Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

თუ კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას – გერმანიის ელჩი

სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არადა ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ , – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

გერმანიის ელჩის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სტანდარტზე დაბლაა, რომელიც კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, რაც იმას ნიშნავს, თუ კანონპროექტი არსებული ფორმით იქნება მიღებული, გერმანია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს.

“ეს დინამიური პროცესია. შემიძლია, საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე ვისაუბრო. დარწმუნებული ვარ, თქვენ ნახეთ გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ამ კანონის მესამე მოსმენით მიღებით საქართველომ ევროპული გზიდან უკვე გადაუხვია.

არის სტანდარტი, რომელიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი ამ სტანდარტზე დაბლაა. ასე რომ, დეკემბერში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ, ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით თუ იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს [საქართველოსთვის] გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას და ეს საქართველოს მის ევროინტეგრაციის გზაზე უკან დაწევს.

სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არა და ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ”, – განაცხადა ფიშერმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების სრული უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღება, შესაბამისად, კანონის დღევანდელი ფორმით მიღების შემთხვევაში გერმანია თანხმობას ვერ განაცხადებს.

„გერმანიას წარმოვადგენ. ერთი სახელმწიფო ვართ ევროკავშირში. ისე გამოვიდა, რომ ყველაზე დიდი მოსახლეობა გვაქვს და ასე შემდეგ. ევროკავშირმა რომ საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი გადაწყვიტოს – ანუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა – ერთსულოვნება უნდა იყოს, ყველა სახელმწიფომ თანხმობა უნდა განაცხადოს. გერმანიის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ თანხმობას არ ვიტყვით თუ ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული”, – დასძინა მან.

,,მე მგონია, რომ პრეზიდენტი შეგნებულად არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას გამჭვირვალობის კანონზე”- გიორგი კახიანი

ჩვენ თავიდანვე მზად ვიყავით დისკუსიისთვის. დღემდეა ასეა, მაგრამ სამწუხაროა, რომ აქამდე ამის მზაობა ჩვენ ვერ დავინახეთ ვერავის მხრიდან. ვისმენდით მხოლოდ ზედაპირულ განცხადებებს, რომლებსაც არანაირი არგუმენტები არ ახლდა თან, – ამის შესახებ გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, პრეზიდენტის ვეტო გამჭვირვალობის კანონზე მსჯელობის ბოლო შანსი იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილი დამოკიდებულება ამ პროცესისადმი იმდენად დესტრუქციული აღმოჩნდა, რომ ის ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაელოდება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოს დავძლევთ, იმიტომ რომ პრეზიდენტმა გვითხრა, რომ „კანონთან შენიშვნები არ მაქვს, უბრალოდ ეს კანონი მაინც არ უნდა მიიღოთ“. დაახლოებით ასევე ვეტო გამოაგზავნა. მე მგონია, რომ პრეზიდენტი შეგნებულად არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას. თითქოს თავიდან მოიცილა ეს პასუხისმგებლობა. დააკვირდით, როგორი მოწონება ჰქონდა ამ ყველაფერს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან. ანუ, პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც უნდოდა რადიკალურ ოპოზიციას.

ამ ეტაპზე ეს ბოლო შანსი ხელიდან არის გაშვებული. ალბათ მომდევნო კვირას ვიმსჯელებთ უკვე ვეტოს დაძლევაზე და აუცილებლად დავძლევთ მას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ვნახავთ რა შენიშვნები იქნება“, – განაცხადა კახიანმა.

თურქეთის პარლამენტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტი ივლისში წარედგინება

თურქეთი “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვას გეგმავს.

კანონპროექტის თურქეთის პარლამენტისთვის წარდგენა 2024 წლის 1 -ელ ივნისს იგეგმება.

მედიის ინფორმაციით, კანონპროექტი საკანონმდებლო შესწორებას მოიცავს, რომელიც “შპიონაჟისა” და “ჯაშუშობის” განმარტებებს აფართოებს, ამასთან სისხლის სამართლის პასუხისგება შემოდის ე.წ. “უცხოური გავლენის აგენტებისთვის”.

ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF) თანახმად, “აღნიშნული კანონმდებლობა საშუალებას მისცემს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს არა უბრალოდ გააგრძელოს სიტყვისა და მედიის თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრა თურქეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, ვინაიდან, შესწორება, ასევე, ეხება თურქეთის მოქალაქეებს, ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში იმყოფებიან.”

ზურაბიშვილს აქვს მცდელობები, ნაცმოძრაობის სიას სათავეში ჩაუდგეს თავისი ქოლგით – ვიღაცამ თქვა, რომ ფუფალას ქოლგას უფრო ჰგავს ეს – გია ვოლსკი

“ნაცმოძრაობა” იყო, არის და მომავალშიც იქნება, რა სახელიც არ უნდა დაირქვან, არ აქვს მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ თვალთმაქცობას და სიყალბეს თავი დაანებონ და მართლაც ერთიანი სიით წარმოდგნენ, როგორც ამას სააკაშვილი მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილს აქვს მცდელობები, რომ ამ სიას სათავეში ჩაუდგეს თავისი ქოლგით , – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანება და საერთო სიით წარდგენა მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, “რადიკალურმა ოპოზიციამ” გადაწყვიტა, რომ საზოგადოების ფენებიდან ადამიანები გამოყონ მათ მხარდასაჭერად.

“რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც გაერთიანებულია პირობითად ერთი სახელის ქვეშ, ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, გადაწყვიტა, რომ ყველა მიმართულებით საზოგადოების ფენებიდან გამოყონ ადამიანები, რომლებიც მათ მხარს დაუჭერენ. აქედან გამომდინარე, ვითომ ეს თავისუფლების და ახალგაზრდობის ინტერესების გათვალისწინებით “გირჩისა” და “დროას” კონგლომერატი შექმნეს. იქით “ლელოა”, რომელიც ვითომ ბიზნესს მიხედავს და ვითომ, “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგია. გახარია, რომელმაც ყველა თავისი მოქმედებით ხელი შეუწყო “ნაცმოძრაობას” და პირიქით, როდესაც ყველაზე მეტის რესურსის მქონე პიროვნება იყო, პრემიერ-მინისტრი, სწორედაც მაშინ ჩაუდგა სათავეში დესტაბილიზაციის პროცესს. შეკვეთები შეასრულეს კოლექტიური. “ნაცმოძრაობა” იყო, არის და მომავალშიც იქნება, რა სახელიც არ უნდა დაირქვან, მნიშვნელობა არ აქვს. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ თვალთმაქცობას და სიყალბეს თავი დაანებონ და მართლაც ერთიანი სიით წარმოდგნენ, როგორც ამას სააკაშვილი მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილს აქვს მცდელობები, რომ ამ სიას სათავეში ჩაუდგეს თავისი ქოლგით, რომლის ქვეშ გაერთიანდებიან ყველანი. რა ქოლგაა ეს ჯერ არ ვიცით. ვიღაცამ ენამოსწრებულად თქვა, რომ ფუფალას ქოლგას უფრო ჰგავს ეს ქოლგაო”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არანაირი კავშირი “ნაციონალური მოძრაობის” “სისხლიან რეჟიმთან”.

“ამ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ სალომე ზურაბიშვილი პრაქტიკულად ერთადერთი ადამიანია, რომელსაც პირდაპირი კავშირი არანაირად არ ჰქონდა იმ სისხლის ღვრასთან და ადამიანის უფლებებზე გადავლასთან, რაც აი, ამ ფაშისტურმა რეჟიმმა იმ პერიოდში მოახერხა. სისტემური დანაშაულის ატმოსფერო შექმნა [რეჟიმმა] და სახელისუფლებო რესურსი დათრგუნვისაკენ გამოიყენა.

სალომე ზურაბიშვილს ამასთან კავშირი არ გააჩნია. რადგან კავშირი არ გააჩნდა, რადგან იყო დამოუკიდებელი, რადგან არის დიასპორის წარმომადგენელი და ა.შ. სწორედ ეგ იყო შერჩეული მხარდასაჭერად “ქართული ოცნების” მიერ.

ამიტომ, შეირჩა სალომე ზურაბიშვილი. ერთი იყო გახარიას კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ ის აშკარად იყო ჩართული “ნაცმოძრაობასთან” პირდაპირ კავშირში. აქედან გამომდინარე, ყველა ნიშნით ჯერ-ჯერობით სალომე ზურაბიშვილი სჯობნის”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ევროპულმა საბჭომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა

ევროპულმა საბჭომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემის გეგმას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ვარაუდობენ, გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა ყოველწლიურად 2,5-3 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ თანხის 90 პროცენტი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე დაიხარჯება, ათი პროცენტი კი უკრაინის აღდგენას მოხმარდება.

ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია – თამთა მეგრელიშვილი

ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

მეგრელიშვილი გამოეხმაურა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო, რომელმაც 4 წლის წინ არჩევნებზე უამრავი ხარვეზი გამოავლინა და ბევრ მათგანზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო, საქართველოს ულტიმატუმის ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, ეს არის კონკრეტული კონგრესმენის მიერ დაანონსებული მეგობარი აქტი, რომელიც წინაპირობებს ითვალისწინებს: შევამციროთ ანტიდასავლური რიტორიკა, გავიწვიოთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი,“ არ მივიღოთ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი და ასევე, მნიშვნელოვანი საკითხი – არჩევნები უხარვეზოდ ჩავატაროთ.

არჩევნები საქართველოში, რა თქმა უნდა, ძალიან გამართულად ტარდება, როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ შევთანხმდეთ იმაზე, რომ არც ერთ შემდგარ სახელმწიფოში არჩევნები უხარვეზოდ არ ტარდება. ავიღო ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ხარვეზის სახით, 2020 წელს არჩევნების ჩატარებისას, დაახლოებით 1499 შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან, 1275-ზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა. გავიხსენოთ ისიც, რომ აშშ-ს ერთ-ერთ შტატში არჩეულ იქნა ე.წ. მკვდარი სული, როდესაც დემოკრატი კანდიდატი აირჩიეს ხმათა 85%-ით.

ამ გამოცდილების მქონე სახელმწიფოს წარმომადგენელი, კონგრესმენი არ შეიძლება ქართულ სახელმწიფოს ასეთი ულტიმატუმით ესაუბრებოდეს – ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით, დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ, საგარეო – ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ საგარეო პოლიტიკის კუთხით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს არც აქამდე უშლიდა არაფერი ხელს, ამ პაკეტების რეალიზაციისთვის. საქართველო დიდი ხანია, ითხოვს თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში, თავისუფალ ვაჭრობას, სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ათეული წლების განმავლობაში განხორციელებადი იყო. დღეს ამ თემაზე საუბარი, და თან შანტაჟის ენით, მცდელობაა, ქვეყანაში ვითარების დაძაბვას შეეწყოს ხელი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლის შესახებაც გამოცემა „პოლიტიკომ“ სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ს შეუძლია საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტი გამოუყოს, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას.

დაველოდებით, რომ ჩვენი შეთავაზება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადავიდეს გაცილებით მაღალ დონეზე, იქნება მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც – ნინო წილოსანი

დაველოდებით, რომ ჩვენი შეთავაზება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადავიდეს გაცილებით მაღალ დონეზე, იქნება მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი მხრიდან გამოხატული არაერთი მხარდაჭერის, არაერთ ფორმატში მონაწილეობის პარალელურად, რომ საქართველომ მიიღოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან ვიზასთან დაკავშირებით, ვაჭრობასთან დაკავშირებით თუ სხვა საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით უკეთესი პირობები, ეს ნამდვილად იქნება აშშ-ს მხრიდან გამოხატული მეგობრობისა და პარტნიორობის ნაბიჯი. თავისთავად, ამის მოლოდინში ვართ, თუმცა არც ეს განაცხადი, არც ეს აქტი დაინიცირებული და არც ის რაღაც დისკუსია, რომელიც საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე მიმდინარეობს, არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას და არც მათ აძლევთ, ამ ვითომ ექსპერტებს ამით მანიპულაციის საშუალებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით, რომ ჩვენი შეთავაზება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადავიდეს გაცილებით მაღალ დონეზე, იქნება მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც“, -აღნიშნა ნინო წილოსანმა.

აშშ-ს შეუძლია საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტი გამოუყოს, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

“უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტის მიღებას თურქეთიც განიხილავს- Global Voices

“უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტის მიღებას თურქეთიც განიხილავს.

Global Voices-ის ინფორმაციით, კანონპროექტი თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს – დიდ ეროვნულ ასამბლეას 1 ივლისს წარედგინება.

დოკუმენტით, ფართოვდება ტერმინ “ჯაშუშობის” განმარტება და პირს, რომელიც “უცხოური გავლენის აგენტად” მიიჩნევა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

კრიტიკოსები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო წინადადების მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა და ის უბრალოდ კიდევ ერთ კანონიერ საბაბად იქცევა ხელისუფლებისთვის, რომ სამოქალაქო სექტორსა და საზოგადოებას შეუტიოს.

კანონპროექტი ითვალისწინებს პატიმრობას, მათ შორის, უვადო თავისუფლების აღკვეთას.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დაახშობს სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში, რომელიც ისედაც დაბალ ადგილს იკავებს თავისუფლებების გლობალურ ინდექსებში.

“კრიტიკოსები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ კანონპროექტი მიმართულია გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ“, – წერს Global Voices.

შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას – მაიკლ კარპენტერი

შეუძლებელია, რომ ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა ამ კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას ქვეყნის შიგნით. ეს ორი რამ არ არის თავსებადი, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა სურს, მას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს; ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ კანონის გაწვევაა.

„ძალიან მკაფიონი ვართ და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც მკაფიოდ გამოხატა მისი პოზიცია, რომ კანონპროექტი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს და ხელს უშლის მას გააკეთოს, ის რაც სამოქალაქო საზოგადოებას ძალუძს დემოკრატიულ სახელმწიფოში, რაც გულისხმობს ხელისუფლების ძალაუფლების შეკავების და გაწონასწორების უზრუნველყოფას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად საუბარი. მათ უნდა ჰქონდეთ შეკრების თავისუფლება. სწორედ ეს არის დემოკრატია. ეს კანონი მიდის რუსეთის საგარეო აგენტების კანონის მიმართულებით. ეს არის ის, რასაც ხშირად იყენებენ ავტოკრატიულ საზოგადოებებში სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შესაზღუდად. საქართველო ამას არ უნდა აკეთებდეს, თუ სურს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა.

ჩვენ გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ, იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე. მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ ანტიდასავლური რიტორიკით, რომელიც მოდის დღევანდელი ხელისუფლებისგან. ვგულისხმობ, თავდასხმებს დასავლეთზე, ომის პარტიაზე საუბარს. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია.

საქართველო დიდი ხანი იყო დემოკრატიის შუქურა რთულ, არადემოკრატიულ რეგიონში. ის რასაც ბოლო დროს ვხედავთ, სამწუხაროდ, საპირისპირო მიმართულებით სვლაა. რაც, ღიად რომ ვთქვათ, შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეიცვლება. რაც შეეხება თქვენს კითხვას, განვიხილავთ თუ არა სანქციებს ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ვერ გავახმოვანებ რაიმე ახალს დღეს თქვენთან. მაგრამ ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა სახის ზომებს. როგორც უკვე ვთქვი, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა, ამ კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას ქვეყნის შიგნით. ეს ორი რამ არ არის თავსებადი.

უცხოელი აგენტების შესახებ კანონი არის რუსული კანონის მსგავსი და საზოგადოებას არ აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით. ჩვენთვის ეს ღრმად შემაშფოთებელია. და თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა სურს, მას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ კანონის გაწვევაა“, – განაცხადა კარპენტერმა.

მისივე თქმით, ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება არის არსებითი საქართველოსთვის.

„თუ პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას არ ექნებათ საკუთარი ხედვების თავისუფლად წარმოჩენის შესაძლებლობა, თუ მათ შერაცხავენ უცხოური ძალის აგენტებად, ეს შექმნის იმგვარ კლიმატს, რომელიც ხელს შეუშლის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს კანონი ნაწილია ოქტომბრის არჩევნებამდე მიმავალი კლიმატისა, რომელიც, ვიმედოვნებთ, თავისუფალი და სამართლიანი იქნება, რადგან ჩვენ გვსურს დემოკრატიულ გზაზე მიმავალი საქართველო ვიხილოთ.

ჩვენ მოგვიწევს იმ მიმართულების შეფასება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული. არსებობს მრავალი ზომა, რომლის ამოქმედებაც შეგვიძლია. რაც ყველაზე მთავარია, ნატო-სა და ევროკავშირს მოუწევთ გადაფასება, განაგრძონ თუ არა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს, ისევე როგორც ჩემი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთან ჩვენი ქვეყნის პარტნიორობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კარპენტერმა.

პარტნიორობა იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობაა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთმიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას – გია აბაშიძე Politico-ს ინფორმაციაზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გამოცემა Politico-ს ინფორმაციაზე თქვა: “სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ნიშნავს უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას მუქარის გარეშე, გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა მიუღებელია.”

ანალიტიკოსის განცხადებით, პარტნიორობის ფუძემდებლურ პრინციპებში ულტიმატუმების, დათქმების და შეზღუდვების დაწესება ვერ წაადგება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას.

“ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს ორმხრივ შეთანხმებას ურთიერთქმედებასა და თანამშრომლობაზე გრძელვადიან საფუძველზე, ორმხრივი ინტერესის მრავალ სფეროში, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს. პარტნიორობა იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობაა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთმიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას.

ამ ფუძემდებლურ პრინციპებში ულტიმატუმების, მუქარის, დათქმების, შეზღუდვების დაწესება ვერანაირად წაადგება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას, რომელიც წარმოადგენს შეუჩერებელ პროცესს”, – წერს გია აბაშიძე.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 მაისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7536 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0262 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9639 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9940 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ0.0301 ლარი შეადგინა.