Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

,,ხელისუფლებას ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ამიტომ ძალადობაზე არიან გადასული” – ხაბეიშვილი

რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ისინი ვეღარ გამთელდებიან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლებას ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ამიტომ ძალადობაზე არიან გადასული.

„კანონი, რომელიც ქართველი ხალხისთვის არ არის და ქართველ ხალხს არ სჭირდება, უნდა გაიწვიონ! ხელისუფლებას ლეგიტიმაცია, მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ამიტომ ძალადობაზე არიან გადასულები. რა მოსატანია ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება, როდესაც ადამიანებს ოჯახებში უვარდებიან, სახლში აწიოკებენ, პენსიონერ დედ-მამას, მცირეწლოვან ბავშვებს, მეუღლეებს. ხალხს სახლთან ხვდებიან ჩასაფრებით და სცემენ, აგონიაში არიან, რადგან ხელისუფლებას კარგავენ და აუცილებლად დაკარგავენ, რადგან ხალხთან არიან დაპირისპირებაში.

12 წლის განმავლობაში ერთი კანონი გახსენდებათ, რომელიც ქართველი ხალხისთვის არის კარგი? – არა, ასეთი არ არსებობს! ჩვენი შეთავაზება კიდევ ერთხელ, გაიწვიონ ეს კანონი, ხუთი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და ხალხს მიეცით მშვიდად გადაწყვეტილების შესაძლებლობა. თუ ვინმემ ქვეყანაში დაპირისპირება გააღვივა, ეს არის ივანიშვილი. ივანიშვილის გამოსვლის მეორე დღიდან ადამიანებს თავპირს ალეწავენ. „რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი მათ ხელისუფლებას გადატეხს წელში, ისინი ვეღარ გამთელდებიან. ქართველ ხალხთან ასე ძალმომრეობით საუბარი არ არის სწორი, ხელების გადაგრეხით, დაშინებით ქართველ ხალხს ვერ შეაშინებენ. ქართველ ხალხს მინდა მივმართო, ნუ შეშინდებით, ყველაფერი გაივლის, მოშუშდება, მაგრამ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ვსაუბრობთ. ეს არის ისტორიული მომენტი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის კანონი, რომელიც არის ევროკავშირისთვის მიუღებელი და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელს უშლის საქართველოს, არ იქნას მიღებული.

მე ამ აქციაზე ვარ როგორც რიგითი მოქალაქე და არა პოლიტიკოსი. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესი და ეს „რუსული კანონი“ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ჩვენ გვიყვარს საქართველო, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა და შეიძლება ევროკავშირის წევრი გახდეს – ამისთვის ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები – პეტერ ფიშერი

ევროკავშირი არის 27 სუვერენული სახელმწიფოს გაერთიანება, რომლის მთავარი პრინციპებია დემოკრატია და კანონის უზენაესობა, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ გვიყვარს საქართველო, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა და შეიძლება ევროკავშირის წევრი გახდეს. ამისთვის ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები და სწორედ ეს არის საკითხი, რაზეც დისკუსია გვაქვს საქართველოსთან“, – აღნიშნა ელჩმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მთლიანად გადასაგდებია, მისი მოდიფიკაცია არ შეიძლება”- გიგი უგულავა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მთლიანად გადასაგდებია, მისი რაიმე ფორმის მოდიფიკაცია არ შეიძლება. ეს პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს სალომე ზურაბიშვილმა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

გიგი უგულავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უნდა გაიწვიონ და შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით უნდა ჩატარდეს არჩევნები.

„საზოგადოებრივი პროტესტი სულ უფრო დიდი იქნება. პირდაპირი მნიშვნელობით ზღვა ადამიანებისა გამოვა ქუჩაში იმიტომ, რომ არნახულ თავხედობასთან გვაქვს საქმე, ქვეყანას ერთი ხელის მოსმით რუსეთისკენ ექაჩება ივანიშვილი. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება ამას და ბრაზდება. რაც უფრო ბევრი ადამიანი გამოვა, მით უფრო მშვიდობიანი იქნება ცვლილება, რომელიც გარდაუვალია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს კანონი არანაირ გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. ყოველგვარი მანიპულაციები, თვალის ახვევა და მოტყუება კიდევ ერთი თაღლითობაა და მიზნად ისახავს, რომ თქვან: ოპოზიციამ არ მოინდომა, თორემ ჩვენ ცვლილება გვინდოდა. როდესაც ნაგავი აყროლდება სახლში, ადამიანი მის ქექვას არ იწყებს, იღებს და აგდებს. ასევეა ეს კანონიც. ეს კანონი მთლიანად გადასაგდებია. მისი რაიმე ფორმის მოდიფიკაცია არ შეიძლება. ეს პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს სალომე ზურაბიშვილმა. ეს კანონი უნდა გაიწვიონ და შემდეგ მთელი საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით ჩატარდება არჩევნები და მოვიშორებთ ბიძინა ივანიშვილს. თუ ეს ესე არ მოხდება და ბიძინა ივანიშვილი გაძალიანდება, მით უფრო დაკარგავს შანს დარჩეს ამ საზოგადოების და ქვეყნის ნაწილი. საბოლოო ჯამში ის იქნება კეთროვანი იმიტომ, რომ არავის არ გამოუვა ასე ძალით ქვეყნის რუსეთში წათრევა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულზე მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ -რატი იონათამიშვილი

“ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. ამ დანაშაულზე კიდევ უფრო მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ ამ საქმეზე”, – წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

რატი იონათამიშვილი შსს-ში გამართული ბრიფინგის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმის ნაცვლად, რომ ეს უბინძურესი დანაშაული დაგმონ და გაემიჯნონ, გამოძიებას ესხმიან თავს და ბრალდებულებს ამართლებენ.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ისევ “კასრის სინდრომით” რომ მოქმედებს, ეს ცხადია. განსხვავება ის არის, რომ თუ ადრე სხვის საძინებლებში და სახლებში ამონტაჟებდნენ ფარულ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში აკეთებენ იგივეს. ეს არის მათი ზნეც და სახეც.

“ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. ამ ბრალდებით არის დაკავებული უ.ა. მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ი.-სთან ერთად. მაგრამ ამ დანაშაულზე კიდევ უფრო მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ ამ საქმეზე. საქმის მიხედვით, ამოღებულია ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია (!), არსებობს უამრავი მასალა და მტკიცებულებები, საკონტაქტო მონაცემები ქონდათ განთავსებული სექსუალური მომსახურების ვებ-გვერდზე და ეს ამორალური ხალხი კიდე გამოდის და იმის ნაცვლად, რომ ეს უბინძურესი დანაშაული დაგმოს და გაემიჯნოს, მაინც გამოძიებას ესხმიან თავს და ბრალდებულებს ამართლებენ! ამ ხალხს, შესაძლებლობა რომ ქონდეს, იმ ასეულობით დაზარალებულ უარესს დამართებდნენ. ცხადია, ყველა დეტალს გამოძიება და სასამართლო დაადგენს და არაფერი დაიმალება, მაგრამ ნაცმოძრაობა ისევ “კასრის სინდრომით” რომ მოქმედებს, ეს ცხადია. განსხვავება ის არის, რომ თუ ადრე სხვის საძინებლებში და სახლებში ამონტაჟებდნენ ფარულ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში აკეთებენ იგივეს. ეს არის მათი ზნეც და სახეც და საერთოდ, რომელ ევროპაზე და ევროპულობაზე გველაპარაკებიან ეს ფსიქოლოგიური ტერორისტები?” – წერს რატი იონათამიშვილი.

ხედავთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თავისი მეთოდებით თურმე არსად წასულა, აღმოჩნდა, რომ იმავე მეთოდებით ფარულად იწერს ინტიმურ სცენებს და ამით აშანტაჟებს ადამიანებს -შალვა პაპუაშვილი

აქციის ორგანიზატორების მხრიდან ამ დღეებში ვნახეთ სრული ისტერია. გახსოვთ, როდესაც ჩხრეკა ტარდებოდა უჩა აბაშიძის ბინაში და დააკავეს, როგორ უცებ მოხდა ადამიანების ორგანიზება და მცდელობა, ხელი შეეშალათ პოლიციისთვის მუშაობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ადამიანი, რომელიც წარმოჩენილი იყო არასამთავრობო სექტორის ლიდერად, ამ აქციების ერთ-ერთ სულისჩამდგმელად, აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ვინც არის“.

