“დაგვიბრუნეთ კინოთეატრი” – ქუთაისში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

399
spot_img

ქუთაისელები კინოთეატრს ითხოვენ. „კინო საქართველო“, რომელიც ქუთაისელებს თითქმის 20-წლიანი ლოდინის შემდეგ გაუხსნეს, გასული წლის სექტემბრიდან აღარ ფუნქციონირებს. ქალაქი ისევ კინოს გარეშე დარჩა.

კინოთეატრის დახურვიდან რამდენიმე თვეში სოციალურ ქსელში პეტიცია გამოჩნდა, რომლის ავტორიც ადგილობრივი ანტონ სინატაშვილია.

“ძალიან გთხოვთ, იქნებ კინო გახსნათ და ქუთაისელებს საშუალება მოგვცეთ მშობლიურ ქალაქში კინოს ვუყუროთ, მით უმეტეს ახლა როცა საავტორო უფლებები მკაცრად არის დაცული და ბევრს აღარ აქვს წვდომა ონლაინ საიტებზე, სადაც ადრე ფილმებს უყურებდნენ. შესაბამისად, მოთხოვნა ხარისხიან კინოზე ჩვენს ქალაქში უფრო გაიზარდა. აღნიშნულ პირობებში, შესაბამისი დაგეგმვის შემთხვევაში ყველაფერთან ერთად კინოთეატრი შესაძლებელია მოგების წყაროც გახდეს, მთავარია ჩვენებების სწორი დაგეგმვა”, – წერია პეტიციაში.

როგორც ანტონ სინატაშვილი “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში აცხადებს პეტიციაზე 5 000 ხელმოწერა აქვს მითითებული.

“როდესაც კინოთეატრი გაიხსნა, ფილმები რუსულად გადიოდა. შემდეგ ხალხის მოთხოვნის შესაბამისად დაიწყეს ქართულად გახმოვანება, მაგრამ ძირითადად ანიმაციები და ისეთი ფილმები გადიოდა, უკვე ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტში. ბარათით გადახდა არ ჰქონდათ, საიტზე ბილეთს ვერ იყიდდი, უკმაყოფილებას გამოთქვამდი და იქეთ გეჩხუბებოდნენ. წინა გაზაფხულს, როცა “მარველის” ფილმების გაშვება დაიწყეს, იმდენი ხალხი დადიოდა, ბილეთების აპარატი გაუფუჭდათ და ფურცელზე წერდნენ ადგილის ნომრებს. როცა “ენდ გეიმის” პრემიერა იყო, არ გაუშვეს, “დისნეი” არ გვაძლევს გაშვების უფლებასო.

სექტემბრიდან კინოთეატრი აღარ ფუნქციონირებს და შესაბამისად ფეისბუქ გვერდზეც აღარ არის აქტივობა,”– განაცხადა ჩვენთან საუბარში ანტონ სინატაშვილმა.

ვისაც გსურთ ქალაქში კინოთეატრის დაბრუნება, ხელის მოსაწერად გადადით ბმულზე.