,,ჩვენი მოლოდინია, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მაინც იქნება პრინციპული”- წილოსანი

81
spot_img

ჩვენი მოლოდინია, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მაინც იქნება პრინციპული, რადგან, ვფიქრობ, რომ ამის იქით ალბათ აღარაფერი არსებობს, რისი დარღვევაც შეუძლია საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარეც, – ასე უპასუხა „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა კითხვას სალომე ზურაბიშვილის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ.

„ლოგიკური კითხვა ისმის, თუ რამ გაააქტიურა ეს საკითხი. ნიკა გვარამიამ წამოწია ეს თემა, დღეს გიორგი ვაშაძის პოსტი ვნახეთ, რომ რაღაც კუთხით „აბულინგებს“ პრეზიდენტს, რომ თუ ის არ შეიწყალებს სააკაშვილს, მაშინ გამოდის, რომ „ოცნების“ თამაშს თამაშობს. რა თქმა უნდა, არის ეჭვი, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს „ნაცმოძრაობასთან“ გარკვეულ გარიგებას, რომელიც იმპიჩმენტის პროცესში ამ პარტიის არმონაწილეობას უკავშირდება და შესაძლოა, რაღაც ბერკეტები ჰქონდეთ პრეზიდენტზე, თუმცა ჩვენი მოლოდინია, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მაინც იქნება პრინციპული, რადგან, ვფიქრობ, რომ ამის იქით ალბათ აღარაფერი არსებობს, რისი დარღვევაც შეუძლია საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარეც. მან თავად ძალიან კარგად იცის სამართლებრივი მოცემულობა – სააკაშვილი სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულებისთვის და კონკრეტულ დანაშაულებზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ასე რომ შეწყალება შესაძლოა არ იყოს მისთვის სასჯელისგან თავის არიდების ინსტრუმენტი. ამიტომ ალბათ რაციონალური გათვლაც იქნება მისი მხრიდან, რომ ამ „კოზირის“ გამოყენება არ ღირს.

ჩვენ ვიცით, რომ მილიონობით დოლარს იხდიან ისინი ლობისტებში, სტატიების, გადაცემების, ინფორმაციის გავრცელებაში. შეწყალება შესაძლოა მათი მხრიდან ახალი კამპანიის დაწყებას უკავშირდებოდეს. რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგი ვერ იქნება მიღწეული, მაგრამ ამ თემის ხელახლა აქტუალიზაციას შეუწყობს ხელს. გასაკვირია ალბათ ბევრისთვის, ვისაც ეგონა, რომ სააკაშვილი მომაკვდავია – ის პოლიტიკას ჩვეულ რეჟიმში უბრუნდება. ჩვენ დაზუსტებით ვიცოდით, რომ ეს ასე იქნებოდა, მაგრამ რეალურად მან საკუთარი სახე აჩვენა და ამ თემის ახლა წამოწევა შეიძლება ემსახურებოდეს საერთაშორისო ასპარეზზე მიხეილ სააკაშვილის თემის აქტუალიზაციას“, – განაცხადა წილოსანმა.