„„ნაციონალური მოძრაობა“ ისევ საკუთარი სახით წარმომდგარია ასეთი ადამიანების სახით. აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ იმავე მეთოდებით, რაც მას ჰქონდა 2012 წლამდე, ფარულად იწერს ინტიმურ სცენებს და ამით აშანტაჟებს ადამიანებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ არის ასეულობით ჩანაწერი, სადაც მათ შორის არიან ცნობადი სახეები. ეს არის ზუსტად სკანდალი ამ ყველაფერში, ვინაიდან შანტაჟი ზუსტად ამას გულისხმობს, რომ შემდეგ ისინი დაიყოლიონ სხვადასხვა ქმედებაზე. რა თქმა უნდა, ეს ახდენს ბევრი ადამიანის დისკრედიტირებას, ეჭვისა და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი აქტიური ადამიანის მოტივაციას, რამდენად არის ეს დაკავშირებული შანტაჟთან, თუ ეს არის მათი გულწრფელი პოზიცია.

არის ეჭვები, საერთოდ რა დგას ამის უკან. ეს სპეცსამსახურების სტილში განხორციელებული აქტივობა, როდესაც სხვა ადამიანის ინტიმური ცხოვრების კადრებს იწერ და ქმნი შემდეგ შანტაჟის რაღაც ქსელს, რაში იყენებენ ამას საზოგადოებისთვის ცნობად სახეებზე, ეს უკვე სხვა საკითხია.

ხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მეთოდებით თურმე არსად წასულა და როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ აკეთებინებდნენ ვიღაცები იმ ჩანაწერებს, რომ შემდეგ საზოგადოება ემართათ ცნობადი სახეებისა და მათზე შანტაჟის მეშვეობით, თურმე ზუსტად იგივე მეთოდები მიდის ახლა, რათა საზოგადოების განწყობები მართონ ცნობადი სახეების მეშვეობით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, „სწორედ ასეთი ამაზრზენი დანაშაულები გვაგონებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს“.

„ეს ადამიანი, რომელიც არასამთავრობო სექტორის ლიდერად იყო წარმოჩენილი, ამ აქციების ერთ-ერთ სულისჩამდგმელად და ორგანიზატორად, აღმოჩნდა, ვინც არის, საბოლოო ჯამში. სწორედ ასეთი ამაზრზენი დანაშაულები გვაგონებს ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს და ვხედავთ, რომ ახლა უკვე ამ სექტორს ამოფარებული იგივე მოქმედებებს აგრძელებენ.

ამიტომ მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეტალურად შეისწავლოს ყველა ეს ჩანაწერი, რა თქმა უნდა, დაზარალებულებს დაუკავშირდებიან, თუმცა თავისთავად უკვე სკანდალია.  გამოდის, რომ იქმნებოდა გარკვეული მექანიზმი ადამიანების შანტაჟისა, რათა შემდეგ ზეგავლენა მოეხდინათ, სავარაუდოდ, საზოგადოებრივ აზრზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჩემი ინფორმაციით, კეზერაშვილი მათ კვიპროსში შეხვდა და ზოგს 100 000, ზოგს 50 000 ნაძარცვი დოლარი გადაუხადა, რათა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ ორმაგი ძალისხმევით იბრძოლონ-ლევან ნიკოლეიშვილი ევროპელი დიპლომატების ვიზიტზე

ჩემი ინფორმაციით, კეზერაშვილი მათ კვიპროსში შეხვდა და ზოგს 100 000, ზოგს 50 000 ნაძარცვი დოლარი გადაუხადა, რათა გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ ორმაგი ძალისხმევით იბრძოლონ, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპელი დიპლომატების ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გლობალური ომის პარტიისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები, ევროპის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები თბილისში ვიზიტს აპირებენ და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებებს გეგმავენ, რაც მათი მხრიდან უკვე არაერთხელ ვიხილეთ.

ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვა მარიონეტი პოლიტიკოსები მოსყიდული მოლაპარაკე თავები არიან, რომლებიც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, უკრაინიზაციისკენ მოუწოდებდნენ, აქტიურად იყვნენ და არიან ჩართულები სააკაშვილის გათავისუფლების მცდელობაში, ყველა ტრიბუნას და ინსტრუმენტს იყენებენ, რათა ბიძინა ივანიშვილს და ქართულ სახელმწიფოს სანქციები დაუწესდეს, უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და ჩვენს სუვერენიტეტს არაფრად აგდებენ.

ჩემთვის გასაკვირი არ არის მათი ქმედებები და მოტივი, რადგანაც პირდაპირ არიან დაკავშირებულები „ნაციონალური მოძრაობის“ სპონსორებთან და გლობალური ომის პარტიასთან, რომელიც ყველანაირად ცდილობს, საქართველოში რევოლუციური სცენარით შეცვალოს ხელისუფლება, ხოლო შემდგომ ჩვენი სამშობლო პოლიგონად გადააქციოს.

ჩემი ინფორმაციით, ევროპელი პენსიონერების და ქართული სახელმწიფოს მძარცველი კეზერაშვილი ზემოთ ნახსენებ პოლიტიკოსებს კვიპროსში შეხვდა და ზოგს 100 000, ზოგს 50 000 ნაძარცვი დოლარი გადაუხადა, რათა სტაბილური ლობისტური საქმიანობის გარდა უხეშად ჩაერიონ მიმდინარე პროცესებში და გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ ორმაგი ძალისხმევით იბრძოლონ.

სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო უცხოელ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და არ გაბედონ საქართველოში რადიკალურ ძალებთან ერთად მოქმედება, რადგანაც მათი სქემები გაშიფრულია და სახელმწიფო გადატრიალების გეგმაში მონაწილეობის მიღება მათთვის გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს.

ამავდროულად საზოგადოებას სიფხიზლისაკენ მოვუწოდებ და მინდა გავაფრთხილო, არ აჰყვნენ მოსყიდული პოლიტიკოსების განცხადებებსა და ქმედებებს. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულმა ყველა პირმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა, თუმცა მტრებს ისე დახვდება, როგორც ჩვენნაირ თავისუფლებისმოყვარე ერს ეკადრება“, – წერს ნიკოლეიშვილი.

კონგრესმენების წერილში წერია, რომ საქართველო იზოლირდება დასავლეთისგან – ქვეყანა ახლა გზის გასაყარზეა -ზურაბ ჭიაბერაშვილი

კონგრესმენების წერილში პირდაპირ წერია, რომ საქართველო იზოლირდება დასავლეთისგან, ხაზი გასმულია ძალადობაზე სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, პირდაპირ წერია ლევან ხაბეიშვილის სასტიკ ანგარიშსწორებაზე, საქართველო ახლა არის გზის გასაყარზე და ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბელარუსიზაციასთან დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესის 29 წევრის წერილს გამოეხმაურა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციასთან, დემოკრატიასთან და საერთაშორისო ვალდებულებებთან.

„გვსურს გამოვეხმაუროთ შეერთებული შტატების კონგრესის 29 წევრის წერილს. ასევე პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯერ სალივანის განცხადებებს. კონგრესმენებიც და ბატონი სალივანიც ძალიან მკაფიოდ მიუთითებენ, რომ საქართველოში გვაქვს სერიოზული უკან დახევა დემოკრატიის თვალსაზრისით და ის, რასაც „ქართული ოცნება“, ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციასთან, დემოკრატიასთან, საერთაშორისო ვალდებულებებთან, ასევე 2009 წლის შეერთებული შტატების და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან.

წერილში მითითებულია ივანიშვილის 29 აპრილის განცხადება, რომელიც შეერთებული შტატების მიერ აღქმულია როგორც სრულიად ახალი ეტაპი საქართველოს სამწუხარო განვითარებაში და მასში ცხადად არის საქართველოს იზოლაცია დასავლეთისაგან და ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარება. ასევე, ხაზი გასმულია ძალადობაზე, რომელსაც მიმართავს ივანიშვილის რეჟიმი და წერილში პირდაპირ საუბარია ძალადობაზე სამოქალაქო აქტივისტების მიმართ და მასში პირდაპირ ნახსენებია ლევან ხაბეიშვილის სასტიკი ანგარიშსწორების შემთხვევა. ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერისადმი და პარლამენტის წევრისადმი ასეთი მოპყრობა სრულიად გაუგონარია. და მესამე, ეს არის ღიად ანტიდასავლური რიტორიკა და ქმედება, არა მხოლოდ ივანიშვილის განაცხადში, არამედ მას შემდეგ, რასაც მიმართავს ივანიშვილის რეჟიმი და პრემიერი კობახიძე, ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს რა იქნება ამის ფასი.

რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას და ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს ის სანქციები, მათ შორის ფინანსური სანქციები, რომელიც ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაგდებაზე პასუხისმგებელ პირებს დაუწესდებათ. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ივანიშვილის რეჟიმის ამ ქმედებებს პირდაპირ მიჰყავს საქართველო ბელარუსიზაციის გზით. ასევე, წერილში ნახსენებია ბელორუსიის დემოკრატიული აქტი, რომელიც კონგრესმა თავის დროზე მიიღო, და რომელიც სამწუხროდ, აისახება არა მხოლოდ რეჟიმზე, არამედ ხალხზე. საუბარია იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს უზარმაზარი ზიანი, რაც შეიძლება იყოს სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხისთვის და უზარმაზარი ფინანსური დახმარების შეწყვეტა. ამიტომ საქართველო ახლა არის გზის გასაყარზე და „ნაციონალურ მოძრაობას“ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბელარუსიზაციასთან დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. უნდა შეწყდეს პირველ რიგში, ძალადობა, რომელსაც სჩადის კრიმინალთან შეზრდილი სამართალდამცავი სტრუქტურები და პოლიცია, კანონი უნდა იყოს გაწეული. არანაირი კანონის მოდიფიცირება არ არის მისაღები ქართული საზოგადოებისათვის, რადგან კანონის შემოღების მოტივაცია სრულიად ნათელია, ეს არის საქართველოს მოწყვეტა დასავლეთიდან და რა თქმა უნდა, უნდა დაკმაყოფილდეს მინიმალური სტანდარტები, რომ ქართველ ხალხს მომდევნო არჩევნებში მიეცეს თავისი ნების სრულფასოვნად გამოხატვის საშუალება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მოსალოდნელი სანქციების ფონზე, ყველა მიმართულებით შეწყდეს ეს ანტიქართული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ქმედებები. უნდა შეწყდეს ძალადობა, ყველა დაკავებული უნდა გათავისუფლდეს და შეწყდეს საქმეები მათზე, აღიკვეთოს ძალადობა როგორც პოლიციის ისე პოლიციასთან შეზრდილი ზონდერ ჯგუფების. კანონი უნდა იყოს უპირობოდ უკან გაწვეული და ქართველ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება ეს რეჟიმი შეცვალოს მშვიდობიანად მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მიუღებელია, როდესაც რადიკალი ანარქისტები თავს ესხმიან პოლიციას, ეს არის ხელის აღმართვა სახელმწიფოზე -ირაკლი ღარიბაშვილი

რადიკალი ანარქისტები როდესაც თავს ესხმიან პოლიციას, ეს არის მიუღებელი, ეს არის ხელის აღმართვა სახელმწიფოზე, ეს უნდა იყოს დასჯილი და არავითარი კომპრომისი აქ არ შეიძლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯომში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქვეყანაში არ უნდა გაჩნდეს და მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ დაუსჯელობის სინდრომის. ეს არის საშინელება. ძირს უთხრის სახელმწიფოს ძლიერებას, სუვერენიტეტს, ყველაფერს. როგორც შეიძლება, რომ პოლიციელს ქვებს უშენენ ეს რადიკალი ანარქისტები და გაუგებარი არარაობები?! ქვებს უშენენ, პროვოკაციაზე მიდიან, წვავენ პოლიციის მანქანებს, თავს ესხმიან სახელმწიფო უწყებებს. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. ამის გამო რა ხდება ამერიკაში, ევროპაში? ყველგან, ყველა ნორმალურ, ძლიერ სახელმწიფოში სახელმწიფო უწყებებისგან არის ძალიან მკაფიო, ძლიერი პასუხი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, გმობს ყველანაირ ძალადობას, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს მიმართული.

„მანამდე ვიხილეთ დეპუტატების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, პოლიტიკოსების თუ სხვა აქტორების წინააღმდეგ მიმართული. არ შეიძლება, ძალადობა უნდა დავასრულოთ. როცა ხედავს ადამიანი ძალადობას, როცა ხედავენ ამ ფაშისტების აქტიურობას, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვგულისხმობ, და ეს სხვა არაფერია, თუ არა ფაშიზმი, რაც მათ წარსულში აქვთ ჩადენილი, ხალხში ეს ძალადობა და აგრესია იმატებს. მიუღებელია, ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ. როცა საჯაროდ გამოდიან ეს აგრესიული ანარქისტები და თავს ესხმიან პოლიციას, ეს არის მიუღებელი, ეს არის ხელის აღმართვა სახელმწიფოზე, ეს უნდა იყოს დასჯილი და არავითარი კომპრომისი აქ არ შეიძლება, სწორედ ეს დაუსჯელობა წარმოშობს სხვა ტიპის ძალადობას, ყველა ხედავს კადრებს, რომ თავს ესხმიან პოლიციელებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წავიკითხე სენატორების, კონგრესმენების წერილი, მოსაწონი არ არის, საჭიროა მაგიდასთან მოლაპარაკება, მისასალმებელი არ არის საჯაროდ ნეგატიური თემების განხილვა -ირაკლი ღარიბაშვილი

წავიკითხე სენატორების, კონგრესმენების წერილი, ვნახე ჯეიკ სალივანის განცხადება, არ არის მოსაწონი, საჭიროა დიალოგი, საუბარი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან, მეტი ახსნა, პოზიციების მეტი დაახლოება და, საბოლოო ჯამში, რაღაც გამოსავლის პოვნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან აუცილებელია მჭიდრო დიალოგი, ურთიერთობა, მაგიდასთან მოლაპარაკება, საჯაროდ მსგავსი თემების და, მით უმეტეს, ნეგატიური თემების განხილვა მისასალმებელი არ არის.

„წავიკითხე წერილიც, ვნახე სალივანის განცხადებაც და ეს არ არის მოსაწონი, რა თქმა უნდა, მიუღებელია და გავიმეორებ, საჭიროა დიალოგი, საუბარი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან, მეტი ახსნა გვჭირდება, პოზიციების მეტი დაახლოება და, საბოლოო ჯამში, რაღაც გამოსავლის პოვნა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მთავარია, ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს და არა ისეთი, რომელიც დაასუსტებს. ამერიკა ჩვენი მრავალი ხნის პარტნიორია, მეგობარი სახელმწიფო და საჭიროა მათთან მუშაობა და დიალოგი. ვფიქრობ, დადგა დრო, სხვა ეტაპზე გადავიდეს ურთიერთობა. აუცილებელია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო დიალოგი, ურთიერთობა, მაგიდასთან უნდა მოვილაპარაკოთ, საჯაროდ ასეთი თემების და, მით უმეტეს, ნეგატიური თემების განხილვა არ არის მისასალმებელი. მე გავეცანი კონგრესმენების წერილს, მანამდე სენატორების წერილი იყო, არ არის ეს კარგი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც უკრაინას და მოლდოვას გაუხსნეს ამის შესაძლებლობა და საქართველოს არა, დასავლეთში დიდი შეცდომა დაუშვეს, რადგან „ჯერ საქართველო იმსახურებდა ამას და შემდეგ უკრაინა და მოლდოვა“.

„შარშანწინ სტატუსი რომ არ მოგვცეს, ესეც არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა უნდა დავმშვიდდეთ ყველანი, ეს ძალადობაც არ შეიძლება, მით უმეტეს, არ შეიძლება პოლიციელებზე ძალადობა და ვგმობ. ერთადერთი, თუ ვინმეს კანონით აქვს მინიჭებული იარაღის თუ სპეცსაშუალებების გამოყენების უფლება, არის პოლიცია, სხვას არავის ამ ქვეყანაში. ამიტომ, როცა იარაღიან და ამ მანდატით აღჭურვილ ადამიანს თავს ესხმი და პროვოკაციაზე მიდიხარ, მით უმეტეს, ვიღაც ნაძირალები „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ესროდნენ და შემდეგ ეს ჩვენი მოღალატე პრეზიდენტი იწყალებდა ასეთ კრიმინალებს, ეს წარმოშობს ძალადობას, ეს არის მიუღებელი და ამაზე უნდა აიმაღლოს საზოგადოებამ ხმა და თქვენ, მათ შორის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქაშვეთის ტაძარი საპროტესტო აქციების დასრულებამდე ღია აღარ იქნება და ღამით, ჩვეულ დროს დაიკეტება

ქაშვეთის ტაძრის მღვდლების მიმართ მომხდარი მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის გამო ტაძარი საპროტესტო აქციების დასრულებამდე ღია აღარ იქნება და ღამით, ჩვეულ დროს დაიკეტება.

„როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 10 მაისს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი. აქედან გამომდინარე, შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რათა ტაძარი დაიკეტოს ჩვეულ დროს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე (ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე) ღია იყო“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქაშვეთის ტაძრის მღვდლების მიმართ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დაფიქსირდა.

https://www.facebook.com/sazupatriarchate/posts/pfbid02DZEs49ZRSsGSeMUk6sfrTxb1LkhjHa6jjygtAuiSJqyyF28nfEaFvhtFnABGe3v4l

პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებით შანტაჟი, დამნაშავეობა და გარყვნილება არის “ნაცების” მთავარი მახასიათებელი, მხოლოდ მათ ტვინში შეიძლება მოიხარშოს ასეთი ამაზრზენი დანაშაული -მამუკა მდინარაძე

“ეს რა იკადრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორ გაბედა ამ საქმის გახსნაო – ესაა კოლექტიური ნაცების რეაქციები. უჩამ და მისმა ცოლმა რა იკადრესო, ან მათი დავალებების მიმცემებმაო – ერთს არ დაუწერია ჯერ!” – წერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე უჩა აბაშიძის საქმეზე.

მდინარაძის თქმით, დავალებებით მუშაობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებით შანტაჟი, დამნაშავეობა და გარყვნილება არის “ნაცების” მთავარი მახასიათებელი და მხოლოდ მათ ტვინში შეიძლება მოიხარშოს ასეთი ამაზრზენი დანაშაული.

უჩას პორნოფაილები – თავისივე ოჯახის წევრის მონაწილეობით მოგროვებული კომპრომატები… (არ დაგვავიწყდეს, ეს იმ ადამიანზეა საუბარი, რომელიც მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია და აქციის სხვა ორგანიზატორებმა დაკავებისას გმირად და ყველაზე უცოდველ არსებად გამოაცხადეს!) ქართველობაზე გველაპარაკებიან-ხოლმე, ქალთა უფლებებზე… ევროპაზეც… ახალგაზრდების და საქართველოს მომავლის სახელითაც ესენი გველაპარაკებიან… ეს რა იკადრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორ გაბედა ამ საქმის გახსნაო – ესაა კოლექტიური ნაცების რეაქციები. უჩამ და მისმა ცოლმა რა იკადრესო, ან მათი დავალებების მიმცემებმაო – ერთს არ დაუწერია ჯერ!.. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს: დავალებებით მუშაობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებით შანტაჟი, დამნაშავეობა და გარყვნილება არის მათი მთავარი მახასიათებელი. მხოლოდ მათ ტვინში შეიძლება მოიხარშოს ასეთი ამაზრზენი დანაშაული! რა ზრდილობა, რა კულტურა, რა IQ, მსგავსი უმორალო და მანიაკალური დაჯგუფება მეორე წარმოუდგენელია”, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

