ახლა მოიგონეს, რომ თურმე, პარლამენტმა, ჩვენ უნდა დავსხდეთ და გამოვიძიოთ „ქოლცენტრების საქმე“, რითაც რეალურად ხელი უნდა შევუშალოთ პროცესს. რა დამატებით ბენეფიტზეა საუბარი?! უფრო კარგად რა უნდა გააკეთო? მეტი იცი? მეტად ჩაჰყვები სიღრმეში, თუ რა? ერთადერთი შეიძლება ხელი შეუშალო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ბევრი მიზეზი არსებობს იმის, თუ რატომ სურთ მათ „ქოლცენტრების საქმეზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნა. პირველ რიგში, სურთ გადაფარონ ქართველი სამართალდამცველების უდიდესი წარმატება. ამაზე რთულად გამოსაძიებელი საქმე რომელი შეიძლება იყოს, ბევრის დასახელება ალბათ, თითოეულ ჩვენგანს გაგვიჭირდება; ამაზე რთულად დასამტკიცებელი ბრალდება რომელი შეიძლება იყოს, ალბათ, გაგვიჭირდება დასახელება რომელიმე მუხლის; ურთულესი საქმეა, ბევრ ქვეყანაში ამის გამოვლენას ვერც ახერხებენ. იციან, რომ არსებობს ქოლცენტრები, მაგრამ ვერ ახერხებენ. ქართველმა სამართალდამცველებმა ეს შეძლეს ზოგ შემთხვევაში გერმანელ და სხვა ევროპელ ჩვენ მეგობრებთან, ამ ქვეყნების სამართალდამცველებთან ერთად. რიგ შემთხვევაში დამოუკიდებლად და აღმოფხვრეს უამრავი დანაშაული. დროთა განმავლობაში მიდის ინტენსიური მუშაობა ქართველი სამართალდამცველების ამასთან დაკავშირებით და პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი და აღარ არსებობს ქოლცენტრები და თუ სადმეა, ამაზე დღესაც გრძელდება მუშაობა. ამას დაემატა კიდევ ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამართალდამცველებთან ერთად მუშაობა და კიდევ დაემატა გახსნილი საქმეები. ამაზე უამრავი ბრიფინგი ჩატარდა, დაიხურა ქოლცენტრები, გამოვლენა და მათი ლიკვიდაცია მოხდა, უამრავი ადამიანი დააკავეს და ამის ფონზე, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს, სადმე კიდევ კუდები ხომ არ არის დარჩენილი და ამის აღმოფხვრა მოხდეს, ახლა მოიგონეს, რომ თურმე, პარლამენტმა, ჩვენ უნდა დავსხდეთ და გამოვიძიოთ, რითაც რეალურად ხელი უნდა შევუშალოთ ამ პროცესს. რა დამატებით ბენეფიტზეა საუბარი?! უფრო კარგად რა უნდა გააკეთო? მეტი იცი? მეტად ჩაჰყვები სიღრმეში, თუ რა? ერთადერთი შეიძლება ხელი შეუშალო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ „ნაცმოძრაობის“ საკმაოდ მსხვილი ფლანგი გამოიკვეთა უკვე. BBC ჯერ სად იყო, როდესაც ქართველი სამართალდამცველები ამ კვალს დაადგნენ. ახლა თუ რაიმე კვალს დადგნენ, გადაჭრან და დაუდონ მასალები, რომ აგერ იქმნება საფრთხე. უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება და რაც მთავარია, ქოლცენტრების შესახებ კომისია, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რაიმე ჭეშმარიტების დადგენას არ ემსახურება“, – განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიცია ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის კენჭისყრაზე გატანას ცდილობს.
BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.