,,დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან”- სალომე ზურაბიშვილი

27
spot_img

დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გამოხმაურება სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობაა.

„ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სასამართლოს მიერ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისათვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის არ გაუქმების გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობაა“, – აღნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრამის“ არხი RESPUBLICA ავრცელებს.

„ჩვენი ინფორმაციით, ასლან ბჟანიას პირადი ინიციატივით, აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლოში ბიჭვინთის აგარაკების შესახებ ადრე მიღებული კანონის, რომელიც მესამე პირებზე გადაცემას ზღუდავს, გაუქმების მცდელობა იყო. ასლან ბჟანიას სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობამ, თავმჯდომარის გარდა, ხმა მის წინააღმდეგ მისცა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმება სხვადასხვა ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და შენობების მესამე პირებისთვის გადაცემას კრძალავს.