კონგრესმენების წერილში წერია, რომ საქართველო იზოლირდება დასავლეთისგან – ქვეყანა ახლა გზის გასაყარზეა -ზურაბ ჭიაბერაშვილი

7
spot_img

კონგრესმენების წერილში პირდაპირ წერია, რომ საქართველო იზოლირდება დასავლეთისგან, ხაზი გასმულია ძალადობაზე სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, პირდაპირ წერია ლევან ხაბეიშვილის სასტიკ ანგარიშსწორებაზე, საქართველო ახლა არის გზის გასაყარზე და ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბელარუსიზაციასთან დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესის 29 წევრის წერილს გამოეხმაურა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციასთან, დემოკრატიასთან და საერთაშორისო ვალდებულებებთან.

„გვსურს გამოვეხმაუროთ შეერთებული შტატების კონგრესის 29 წევრის წერილს. ასევე პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯერ სალივანის განცხადებებს. კონგრესმენებიც და ბატონი სალივანიც ძალიან მკაფიოდ მიუთითებენ, რომ საქართველოში გვაქვს სერიოზული უკან დახევა დემოკრატიის თვალსაზრისით და ის, რასაც „ქართული ოცნება“, ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციასთან, დემოკრატიასთან, საერთაშორისო ვალდებულებებთან, ასევე 2009 წლის შეერთებული შტატების და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან.

წერილში მითითებულია ივანიშვილის 29 აპრილის განცხადება, რომელიც შეერთებული შტატების მიერ აღქმულია როგორც სრულიად ახალი ეტაპი საქართველოს სამწუხარო განვითარებაში და მასში ცხადად არის საქართველოს იზოლაცია დასავლეთისაგან და ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარება. ასევე, ხაზი გასმულია ძალადობაზე, რომელსაც მიმართავს ივანიშვილის რეჟიმი და წერილში პირდაპირ საუბარია ძალადობაზე სამოქალაქო აქტივისტების მიმართ და მასში პირდაპირ ნახსენებია ლევან ხაბეიშვილის სასტიკი ანგარიშსწორების შემთხვევა. ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერისადმი და პარლამენტის წევრისადმი ასეთი მოპყრობა სრულიად გაუგონარია. და მესამე, ეს არის ღიად ანტიდასავლური რიტორიკა და ქმედება, არა მხოლოდ ივანიშვილის განაცხადში, არამედ მას შემდეგ, რასაც მიმართავს ივანიშვილის რეჟიმი და პრემიერი კობახიძე, ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს რა იქნება ამის ფასი.

რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას და ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს ის სანქციები, მათ შორის ფინანსური სანქციები, რომელიც ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაგდებაზე პასუხისმგებელ პირებს დაუწესდებათ. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ივანიშვილის რეჟიმის ამ ქმედებებს პირდაპირ მიჰყავს საქართველო ბელარუსიზაციის გზით. ასევე, წერილში ნახსენებია ბელორუსიის დემოკრატიული აქტი, რომელიც კონგრესმა თავის დროზე მიიღო, და რომელიც სამწუხროდ, აისახება არა მხოლოდ რეჟიმზე, არამედ ხალხზე. საუბარია იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს უზარმაზარი ზიანი, რაც შეიძლება იყოს სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხისთვის და უზარმაზარი ფინანსური დახმარების შეწყვეტა. ამიტომ საქართველო ახლა არის გზის გასაყარზე და „ნაციონალურ მოძრაობას“ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბელარუსიზაციასთან დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. უნდა შეწყდეს პირველ რიგში, ძალადობა, რომელსაც სჩადის კრიმინალთან შეზრდილი სამართალდამცავი სტრუქტურები და პოლიცია, კანონი უნდა იყოს გაწეული. არანაირი კანონის მოდიფიცირება არ არის მისაღები ქართული საზოგადოებისათვის, რადგან კანონის შემოღების მოტივაცია სრულიად ნათელია, ეს არის საქართველოს მოწყვეტა დასავლეთიდან და რა თქმა უნდა, უნდა დაკმაყოფილდეს მინიმალური სტანდარტები, რომ ქართველ ხალხს მომდევნო არჩევნებში მიეცეს თავისი ნების სრულფასოვნად გამოხატვის საშუალება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მოსალოდნელი სანქციების ფონზე, ყველა მიმართულებით შეწყდეს ეს ანტიქართული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ქმედებები. უნდა შეწყდეს ძალადობა, ყველა დაკავებული უნდა გათავისუფლდეს და შეწყდეს საქმეები მათზე, აღიკვეთოს ძალადობა როგორც პოლიციის ისე პოლიციასთან შეზრდილი ზონდერ ჯგუფების. კანონი უნდა იყოს უპირობოდ უკან გაწვეული და ქართველ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება ეს რეჟიმი შეცვალოს მშვიდობიანად მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.