ბოდიში აქვთ მოსახდელი ევროპარლამენტარებს – ირაკლი კობახიძე

111
spot_img

 

“ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე თვლის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითო ღონისძიების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ბოდიში აქვთ მოსახდელი შესაბამის ევროპარლამენტარებს, რომლებმაც სამ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, ყოფილ სახალხო დამცველს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას და ა.შ:

“გახსოვთ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები – და არა მარტო შიდა მხარდამჭერები, ეს იყო ევროპარლამენტის რეზოლუციებში ასახული, სახალხო დამცველი მონაწილეობდა ამ კამპანიაში, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე იყო სიკვდილის პირას, ეს იყო მათი გზავნილი – ისინი ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, სხვა ქვეყანაში გადაყვანას, ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური კამპანია, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს. ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, შესაბამისად, ყოველგვარ სპეკულაციებს – მოწამვლას, აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებებს, სტრასბურგის სასამართლომ გასცა სათანადო და ძალიან მკაფიო პასუხი…

მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი, თუმცა ჩვენ მაინც და მაინც მათგან ბოდიშს არ ველოდებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მაშინაც იყო მათი პოლიტიკური არჩევანი და დღესაც ისინი მოქმედებენ პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. ისინი რომ იყვნენ ობიექტური დამკვირვებლები, ბოდიშს მოიხდიდნენ, თუმცა ამის მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ “პირველ არხთან” საუბარში.

შეგახსენებთ, ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.