გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ისრაელელი სამხედროები დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა

21
spot_img

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ისრაელელი სამხედროები დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ გაერო-ს პრესსპიკერმა განაცხადა.

სტეფან დუჟარიკის თქმით, ამის მიზეზი სამხედროების მიერ ბავშვების მიმართ ჩადენილი დარღვევებია.

სიაში ასევე ჩაამატეს „ჰამასი“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადი“.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა ისრაელის მიმართ სიძულვილად შეაფასა. ერდანმა სოციალურ ქსელში მასა და გაერო-ს წარმომადგენელს შორის სიის შესახებ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ერდანის თქმით, ისრაელს ყველაზე მორალური არმია ჰყავს მსოფლიოში. გაერო-ს ეს ქმედება კი სტიმულს აძლევს ტერორიზმს.

თავის მხრივ, ერდანის მიერ სატელეფონო საუბრის ვიდეოს გავრცელებას გამოეხმაურა დუჟარიკი. მისი განცხადებით, ისრაელის წარმომადგენლის ეს ქმედება გამაოგნებელი და მიუღებელია.

„ეს არის ის, რაც მე არასდროს მინახავს ამ ორგანიზაციაში ჩემი 24-წლიანი მუშაობის განმავლობაში“, – აღნიშნა დუჟარიკმა.