“ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ერთმნიშვნელოვნად კარგია” – რომან გოცირიძე

85
spot_img

როცა ქვეყნის ხელმძღვანელობას არ აქვს ნდობა არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ, ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, კარგიც კი, დიდი შიშით და ეჭვით აღიქმება, პრობლემა არ არის ამ ხელშეკრულების ტექსტში, პირიქით, ეს არის კარგი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება კარგია.

„სხვათა შორის, არსად განცხადების ტექსტში არ არის ნახსენები სტრატეგიული პარტნიორობა, იქ არის ნათქვამი „სტრატეგიული ურთიერთგაგების შესახებ“, მხოლოდ სათაურშია გამოტანილი სტრატეგიული პარტნიორობა. ზოგადად, სტრატეგიულ პარტნიორობის შინაარსში ჩინეთი დებს უამრავ სხვადასხვა შინაარსს და ეს არ არის იმის მსგავსი, რასაც დებს აშშ. ლამის ევროკავშირის ყოველ მეორე ქვეყანას აქვს მსგავსი შეთანხმება გაფორმებული ჩინეთთან და მათ შორის, უკრაინასაც. ამიტომ, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება არის კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ისეთი ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთო ინტერესებშია ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან, მაგალითად ავიღოთ თუნდაც ანაკლიის პროექტი და ა.შ. ამიტომ უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს სიფრთხილით, მაგრამ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ერთმნიშვნელოვნად კარგია. განსაკუთრებული შეთქმულების თეორიით ამ საკითხის განხილვა არ არის სწორი“, – განაცხადა გოცირიძემ.