ხედავთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თავისი მეთოდებით თურმე არსად წასულა, აღმოჩნდა, რომ იმავე მეთოდებით ფარულად იწერს ინტიმურ სცენებს და ამით აშანტაჟებს ადამიანებს -შალვა პაპუაშვილი

25
spot_img

აქციის ორგანიზატორების მხრიდან ამ დღეებში ვნახეთ სრული ისტერია. გახსოვთ, როდესაც ჩხრეკა ტარდებოდა უჩა აბაშიძის ბინაში და დააკავეს, როგორ უცებ მოხდა ადამიანების ორგანიზება და მცდელობა, ხელი შეეშალათ პოლიციისთვის მუშაობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ადამიანი, რომელიც წარმოჩენილი იყო არასამთავრობო სექტორის ლიდერად, ამ აქციების ერთ-ერთ სულისჩამდგმელად, აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ვინც არის“.

„„ნაციონალური მოძრაობა“ ისევ საკუთარი სახით წარმომდგარია ასეთი ადამიანების სახით. აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ იმავე მეთოდებით, რაც მას ჰქონდა 2012 წლამდე, ფარულად იწერს ინტიმურ სცენებს და ამით აშანტაჟებს ადამიანებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ არის ასეულობით ჩანაწერი, სადაც მათ შორის არიან ცნობადი სახეები. ეს არის ზუსტად სკანდალი ამ ყველაფერში, ვინაიდან შანტაჟი ზუსტად ამას გულისხმობს, რომ შემდეგ ისინი დაიყოლიონ სხვადასხვა ქმედებაზე. რა თქმა უნდა, ეს ახდენს ბევრი ადამიანის დისკრედიტირებას, ეჭვისა და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი აქტიური ადამიანის მოტივაციას, რამდენად არის ეს დაკავშირებული შანტაჟთან, თუ ეს არის მათი გულწრფელი პოზიცია.

არის ეჭვები, საერთოდ რა დგას ამის უკან. ეს სპეცსამსახურების სტილში განხორციელებული აქტივობა, როდესაც სხვა ადამიანის ინტიმური ცხოვრების კადრებს იწერ და ქმნი შემდეგ შანტაჟის რაღაც ქსელს, რაში იყენებენ ამას საზოგადოებისთვის ცნობად სახეებზე, ეს უკვე სხვა საკითხია.

ხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მეთოდებით თურმე არსად წასულა და როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ აკეთებინებდნენ ვიღაცები იმ ჩანაწერებს, რომ შემდეგ საზოგადოება ემართათ ცნობადი სახეებისა და მათზე შანტაჟის მეშვეობით, თურმე ზუსტად იგივე მეთოდები მიდის ახლა, რათა საზოგადოების განწყობები მართონ ცნობადი სახეების მეშვეობით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, „სწორედ ასეთი ამაზრზენი დანაშაულები გვაგონებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს“.

„ეს ადამიანი, რომელიც არასამთავრობო სექტორის ლიდერად იყო წარმოჩენილი, ამ აქციების ერთ-ერთ სულისჩამდგმელად და ორგანიზატორად, აღმოჩნდა, ვინც არის, საბოლოო ჯამში. სწორედ ასეთი ამაზრზენი დანაშაულები გვაგონებს ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს და ვხედავთ, რომ ახლა უკვე ამ სექტორს ამოფარებული იგივე მოქმედებებს აგრძელებენ.

ამიტომ მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეტალურად შეისწავლოს ყველა ეს ჩანაწერი, რა თქმა უნდა, დაზარალებულებს დაუკავშირდებიან, თუმცა თავისთავად უკვე სკანდალია.  გამოდის, რომ იქმნებოდა გარკვეული მექანიზმი ადამიანების შანტაჟისა, რათა შემდეგ ზეგავლენა მოეხდინათ, სავარაუდოდ, საზოგადოებრივ აზრზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.