,,ეგ თქვენი ბინძური კამპანია უპასუხოდ არ დაგრჩებათ”- დავით კაჭარავა

26
spot_img

გუშინ ვნახეთ [ნოდარ] მელაძის ბინძური შოუ, სადაც ათასი სიბინძურე ისაუბრა ჩემთან დაკავშირებით. თუ რამე ქონება გამაჩნია, ყველაფერი ჩემი შრომით მაქვს მოპოვებული. დეკლარაციაში რაც არის შეტანილი, ყველაფერი იქამდე მქონდა, სანამ დეპუტატი გავხდებოდი და დეპუტატობის შემდეგ ჩემი ქონება კიდევ უფრო შემცირდა, რასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, მელაძეს არაფერი უთქვამს, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ დეპუტატი დავით კაჭარავა მის შესახებ „ნოდარ მელაძის შაბათის“ სიუჟეტს.

იგი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. როგორც დავით კაჭარავა აღნიშნავს, არაფერი დამალული არ არის, არც არასდროს ყოფილა. არსებობს ვებ-გვერდი, სადაც ყველაფერი ღიად არის ნაჩვენები და დეკლარაციაშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ყველაფერი მარტივად ნახოს.

„ჩემი ოჯახის ერთი მხარე, დედის მხარე, არიან წყნეთელები. აქ დაიბადნენ, სკოლა აქ დაამთავრეს, აქ იყო დედაჩემი მასწავლებელი. ნათესავებიც ბევრი გვყავს და წყნეთი პატარაა და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. აქედან გამომდინარე, წყნეთში თითოეულმა ადამიანმა კარგად იცის, რა ხდება, საიდან მაქვს ეს ყველაფერი და ა.შ.

ჩემი სახლიდან მარჯვნივ, 100 მეტრში, ბატონი ვატო წერეთელი თავისი სახლით არის წარმოდგენილი, აქ ცხოვრობს და მეორე მხარეს, ბატონი ხაზარაძე ცხოვრობს. ხაზარაძე ისე ვერ მივა თავის სახლში, ჩემი სახლის წინ რომ არ გაიაროს და მან ძალიან კარგად იცის. 30 წელზე მეტია, რაც აქ ვართ, 1997 წელს დედაჩემი ამ ეზოდან არის გასვენებული. ამიტომ, ეგ თქვენი ბინძური კამპანია უპასუხოდ არ დაგრჩებათ.

მამუკა, შენც ძალიან კარგად იცი ყველაფერი – ვინ, როგორ მუშაობს, რამდენი ხანია ამ ყველაფერს ვაკეთებ. როგორც ინფორმაცია მაქვს, „ტვ პირველის“ დამფინანსებელი ხარ, ამიტომ, შენთანაც მექნება კითხვა, ხომ შევხვდებით, ხომ გამოივლი, თვალს თვალში ხომ გავუყრით ერთმანეთს და შენ კარგად იცი ჩემთან დაკავშირებით ყველაფერი და მაინც ხელი მოაწერე მაგაზე. ამიტომ პასუხის გაცემა მოგიწევს შენც და ჭუტიკოსაც.

ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის უკან ნაბიჯს არ გადავდგამთ რომ იცოდეთ, რაც არ უნდა სიბინძურეები შეგვიკეროთ. ამიტომ გამარჯვება ჩვენკენ არის“, – აცხადებს დავით კაჭარავა.