,,დაუყოვნებლივ მოვუწოდებდი საქართველოს პრეზიდენტს, გადახედოს საკუთარ პოზიციას” – ოდიშარია

64
spot_img

დაუყოვნებლივ მოვუწოდებდი საქართველოს პრეზიდენტს, გადახედოს საკუთარ პოზიციას და საზოგადოების წინაშე წარდგეს ღირსეულად. ვფიქრობ, ბოდიშიც უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

კერძოდ, საუბარია პრეზიდენტის დღევანდელ ფეისბუქ-პოსტზე. მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ერთ-ერთი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გააზიარა, სადაც წერია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. ამაზე პრეზიდენტი წერს: „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან”.

ბექა ოდიშარიას შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დღევანდელი პოსტის გაზიარება, პრაქტიკულად, აღიარებაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, „ჩვენს აფხაზეთში, მარიონეტული რეჟიმის, მისი დანამატებისა თუ გაგრძელების, ეს არის პრაქტიკულად, სამშობლოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“.

„ჩვენს აფხაზეთში ვაღიარებთ მხოლოდ ჩვენი აფხაზი დებისა და ძმების ნება-სურვილს, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ერთიანი საქართველოს ინტერესებშია.

აღნიშნული [პრეზიდენტის ქმედება]ნაკარნახევია მხოლოდ იმ ძალით, რომელსაც აწყობს, რომ მოხდეს გარკვეული აღიარება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მარიონეტული რეჟიმისა და აფხაზეთის ოკუპაციის. სხვა შემთხვევაში ეს არის უმეცრება. დაუყოვნებლივ მოვუწოდებდი საქართველოს პრეზიდენტს, გადახედოს საკუთარ ამ პოზიციას და საზოგადოების წინაშე წარდგეს ღირსეულად. ვფიქრობ, ამისთვის ბოდიშიც უნდა მოიხადოს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ერთ-ერთი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზიარებს, სადაც წერია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. ამაზე პრეზიდენტი წერს: „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან”.