რაც უკრაინამ ამერიკელებისგან “პატრიოტები” მიიღო, კიევის ცა საკმაოდ კარგადაა დაცული, – ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ბოლო დროს, უკრაინის დედაქალაქზე რუსებმა ფრთოსანი რაკეტებით თუ დრონებით რამდენჯერმე მიიტანეს იერიში.
“უკრაინელებმა ყველა მათგანი ჩამოყარეს. მგონი, ამის იმედად გაუშვეს უკრაინელებმა დრონები მოსკოვზე. სამხედრო მნიშვნელობა თითქოს ამ ოპერაციას არ ჰქონდა, მაგრამ ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური კი ჩემი აზრით, განუზომელი. 1812 წელს ნაპოლეონის მიერ მოსკოვის აღების შემდეგ, კრემლს უცხოელები არ დამუქრებიან. თუ სწორად მახსოვს, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელებმაც კი ვერ მოახერხეს კრემლის დაბომბვა. სტალინი, სსრკ-ს უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბი (Ставка Верховного главнокомандования), კრემლიდან, როგორც ყველაზე დაცულ ადგილიდან, გაუსვლელად მუშაობდა. უკრაინელებმა კი მოახერხეს, ერთით კი არა, ორი საფრენი აპარატით გადმოეფრინათ ნახევარი რუსეთი, პუტინის საცხოვრებელი და სამუშაო რეზიდენციის, იმპერიის გულისა და მისი მთავარი სიმბოლოს ტერიტორიაზე უპრობლემოდ შეფრენილიყვნენ . ამით, მგონი, საბოლოოდ დაამსხვრიეს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის უძლეველობის მითი და დედაქალაქის მცხოვრებლებსაც დაანახეს, რომ ომი სადღაც შორს კი აღარ არის, არამედ მათ ქალაქშიც მოვიდა, რაც თითქოს წარმოუდგენელი ჩანდა. კრემლის პროპაგანდისტის აფეთქება სანკ პეტერბურგის ცენტრში, მოსკოვის თავზე დრონების გამოჩენა მიუთითებს, რომ რუსეთში დაცულად არავინ არ უნდა იგრძნოს თავი. გახსოვთ, 1988 წელს 20 წლის გერმანელი მათიას რუსტის “მოგზაურობა”, რომელმაც სსრკ-ს ევროპული ნაწილი შეუფერხებლად გადმოიფრინა და თავხედურად დაჯდა წითელ მოედანზე? მაშინ ცივი ომი უკვე დასრულებული იყო, გორბაჩოვს და დასავლეთს თაფლობის პერიოდი ედგათ.
კრემლს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ ამ ინციდენტმა მაინც უდიდესი რეპუტაციული ზიანი მიაყენა სსრკ-ს, მის შეიარაღებულ ძალებს, რამაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის და ბევრი გენერლის გადაყენება გამოიწვია. ახლა ვითარება ბევრად სერიოზულია. ჩემი აზრით, ომის დროს კრემლის თავზე ამ ოპერაციის განხორციელების მთავარი მიზანია შეარყიოს რუსეთის ელიტებისა თუ მოსახლეობის რწმენა პუტინისადმი, დაანახოს რუსებს მისი მმართველობის სრული უმწეობა და უუნარობა. ასეთი ნაბიჯებით უნდა გაღვივდეს საპროტესტო განწყობები რუსეთში, რათა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც რუსულ ელიტებს უბიძგებს შედარებით უმტკივნეულოდ შეცვალონ პუტინი. ჩემი აზრით ყველა კარგად ხვდება, რომ “ბუნკერის ბაბუს” მმართველობის პირობებში ამ ომს დასრულება არ უწერია. პუტინთან რაიმე შეთანხმების მიღწევა, რომლითაც საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი, მისი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა იქნება დაცული შეუძლებელი ჩანს. ამიტომ რუსეთში უნდა შეიქმნას სიტუაცია, რომ დიქტატორის შეცვლა შესაძლებელი გახდეს. ამ მიზნის მისაღწევად კი უმნიშვნელოვანესია, თავად რუსებში, მათ ელიტებში გაჩნდეს ფიზიკური საფრთხის, შიშის, დაუცველობის, ჩიხური სიტუაციის განწყობა და აქედან გამოსავლის ძიების მოთხოვნილება. მგონი კრემლზე დრონებით შეტევის ამოცანა, ამ მიზნისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი იყო,”- წერს ირაკლი მელაშვილი.