დაღესტანში დაკავებული აღიარებს, რომ „კროკუსის“ თავდამსხმელებს იარაღი ჩამოუტანა – რუსეთის უშიშროება

24
spot_img

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც დაღესტანში დაკავებული ერთ-ერთი პირი აცხადებს, რომ ტერორისტებისთვის, რომლებმაც საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა განახორციელეს, იარაღი მაჰაჩყალიდან ჩაიტანა.

„იმ ბიჭებისთვის იარაღი ჩამოვიტანე, რომლებიც მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლს“ დაესხნენ თავს. იარაღი მაჰაჩყალიდან მიტიშჩიში ჩამოვიტანე, მხოლოდ ფული და იარაღი მივაწოდე”, – აცხადებს დაკავებული ვიდეოში და დასძენს, რომ ჩხრეკისას მის ბინაში „კალაშნიკოვის“ ორი ავტომატი და 460 ტყვია აღმოაჩინეს.

დაკავებულებმა ასევე განაცხადეს, რომ კასპიისკში ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ.

„იყო გეგმები ტერორისტული თავდასხმის შესახებ კასპიისკში ან გამარჯვების პარკში. ბომბები ხალხში უნდა აფეთქებულიყო,“- აღნიშნა ერთ-ერთმა დაკავებულმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღესტანში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ.