აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა, ლევან ხვინგიამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლების უფლებები ირღვევა იმ კუთხით, რომ „მათთან ურთიერთობის შეწყვეტა ხდება ყოველგვარი საფუძვლის და კვლევის გარეშე“.
„ტაქსის მძღოლებმა შეიტანეს სარჩელი სასამართლოში მათი საქმიანობის, შრომითი უფლებების და კვალიფიცირების მოთხოვნით. მათი უფლებები, დიახ, ირღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებთან გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულება, ყოველ შემთხვევაში, ასე აღიქმება მხარეებს შორის, დამსაქმებლები, ვისთვისაც ასრულებენ სამუშაოს, მათ პარტნიორებად ითვლებიან. რეალობას რომ შევხედოთ, მეორე მხარეს ამ ადამიანების კონტროლის შესაძლებლობა აქვს. ბევრის უფლებები ირღვევა იმ კუთხით, რომ მათთან ურთიერთობის შეწყვეტა ხდება ყოველგვარი საფუძვლის და კვლევის გარეშე. ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება მათ შემოსავალზეც“,- აცხადებს ლევან ხვინგია.
შეგახსენებთ, რომ დღეს აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა პროფკავშირებთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე მორიგი აქცია გამართეს. მათი განცხადებით, საჭიროა „მთავრობიდან, მერიიდან ან მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენლის გამონახვა, რომელიც გაუწევს მედიატორობას მათსა და „იანდექსსა“ და „ბოლტს“ შორის მოლაპარაკებას.
ამასთან, პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, ლავრენტი ალანიას განცხადებით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.