაფება, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ეფექტურობის საკითხი ორგანიზაციის გარეთ განიხილონ მაშინ, როდესაც „ამისთვის ყველა მექანიზმი, ფორმატი და შესაძლებლობა არსებობს ОДКБ-ს შიგნით.

შეგახსენებთ, 23 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა შეაჩერა. ამას მოჰყვა ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, იმის თაობაზე, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დატოვებს, თუ პასუხებს არ მიიღებს ერევნის მიერ დასმულ შეკითხვებზე ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით.