Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ვიქტორ ორბანი – დროა, განადგურდეს იმ არასამთავრობოების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ჩრდილოვანი არმია, რომლებიც ანაზღაურებას აშშ-დან და ბრიუსელიდან იღებენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. ვიქტორ ორბანმა ასევე კვლავ გამორიცხა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.

ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მოვიდა დრო, განადგურდეს „ჩრდილოვანი არმია“, რომელიც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, მოსამართლეებსა და პოლიტიკოსებს აერთიანებს, რომლებიც ანაზღაურებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ბრიუსელიდან იღებენ.

უნგრეთის პრემეირ-მინისტრმა კვლავ გააკრიტიკა ბრიუსელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების გამო და განაცხადა, რომ ევროკავშირს უკრაინის „კოლონიზაცია“ სურს.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ვიქტორ ორბანის მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეების გაძევებას, თუ ისინი უნგრეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხედ იქნებიან მიჩნეული.

„მსურველთა კოალიცია“ ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს”- კირ სტარმერი

უახლოეს დღეებში ლონდონში ევროპელი სამხედრო მაღალჩინოსნები შეიკრიბებიან და რუსეთ-უკრაინის ომში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფის გეგმაზე იმსჯელებენ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დღეს გამართული ე.წ. მსურველთა კოალიციის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მოლაპარაკებები დისტანციურ ფორმატში გაიმართა.

კირ სტარმერის თქმით, „მსურველთა კოალიცია“ ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, განვაგრძობთ სამხედრო დახმარების ნაკადს უკრაინისთვის და გავაძლიერებთ შეზღუდვებს რუსეთის ეკონომიკაზე, რათა დავასუსტოთ პუტინის სამხედრო მანქანა და მოვიყვანოთ ის მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ქვეყნები შეთანხმდნენ, დააჩქარონ პრაქტიკული სამუშაო პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად.

„ჩვენ ახლა გადავდივართ ოპერაციულ ფაზაში. ჩვენი სამხედრო მოხელეები შეიკრიბებიან 20 მარტს აქ, გაერთიანებულ სამეფოში, რათა წარმოადგინონ ძლიერი გეგმა სამშვიდობო შეთანხმების გასაძლიერებლად და უკრაინის მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტმა ტრამპმა შესთავაზა პუტინს გზა ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ახლა ჩვენ უნდა ვაქციოთ ეს რეალობად. ახლა არის მომენტი, ვიმოძრაოთ იმ შედეგისკენ, რომლის ხილვაც გვსურს – დავასრულოთ მკვლელობები და მივაღწიოთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში და ხანგრძლივ უსაფრთხოებას ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა კირ სტარმერმა.

წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი – მუნიციპალიტეტში 25 სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძარია

წალენჯიხაში, 25 სხვადასხვა ადგილზე ხანძარია. ცეცხლი უახლოვდება დასახლებულ პუნქტებს, – ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ ბელქანია ავრცელებს.

როგორც ბელქანია წერს, ადგილზე რეგიონებიდან დამხმარე სახანძრო სამაშველო ბრიგადას ელოდებიან.

„ამ ეტაპზე წალენჯიხაში ზუსტად 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხანძარი. მათ შორის საყურადღებოა, საჩინოში ხანძრის კერა, რომელიც თანდათან დასახლებულ პუნქტს უახლოვდება, მან უკვე დააზიანა რამდენიმე სასაფლაო, ლეხულორდეში! მუნიციპალიტეტში ორი სახანძრო მანქანაა, ორივე ადგილზე მუშაობს თუმცა ქარი ართულებს ცეცხლის ლიკვიდაციას. სავარაუდოდ, ცეცხლის მიზეზი არის მოსახლეობის მხრიდან მიწის საგაზაფხულოდ მოსამზადებლად ძველი მცენარეების დაწვა, რაც დასჯადი ქმედებაა! ამ ეტაპზე, ველოდებით რეგიონიდან დამხმარე სახანძრო მანქანებს.

112-ში დამატებით უკვე შეტყობინება შესულია. ადგილზე დენის მიწოდება შეწყვეტილია. სახანძროს მუშაობის შემდეგ ჩაერთვება საქ.ენერგო, რომელიც დაზიანებულ დენის სადენებს აღადგენს“, – წერს ბელქანია „ფეისბუქზე“.

“თუ პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვალა, ვერცერთ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ” – ირაკლი ფავლენიშვილი

მიიღებს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას – საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს.

პლატფორმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ თუ პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვალა, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

“თუ პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვალა, აზრს ვერ ვხედავთ ნებისმიერ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღების. ზოგადადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეტად ხალხი კონცენტრირებულია იმ მიზნების შესრულებაზე, რაც საპროტესტო ტალღას აქვს,” – აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას მას შემდეგ მიიღებს, რაც ქვეყანაში არსებული პროტესტის მონაწილეების ორი ძირითადი მოთხოვნა შესრულდება.

“მთავარია, ჩვენი ხალხის მთავარი მოთხოვნები – ეს გახლავთ სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. ამ ორი მოთხოვნის შესრულების შემდეგ, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების ჩვეულ რიტმს,” – აცხადებს ტატა ხვედელიანი.

,,დღეს “მნიშვნელოვანია რეგიონის დაცვა ნებისმიერი კრიზისისგან”-  ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე სწრაფად ცვალებად მსოფლიოში გლობალური სტაბილურობა უახლოეს თვეებში ან წლებშიც კი ვერ იქნება მიღწეული. ილჰამ ალიევმა, “ევრონიუსთან” ინტერვიუში, განაცხადა, რომ მსოფლიო შევიდა “ახალი წესებისა და ნორმების შემუშავების ფაზაში”.

“მაშინაც კი, თუ [უკრაინის] ომი შეწყდება, არ არსებობს გარანტია, რომ ის კვლავ არ განახლდება. ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც თითქმის 30 წლის განმავლობაში მოქმედებდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც მიღწეული იყო 1994 წლის გაზაფხულზე, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ომი დასრულდა. ის უბრალოდ ტრანსფორმირდა. ომი მხოლოდ მაშინ სრულდება, როდესაც გაქვთ სამშვიდობო შეთანხმება”, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს “მნიშვნელოვანია რეგიონის დაცვა ნებისმიერი კრიზისისგან”.

“ახლა ჩვენ გვაქვს შედარებით მშვიდი პერიოდი, ამიტომ უნდა ვკონცენტრირდეთ ამაზე, რათა შევქმნათ უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც იქნება ყოვლისმომცველი, აღმოვფხვრათ ახალი სამხედრო კონფრონტაციის ნებისმიერი საფრთხე და ვეცადოთ ვიცხოვროთ მეზობლურად, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

კვლევის მიხედვით, ამერიკელების უმრავლესობა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხში დონალდ ტრამპის მიდგომას არ ეთახნმება

ორი ახალი კვლევის მიხედვით, ამერიკელების უმრავლესობა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომას არ ეთახნმება.

„სიენენის“ მიერ გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 59%-მა განაცხადა, რომ „ნაკლებად სავარაუდოა“ ან „საერთოდ არ არის სავარაუდო“, რომ დონალდ ტრამპის მიდგომა უკრაინას გრძელვადიან მშვიდობას მოუტანს, ხოლო 41% ამბობს, რომ ეს „გარკვეულწილად სავარაუდოა“.

კიდევ 59% არ ეთანხმება იმას, თუ როგორ წარმართავს დონალდ ტრამპი აშშ-ს ურთიერთობას რუსეთთან.

გამოკითხულ ამერიკელთა ნახევარმა განაცხადა, რომ ომის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომა აშშ-სთვის ცუდია, 29% ამბობს, რომ ეს კარგია ქვეყნისთვის, ხოლო დანარჩენი ამბობს, რომ განსხვავებას ვერ ხედავს.

გამოკითხვის შედეგი პარტიული ნიშნით დაყოფის შემთხვევაში სხვაგვარია – დემოკრატების 77% ამბობს, რომ დონალდ ტრამპის მიდგომა ცუდია ქვეყნისთვის, მაშინ როდესაც რესპუბლიკელების 61% ამბობს, რომ ეს კარგია. დამოუკიდებელი ამომრჩევლების 55% ნეგატიურად აფასებს დონალდ ტრამპის მიდგომას.

მსგავს სურათს აჩვენებს Quinnipiac-ის გამოკითხვაც. ამომრჩევლებს როდესაც ჰკითხეს, ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ, გამოკითხულთა 58%-მა დონალდ ტრამპის მოქმედება არ მოიწონა, ხოლო 35%-მა მოიწონა. ამასთან, ეს დაპირისპირება დემოკრატების 95%-ს არ მოსწონს, მაშინ როდესაც რესპუბლიკელების 77% მხარს უჭერს დონალდ ტრამპს. დამოუკიდებელი ამომრჩევლების 68% ასევე უარყოფითად არის განწყობილი.

„სიენენის“ გამოკითხვა 6 მარტიდან – 9 მარტამდე პერიოდში ჩატარდა დამოუკიდებელი კვლევითი კომპანიის SSRS-ის მიერ. გამოკითხულია  1 206 მოქალაქე, ცდომილების ზღვარი 3.3%-ულ პუნქტს შეადგენს.

Quinnipiac-მა 1 198 რეგისტრირებული ამომრჩეველი გამოჰკითხა 6 მარტიდან – 10 მარტამდე პერიოდში, ცდომილების ზღვარი კი 2.8%-ულ პუნქტს შეადგენს.

ვოლოდიმირ ზელენსკი – კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან

კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

„ცალკე შენიშვნა კურსკის ოლქთან დაკავშირებით: ჩვენი ჯარების ოპერაცია კურსკის ოლქის განსაზღვრულ ადგილებში გრძელდება. დანაყოფები მათთვის დაკისრებულ ამოცანებს მოთხოვნების სრული დაცვით ასრულებენ. კურსკის ოლქში უკრაინული ძალების წყალობით, რუსული ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა მიმართულებებიდან გაიყვანეს. ჩვენი ჯარები რუსული და ჩრდილოეთ კორეის დაჯგუფებების შეკავებას აგრძელებენ. ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისივე თქმით, დონეცკის ოლქისა და ფრონტის ხაზის სხვა ზონებში უკრაინის პოზიციების დაცვა გრძელდება და პოკროვსკის მიმართულებით ვითარება დასტაბილურდა.

„ჩვენ ასევე ვაკვირდებით მიმართულებებს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ, სადაც რუსული არმია ძალების რაოდენობას ზრდის. ეს ჩვენს სუმის ოლქზე თავდასხმის განზრახვაზე მიუთითებს. ჩვენ ამის შესახებ ვიცით და ამას ვუპასუხებთ. მინდა, ყველა პარტნიორმა ზუსტად გაიგოს, რას გეგმავს პუტინი, რისთვის ემზადება და რას უგულებელყოფს. სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვი დიპლომატიის იგნორირების გაგრძელებას აპირებს. აშკარაა, რომ რუსეთი ომს ახანგრძლივებს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი რუსი სამხედროების მიერ ალყაში იყო მოქცეული და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მათი დანდობა სთხოვა.

,,CNN-ის და MSNBC-ის პუბლიკაციების 97,6% ჩემს შესახებ ნეგატიური მასალაა, დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენენ და კორუმპირებულები”- დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა CNN და MSNBC კორუფციასა და უკანონო საქმიანობაში დაადანაშაულა. შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტელეარხები დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ, რომელთა ქმედებებიც, მისი აზრით, უკანონოა.

ტრამპმა გააკრიტიკა მედია მათ შორის კოორდინაციის გამო. მისი თქმით, ისინი გავლენას ახდენენ მოსამართლეებზე.

„CNN-ის და MSNBC-ის პუბლიკაციების 97,6% ჩემს შესახებ ნეგატიური მასალაა, ისინი დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენენ. კორუმპირებულები არიან და უკანონოდ მოქმედებენ. არ აქვს მნიშვნელობა რა უზარმაზარ გამარჯვებას მივაღწევ მე, ან რა მარცხს განიცდიან ჩემი ოპონენტები, ეს ხალხი ყოველთვის შემიტევს მე. ეს არ შეიძლება, რომ ასე იყოს. ჩვენ ვაბრუნებთ პატიოსნებას და ანგარიშვალდებულებას ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში იუსტიციის სამინისტროსა და მთელი ჩვენი მთავრობის უმაღლეს დონეებზე“, – განაცხადა ტრამპმა.

მიმდინარე სამუშაოების გამო, გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრულად შეიზღუდება.

კერძოდ, 16 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ამსვლელ პანდუსზე. ასევე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით გამსვლელი გვირაბის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით.

17 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გამსვლელ გვირაბში. ავტომობილები მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გმირთა მოედნის გავლით.

18 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვრის მარჯვენა  სანაპიროსკენ მიმავალი მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან გვირაბის გავლით.

19 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, გმირთა მოედნიდან და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მხრიდან, მერაბ კოსტავას ქუჩის გავლით, ვარაზისხევისკენ მიმავალი მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი N534 მიკროავტობუსი ვარაზისხევის საშუალებით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩით განაგრძობს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

ტრამპის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლის წესების გამკაცრებას გეგმავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლის წესების გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშავა რეკომენდაციების პროექტი, რომელშიც 43 ქვეყანა სამ კატეგორიად დაყო – „წითელი“, „ნარინჯისფერი“ და „ყვითელი“.

„წითელი“ ქვეყნების ჯგუფში შევიდა 11 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებს კატეგორიულად აეკრძალებათ აშშ-ში შესვლა. ესენია: ავღანეთი, ბჰუტანი, კუბა, ირანი, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, სომალი, სუდანი, სირია, ვენესუელა და იემენი.

„ნარინჯისფერი“ ქვეყნების სიაში შესულია 10 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებს ვიზების გაცემას შეუზღუდავენ. შესვლა შეიძლება ნებადართული იყოს მხოლოდ „შეძლებული ბიზნეს მოგზაურებისთვის“, მაგრამ არა მათთვის, ვინც შედის საიმიგრაციო ან ტურისტული ვიზებით. ამ კატეგორიის ქვეყნებია – რუსეთი და ბელარუსი, ასევე ერიტრეა, ჰაიტი, ლაოსი, მიანმარი, პაკისტანი, სიერა-ლეონე, სამხრეთ სუდანი და თურქმენეთი.

გარდა ამისა, „ყვითელ“ სიაში მოხვდა 22 ქვეყანა, რომლებსაც მიეცემათ 60 დღე, რომ აღმოფხვრან ის საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს აშშ-ის ხელისუფლებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი „წითელ“ ან „ნარინჯისფერ“ კატეგორიაში მოხვდებიან.

როგორც The New York Times აღნიშნავს, საბოლოო სია შეიძლება შეიცვალოს.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ გაურკვეველია, გავრცელდება თუ არა შეზღუდვები მათზე, ვისაც უკვე აქვს მოქმედი ვიზები. ასევე გაურკვეველია, გაავრცელებს თუ არა ადმინისტრაცია შეზღუდვებს ე.წ. მწვანე ბარათის მფლობელებზე, რომლებმაც აშშ-ში მუდმივი ცხოვრების ნებართვა უკვე მიიღეს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ფინანსური კრიზისია”- გურამ მაჭარაშვილი

კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა პატრონებმა იგრძნეს, რომ ბოლო თვეებს თუ კვირებს ითვლიან და თუ რამე ქონება აქვთ, ყველაფერს გაყიდიან იმიტომ, რომ საქართველოში პოლიტიკური მომავალი ფაქტობრივად, აღარ აქვთ, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„როგორც ჩანს, ახლა იგრძნეს კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა პატრონებმა, რომ უკვე ფაქტობრივად, ბოლო თვეებს თუ კვირებს ითვლის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ოფისებსაც გაყიდიან. თუ რამე ქონება აქვთ ყველაფერს გაყიდიან იმიტომ, რომ პოლიტიკური მომავალი ფაქტობრივად აღარ არსებობს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საქართველოში. უცხოეთიდან ფინანსდება ყველაფერი ეს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ვოიაჟები. ახლა ცოტა ხანში ალბათ არც უცხოელები აღარ დაუფინანსებენ ვოიაჟებს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ფინანსური კრიზისია. პარტიის მთავარი შენობა გაყიდულია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისი 3 200 000-ად გაიყიდა. შენობის ახალი მფლობელი კომპანია „ევ დისტრიბუშენია“, რომლის დირექტორიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახე დავით კირკიტაძეა.

,, მაკა ბოჭორიშვილის და აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის შეხვედრამ ოპოზიციის ნაწილში აჟიოტაჟი გამოიწვია”- ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის და აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დიპლომატიური კორპუსის სამუშაოს ნაწილია. 

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, დიპლომატებს შორის შეხვედრამ ოპოზიციის ნაწილში აჟიოტაჟი გამოიწვია. 

„განსაკუთრებული იმაში არაფერი არ არის, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს. რა თქმა უნდა, ეს არის მათი სამუშაოს ნაწილი და ამას რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან, კარგად დაინახეთ. შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ფეისბუკგვერდს და როგორი ფაშისტური კომენტარები დაუწერეს – ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა, ყველამ ჩვენი თვალით ვიხილეთ“, – აცხადებს მაჭავარიანი.