ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი პირველად, მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

202
spot_img

ოქტომბერში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს გახსნიდან 5 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მუზეუმი პირველად მასპინძლობს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას – „ბენქსი: ლეგენდის დაბადება,“ კურატორი – სტივ ლაზარიდისი.

ექსპოზიცია ასახავს მსოფლიო ვარსკვლავის, ლეგენდადქცეული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის – ბენქსის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე.

გამოფენა ფართო აუდიტორიისთვის 18 ოქტომბერს გაიხსნა და 4 თვის განმავლობაში დარჩება თბილისში.

სტივ ლაზარიდისი კურატორი:

“ეს კონკრეტული მოგზაურობა ბენქსისთან ერთად მუშაობის 11 წელიწადს ეხება, როცა მე მისი ფოტოგრაფი, დოკუმენტალისტი, მძღოლი, აგენტი, მენეჯერი და ყველაფერი ვიყავი. ბენქსის პირველად 1997 წელს შევხვდი, როდესაც ის იწყებდა მუშაობას, როგორც ახალგაზრდა უცნობი გრაფიტის არტისტი ბრისტოლიდან.

ამ გამოფენაზე ნახავთ ბენქსის მიერ განვლილ სრულ გზას. დაათვალიერებთ მის ხელოვნებას ორი პერსპექტივიდან – ჩემ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფოტოებს, რომლებიც შეგიქმნით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ საიდან მოვიდა ის, როგორ დაიწყო ყველაფერი და, ასევე, ნახავთ ორიგინალებს, რომ გაჩვენოთ, რამდენად გასცდა ბენქსი საზღვრებს და რამდენად უსწრებდა დროს. ნელ-ნელა, დათვალიერებისას, თავად მიხვდებით, თუ რატომ გააღმერთა იგი ხელოვნების სამყარომ და როგორ იქცა ვანდალი არტისტი საკულტო ფიგურად.“

ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალისგან. კულმინაცია კი იქნება ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები “მაგთიკომის” პარტნიორის, ბრიტანელი ლორდის – ედვარდ ჩერჩილის კერძო კოლექციიდან.

ექსპონატებს შორისაა სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები: სკულპტურა, ტილო, ავთენტური ქუჩის ჟალუზი და სხვა.

ერთ-ერთ დარბაზში ბენქსის ორიგინალებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ქართველი ქუჩის ხელოვანების მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც. მათი ინტეგრირება განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ბენქსის თბილისურ ექსპოზიციას. ქართველი სტრიტ არტისტების მიერ მოხატული კედლის გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე.

წარმოდგენილი ხელოვანები ყველაზე აქტიურად მუშაობენ თბილისის ქუჩებში, მუზეუმში შექმნილი ნამუშევრები მათ ხელწერას ატარებს და რეფლექსირებს ქართულ კულტურაზე.

მონაწილე არტისტები: გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა SICK ’N TIRED

მუზეუმის გუნდი:

„ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა 5 წლის განმავლობაში უმასპინძლა ათობით გამოფენას და საინტერესო საღამოს, ასიათასზე მეტ ვიზიტორს. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ქართული ხელოვნების მხარდაჭერა და რუსთაველის 7 ნომერში ქალაქის კიდევ ერთი კულტურის ცენტრის შექმნა. საერთაშორისო მასშტაბის პროექტი – ბენქსის გამოფენა, ცხადია, ჩვენთვის განსაკუთრებული მოვლენაა.

ამ გამოფენას რამდენიმე მიზანი აქვს: ადგილობრივი დამთვალიერებელი მუზეუმის მეხუთე დაბადების დღეზე ნახავს იშვიათ ექსპოზიციას და გაიცნობს ლეგენდას. გარდა ამისა, ამ გამოფენით მუზეუმი მხარს უჭერს ქართულ სტრიტ არტს. ჩვენი მიზანია, რომ თბილისი ხელოვნების მსოფლიო რუკაზე მოინიშნოს – ამ მასშტაბის გამოფენამ ქვეყანაში შესაძლოა ტურისტული ნაკადიც მოიზიდოს.“