„ბახმუტის მიმართულებით, რუსები აქტიურად, მაგრამ წარუმატებლად უტევდნენ ივანოვსკოეს დასახლებას”

53
spot_img

რუსეთ-უკრაინის ომის 440-ე დღე

უკრაინელმა მებრძოლებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ოთხი მიმართულებით – ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით – მოწინააღმდეგის 42 შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ბახმუტისა და მარინკას მიდამოებში ურთულესი ვითარებაა.

„ბახმუტის მიმართულებით, რუსები აქტიურად, მაგრამ წარუმატებლად უტევდნენ ივანოვსკოეს დასახლებასა და ქალაქ ჩასოვ-იარის მიმართულებით, რომლებზეც გადის უკრაინული ჯარების ძირითადი მარშრუტები ბახმუტში. მარინკას მიმართულებით, უკრაინელმა მებრძოლებმა ქალაქ მარინკაზე განხორციელებული ბევრი თავდასხმა მოიგერიეს.

ლიმანის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო სოფელ ბელოგოროვკაზე შეტევის განხორციელებაზე. ავდიივკას მიმართულებით, ოკუპანტები თავს დაესხნენ თავად ქალაქს, ასევე სოფელ პერვომაისკოეს, მაგრამ უშედეგოდ“, – აცხადებენ გენშტაბში.

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას საზღვაო და საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით დაარტყა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისივე თქმით, 8 მაისს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 22:00 საათზე, მოწინააღმდეგემ შავ ზღვაში განთავსებული ხომალდებიდან უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების მიმართულებით „კალიბრის“ ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, თუმცა საჰაერო თავდაცვის სარდლობა „ვოსტოკის“ ძალებმა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 8-ვე მათგანი გაანადგურეს.

ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 9 მაისს, უკრაინის დროით დილის 04:00 საათზე, რუსულმა ძალებმა სტრატეგიული საავიაციო თვითმფრინავებიდან – ოთხი Tu-95MS ბომბდამშენიდან – Х-101/Х-555 ტიპის 17 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. აქედან 15 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს. რაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განმარტებით, უკრაინის დაბომბვის ორი ტალღის შედეგად, ოკუპანტებმა „კალიბრისა“ და Х-101/Х-555 ტიპის 25 რაკეტა გაუშვეს, მათგან 23 უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვამ უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით გაანადგურა.

უკრაინელებმა, წინასწარი ინფორმაციით, კიევის თავზე მტრის ბომბდამშენიდან გასროლილი ყველა რაკეტა ჩამოაგდეს. ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა კასპიის ზღვის რეგიონიდან, „ტუ-95MS“ ტიპის 4 სტრატეგიული ბომბდამშენის გამოყენებით.

სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევების ჩამოგდების შედეგად გოლოსევსკის რაიონში, კერძო სახლის ეზოში ხანძარი გაჩნდა. მისი ინფორმაციით, რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს საავტომობილო გზაზე შევჩენკოს რაიონშიც.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

პოლონეთმა უკრაინას, დღემდე, „მიგ-29“-ის ტიპის 10 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა, – გამოცემა Defence24-ის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა კანადაში ვიზიტის დროს განაცხადა.

”ჩვენ უკრაინას 10 „მიგ-29“ მივაწოდეთ“, – აღნიშნა ბლაშჩაკმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება. მედიის ინფორმაციით, კანადის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე მარიუშ ბლაშჩაკმა და ანიტა ანანდმა უკრაინის შემდგომ მხარდაჭერა და ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლების საკითხები განიხილეს.

შეგახსენებთ, მარტში პოლონეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის „მიგ-29“-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე შეთანხმდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 13 გამანადგურებელი სლოვაკეთს უნდა მიეწოდებინა. პირველი თვითმფრინავები სლოვაკეთიდან უკრაინაში მარტის ბოლოს გააგზავნეს. აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა უკრაინას პირველი 4 დაპირებული „მიგ-29“ გადასცა.

შეერთებული შტატები უკრაინისთვის დახმარების ახალი, 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების გამოცხადებას გეგმავს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პაკეტი მოცავს დრონებს, საარტილერიო საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ასევე სხვა შესაძლებლობებს.

ამასთან, დახმარების პაკეტის მიწოდება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ ის იქნება შეთანხმებული და შეძენილი მწარმოებლებისგან და არა უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან ამოიღებენ.

ამასთან, USAI-ით გათვალისწინებული დახმარების პაკეტები გამიზნულია არა იმისთვის, რომ უკრაინას იარაღი ამჟამინდელი საჭიროების მიხედვით მიაწოდოს, არამედ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის საშუალო და გრძელვადიანი მარაგი შექმნას.

გასულ კვირას პენტაგონმა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავდა დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ის სარაკეტო სისტემისთვის, საარტილერიო და სატანკო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა.