სრულფასოვანი ევროპული უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული, თუ ერთი რუსი ჯარისკაცი მაინც დარჩება ქართულ მიწაზე -ირაკლი ბერაია

34
spot_img

როდესაც რუსეთზე ზეწოლა ხდება უკრაინიდან გასვლაზე, თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დეოკუპაცია და ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება დარჩეს ევროპის დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ბრიუგეში, ევროპის უსაფრთხოებისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მიმდინარე საპარლამენტო დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლის გარდა, მნიშვნელოვანია მხარდაჭერის გაძლიერება საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გასაძლიერებლად საფრთხის სრული სპექტრის წინააღმდეგ და ევროკავშირისა და ნატოს ჩართულობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში.

„ნება მომეცით გავიმეორო მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი და სოლიდარობა დავაფიქსირო მამაცი ხალხის მიმართ, რომლებიც იცავენ საკუთარ ქვეყანას რუსი აგრესორებისგან. ეს სასტიკი ომი არ არის იზოლირებული შემთხვევა, არამედ სუვერენული საზღვრების ძალის გამოყენებით გადახაზვის აშკარა მცდელობაა. ეს არის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის გაგრძელება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს დაიწყო და შედეგია საერთაშორისო თანამეგობრობის მარცხის, რომ აგრესორს შესაბამისი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, ჩემი ქვეყნის 20% კვლავ ოკუპირებული რჩება, ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაციის შესამჩნევად გაუარესებას აქვს ადგილი. უკანონო სამხედრო ყოფნა და „ბორდერიზაცია“, მკვლელობები და ადამიანის უფლებების დარღვევა, დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები და ჰიბრიდული ომის სხვადასხვა გამოვლინება რუსული ოკუპაციის ყოველდღიური შედეგია. ეს ყველაფერი საზღვაო ბაზის აშენებასთან ერთად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამიტომ, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც რუსეთზე ზეწოლა ხდება უკრაინიდან გასვლაზე, თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დეოკუპაცია და ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება დარჩეს ევროპის დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტად. სრულფასოვანი ევროპული უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული, თუ ერთი რუსი ჯარისკაცი მაინც დარჩება ქართულ მიწაზე. მაგრამ რუსეთზე ზეწოლის გარდა, მნიშვნელოვანია შემდგომი მხარდაჭერის გაძლიერება ჩვენი თავდაცვისა და მდგრადობის გასაძლიერებლად საფრთხის სრული სპექტრის წინააღმდეგ და ევროკავშირისა და ნატოს ჩართულობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში, ამ უკანასკნელის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით ევროპის უსაფრთხოებისთვის.
ჩემი ქვეყანა მტკიცედ ახორციელებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, ამბიციურ დემოკრატიულ, უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დღის წესრიგს. როგორც უსაფრთხოების ერთგული პარტნიორი და ახლა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, საქართველო რჩება ერთგული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ და მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირთან სტრატეგიულ კომპასში განსაზღვრული საერთო მიზნებისა და პრიორიტეტების განხორციელებაზე“,- აღნიშნა ბერაიამ.