ძველი ქართული სააღდგომო ტრადიციები

100
spot_img

ქრისტიანებისთვის აღდგომა უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს აღვნიშნავთ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას, განახლებას.

საქართველოში ცნობილია ძველი სააღდგომო ტრადიციები, რომლებიც დღეს უკვე მივიწყებულია.

ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიციაა ჭონა, რომელიც თავისი ხასიათით საშობაო ალილოს მიაგავს. მეჭონეები სააღდგომო სიმღერით მიდიოდნენ სოფლის ყველა ოჯახში და დღესასწაულს ულოცავდნენ. ოჯახი მეჭონეებს კვერცხებით, ტკბილი კვერებით და ფულითაც ასაჩუქრებდნენ. დღის ბოლოს, შეგროვილი სანოვაგით სოფლის მთელი ახალგაზრდობა ერთად აღნიშნავდა აღდგომას.

განსხვავებული ტრადიციები არსებობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ყაზბეგში, სოფელ სნოში დამკვიდრებული ძველი ტრადიციაც ძალიან ჰგავს ჭონას. აღდგომას ახალგაზრდა ვაჟების მშვილდ-ისრებიანი ჯგუფი, სოფლისთვის პატივსაცემი უფროსი ასაკის მამაკაცის ხელმძღვანელობით სოფლის ყველა ეზოში შედიოდა აღდგომის მილოცვით. მოსულებს ოჯახის წევრები გამოეგებებოდნენ, დიასახლისს კი შესაწირი გამოჰქონდა. ეზოს შუაგულში მწკრივად აწყობდნენ საარდგომო კვერცხებს ოჯახის წევრთა სადღეგრძელოდ, თან ხმამაღლა ამბობდნენ, ვის სახელზე იდებოდა კვერცხი. მწკრივში დალაგებულ კვერცხს ახალგაზრდები ისრებს ესროდნენ, სანამ ყველა მათგანს არ მოხვდებოდა ისარი. ხშირად შესაწირში კვერცხთან ერთად მოხევეები სხვადასხვა საჭმელს და ფულსაც დებდნენ. დღის ბოლოს მოგროვილი შესაწირით საერთო ზეიმი იმართებოდა, ფული კი სოფლის სასარგებლო საქმეს ხმარდებოდა.

სამეგრელო

სამეგრელოში აღდგომა დღეს პურის კვერებს აცხობდნენ ყველითა და კვერცხით და განსაკუთრებული ქვევრის – ლაგვანის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ. ოჯახის უფროსი, რომელიც დილიდან წყალსაც არ სვამდა, შუადღისას ხონჩაზე აწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოსა და ამ ყველაფერს საღმრთო ქვევრის თავზე აწყობდა, შემდეგ ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.

რაჭა

რაჭაში აღდგომა დილით პურის ფაფას აკეთებდნენ და ლავაშებს აცხობდნენ. წირვის შემდეგ მღვდელი თითოეულ ოჯახში მიდიოდა და აკურთხებდა. ვისაც ახალი გარდაცვლილი ჰყავდა ოჯახის წევრი, სააღდგომოდ ცხვარს კლავდა, ცხვრის ბარკალს, ლავაშს და სხვა სანოვაგეს ლანგარზე დააწყობდა და მღვდელს შინ მიართმევდა. აღდგომის მეორე დღეს „გიორგონთობას“ აღნიშნავდნენ, აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს, იხარშებოდა ხორცი და დიდი ზეიმი იმართებოდა.

გურია

გურიაში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო იმართებოდა. ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა შავი ღვინის, თაფლისა და ბროწეულის წვენის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით მოთამაშეებსაც ასმევდნენ სიმხნევისთვის.

კახეთი

კახეთში სააღდგომოდ ბატკანს და ღორს კლავდნენ. ასევე აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს და ხალხში არიგებდნენ. იშლებოდა დიდი სუფრა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

სვანეთი

სვანეთში მოსახლეობა სოფლის მთავარ ეკლესიაში ესწრებოდა წირვას. სააღდგომო ზეიმი მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და სრულდებოდა “უფლიშით” – კვირაცხოვლობის დღესასწაულით, რომელსაც სვანეთში დღესაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ.