„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მთლიანად გადასაგდებია, მისი მოდიფიკაცია არ შეიძლება”- გიგი უგულავა

25
spot_img

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მთლიანად გადასაგდებია, მისი რაიმე ფორმის მოდიფიკაცია არ შეიძლება. ეს პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს სალომე ზურაბიშვილმა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

გიგი უგულავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უნდა გაიწვიონ და შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით უნდა ჩატარდეს არჩევნები.

„საზოგადოებრივი პროტესტი სულ უფრო დიდი იქნება. პირდაპირი მნიშვნელობით ზღვა ადამიანებისა გამოვა ქუჩაში იმიტომ, რომ არნახულ თავხედობასთან გვაქვს საქმე, ქვეყანას ერთი ხელის მოსმით რუსეთისკენ ექაჩება ივანიშვილი. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება ამას და ბრაზდება. რაც უფრო ბევრი ადამიანი გამოვა, მით უფრო მშვიდობიანი იქნება ცვლილება, რომელიც გარდაუვალია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს კანონი არანაირ გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. ყოველგვარი მანიპულაციები, თვალის ახვევა და მოტყუება კიდევ ერთი თაღლითობაა და მიზნად ისახავს, რომ თქვან: ოპოზიციამ არ მოინდომა, თორემ ჩვენ ცვლილება გვინდოდა. როდესაც ნაგავი აყროლდება სახლში, ადამიანი მის ქექვას არ იწყებს, იღებს და აგდებს. ასევეა ეს კანონიც. ეს კანონი მთლიანად გადასაგდებია. მისი რაიმე ფორმის მოდიფიკაცია არ შეიძლება. ეს პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს სალომე ზურაბიშვილმა. ეს კანონი უნდა გაიწვიონ და შემდეგ მთელი საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით ჩატარდება არჩევნები და მოვიშორებთ ბიძინა ივანიშვილს. თუ ეს ესე არ მოხდება და ბიძინა ივანიშვილი გაძალიანდება, მით უფრო დაკარგავს შანს დარჩეს ამ საზოგადოების და ქვეყნის ნაწილი. საბოლოო ჯამში ის იქნება კეთროვანი იმიტომ, რომ არავის არ გამოუვა ასე ძალით ქვეყნის რუსეთში წათრევა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.