თქვენი წყალობით საქართველოში კორუფციამ შევარდნაძის ადმინისტრაციის დროს არსებულს გადააჭარბა -ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს:
“ბატონო ბიძინა,ახლა, როდესაც თქვენი ნამდვილი სახე საბოლოოდ გამოჩნდა, მოგმართავთ იმის მიხედვით, თუ რასაც წარმოადგენთ: თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც თორმეტი წლის განმავლობაში ყველას ატყუებდა – დაწყებული საკუთარი ამომრჩევლებით, რომლებიც 2020 წელს ჯერ თქვენი პარტიის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი პრო-ევროპული პროგრამით შეაცდინეთ, შემდეგ კი უღალატეთ მათ და ქვეყანაში რუსეთის ინტერესების გატარება დაიწყეთ.
წლების განმავლობაში თქვენ მთელ დასავლურ საზოგადოებას ატყუებდით იმის მტკიცებით, რომ საქართველო დასავლეთისკენ მიგყავდათ, ამავდროულად კი ატყუებდით თქვენს რუს მოკავშირეებსაც, რომლებსაც არწმუნებდით, რომ საზოგადოებრივ აზრს ეფექტურად ცვლიდით რუსეთის სასარგებლოდ.
2012 წელს თქვენ მეც და თითოეული ქართველიც მოგვატყუეთ იმ დაპირებით, რომ გააგრძელებდით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კონსტრუქციულ ინიციატივებს და ბოლოს მოუღებდით მათ დანაშაულებრივ ქმედებებს; თუმცა თქვენი ქმედებები სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა. თქვენ შეწყვიტეთ ყველა ის პოზიტიური აქტივობა, რასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა და მათი უარყოფითი ქმედებები კიდევ უფრო გაამწვავეთ და გაცილებით მაღალ დონეზე აიყვანეთ.
თქვენი წყალობით საქართველოში კორუფციამ შევარდნაძის ადმინისტრაციის დროს არსებულს გადააჭარბა. თქვენ დაასაქმეთ ათიათასობით უუნარო ადამიანი საჯარო სექტორში იმისთვის, რომ არჩევნების დროს უზრუნველგეყოთ მათი და მათი ოჯახების მუდმივი მხარდაჭერა თქვენი პარტიისთვის.
თქვენ ან მოისყიდეთ, ან სისტემატურად აშინებდით ბიზნესებსა და კერძო პირებს იმისათვის, რომ მათი ერთგულება უზრუნველგეყოთ, ან უბრალოდ წნეხის ქვეშ გყოლოდათ. და ბოლოს, თქვენ ღიად შეუერთდით რუსეთს თქვენი საიდუმლო “გეორგიევსკის ტრაქტატით”, წახვედით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და დაუპირისპირდით ჩვენს მოკავშირეებს, ისევე როგორც ქართველ ხალხს, რომლებიც, 200 წლის განმავლობაში, რუსეთისა და საბჭოთა ჩექმის ქვეშ მყოფები, ყველაფერს სწირავდნენ საკუთარი ერის კეთილდღეობისთვის.
ბატონო ბიძინა, თქვენი მთავარი პრობლემა გამომდინარეობს იმ დამახინჯებული წარმოდგენიდან, რომელიც საკუთარ თავზე გაგაჩნიათ. თქვენ გჯერათ, რომ იმაზე ბევრად უფრო ჭკვიანი ხართ, ვიდრე რეალურად ხართ და არც ვინმე გყავთ გარშემო ისეთი გამბედავი, ვინც სიმართლეს პირში გეტყვით.
დროდადრო, საკუთარი შესაძლებლობებისა და გავლენის გათვლაც გიჭირთ, მაგალითად: 29 აპრილს, თქვენი მნიშვნელოვანი გამოსვლიდან სულ რამდენიმე დღეში, თქვენი მონა-მორჩილი პრემიერ-მინისტრი უკვე უკან იხევს რუსეთის კანონმდებლობაზე და დასავლურ საზოგადოებას მის განხილვას საპრეზიდენტო ვეტოს შემდეგ სთავაზობს.
თქვენ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თქვენ, თქვენი პარტიის და თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგ აიმხედრეთ. ამ ასაკით უფროსმა ადამიანმა, ერთპიროვნულად გადაწყვიტეთ გაგენადგურებინათ მილიონობით ქართველი ახალგაზრდას ოცნებები და მისწრაფებები, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროპაში ხედავენ, რადგან ამპარტავნულად გჯერა, რომ მათზე უკეთ იცით რა არის მათთვის უკეთესი.
ასევე, დაუსრულებლად მიმართავთ ძალადობრივ ზომებს და მრავალრიცხოვანი, განსხვავებული აზრის მქონე ხმის ჩასახშობად ავაზაკებს იყენებთ, რაც საქართველოს დიქტატურისკენ უბიძგებს.
ბატონო ბიძინა, თქვენგან განსხვავებით, მე ჩემს პრინციპებს ყოველთვის ვიცავდი და ჩემს ფინანსურ ინტერესებს საქართველოსთვის ვწირავდი. მე ვარ წარუმატებელი ქვეყნიდან და ღრმად მჯერა, რომ საქართველო მეორე ლიბანი არ უნდა გახდეს. ქართველები იმსახურებენ თავისუფლებას და კეთილდღეობას და არა იმ დაბინძურებულ კეთილდღეობას, რასაც მათ თქვენ სთავაზობთ, მათი პრინციპების, ღირსებისა და სინდისის ფასად.
ბატონო ბიძინა, თქვენ გზის დასასრულს მიაღწიეთ. ოქტომბერში ქართველი ხალხი თანამდებობიდან გაგაძევებთ და რაც მთავარია, თქვენც და თქვენს ქვეშევრდომებსაც, თქვენი ხელისუფლების თორმეტი სისხლიანი წლის განმავლობაში ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის პასუხი მოგეკითხებათ.
კი ბატონო, შეგიძლიათ თქვენი ავაზაკები გამოგზავნოთ ჩემს ქუჩაში საცემად ან მოსაკლავადაც კი, თუმცა თქვენი მინიონები არც დიდად მანაღვლებს და არც მათი მეშინია. შეგიძლიათ ისე გააგრძელოთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით.
მე საკმარისი ვიცხოვრე და თუ ჩემი სიკვდილი საქართველოს საუცხოო ახალგაზრდა თაობის თავისუფლებასა და ნათელ მომავალს უზრუნველყოფს, ამ მსხვერპლსაც უყოყმანოდ გავიღებ. ეს პატივს მიაგებს ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს და ჩემს შვილიშვილებს.
გამომიგზავნე შენი ავაზაკები, მაგრამ კარგად გახსოვდეს, რაც ერთხელ უკვე მოგწერე: „მახვილით მოსული, ამ მახვილითვე მოკვდება“.
საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და თქვენი მუხანათური ხელისუფლების ნანგრევებიდან კეთილდღეობა და თავისუფლება წარმოიშობა, ისტორია კი თქვენს სახელს ერის ყველა მოღალატესთან ერთად ჩაიწერს”, – წერს ფადი ასლი ღია წერილში.